წითელი ვერსია
  • 7
  • 2080

ისევ კრიმინალი - ისევ „კურიერში“

15 დეკემბერი 2021

„’რუსთავი 2’ განაგრძობს სერიული სექსუალური მოძალადის დანაშაულებრივი ქმედებების მოკვლევას“ - ასე დაიწყო 14 დეკემბერს „კურიერის“ შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება, სადაც მაყურებელს უმძიმესი კრიმინალური დანაშაულის ახალი დეტალების შესახებ უამბეს.


საუბარია 13 დეკემბრის შემაჯამებელ „კურიერში“ ასევე პირველ თემად გაშუქებულ პედოფილიის შემთხვევაზე. სიუჟეტიდან სახელწოდებით „ძალადობა შვილებზე“ საზოგადოებამ შეიტყო, რომ მამაკაცი საკუთარი არასრულწლოვანი შვილების მიმართ სექსუალურ ძალადობაშია მხილებული.


„სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების ბებია „კურიერს“ შემზარავი დანაშაულის დეტალებს უყვება. ქალი ამბობს, რომ 9 და 12 წლის დებზე მამა ხშირად ძალადობდა. 40 წლამდე მამაკაცი პოლიციამ გასულ კვირას შვილების გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრა“ - გვიყვება ჟურნალისტი, რომელიც ამასთანავე აღნიშნავს, რომ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც ერთ-ერთი არასრულწლოვნის „შეყვარებული“ იყო.


14 დეკემბერს „კურიერმა“ მაყურებელს არასრულწლოვანი გოგონების დედასთან ჩაწერილი „ექსკლუზიური ინტერვიუ“ და ოჯახის სხვა წევრების კომენტარებიც შესთავაზა, ამ კომენტარებზე დაყრდნობით კი, თავის მხრივ, ჟურნალისტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, დაკავებული მამაკაცის მხრიდან პედოფილიის მსხვერპლი მხოლოდ საკუთარი შვილები არ იყვნენ და ამ საქმეში სხვა არაერთი დაზარალებული ბავშვიც გამოჩნდეს.


იმ ფონზე, როცა „კურიერის“ ცნობით ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და საქმეც ჯერ ძიების პროცესშია, გაუგებარია რა საფუძველი და მიზანი ჰქონდა ამგვარი ვარაუდის გამოთქმას, რომელიც განსაკუთრებით შოკისმომგვრელი იქნებოდა იმ ოჯახებისთვის, რომლებთანაც დაკავებულ მამაკაცს ჰქონდა შეხება.


რჩება შთაბეჭდილება, რომ „კურიერმა“ ამ შემთხვევაში ისედაც უმძიმესი დანაშაული მაქსიმალურად დამთრგუნველი ფორმით გააშუქა და ამის მიზეზი, სავარაუდოდ, საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და რეიტინგი იყო.


აღსანიშნავია, რომ შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვების დაწყება უკიდურესად სენსიტიური კრიმინალური ისტორიებით და მათი „სკანდალური“ ფორმით გადმოცემა „კურიერში“ საკმაოდ ხშირია და აშკარა ტენდენციის სახეს ატარებს. მაგალითისთვის შეგვიძლია გადავხედოთ „კურიერის“ გამხსნელ სიუჟეტებს თუნდაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სადაც ერთი წლის წინ მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე და ხუთი წლის წინ მომხდარი კრიმინალური დაპირისპირების ისტორიაზე გვიამბეს.


საგულისხმოა, რომ არცერთ ხსენებულ შემთხვევაში არ იკვეთებოდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და შესაბამისად, გაუგებარია ისიც, საერთოდ რატომ ანიჭებს „კურიერი“ უპირატესობას კრიმინალურ ამბებს ნაცვლად იმისა, რომ თავდაპირველად მოქალაქეებს დღის ისეთი მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ უამბოს, რაც მათ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ გარემოში ორიენტირებისთვის სჭირდებათ.


ხათუნა კიღურაძე
  • 7
  • 2080
0 Comments