წითელი ვერსია
  • 9
  • 3214

როდის და სად ვაშუქებთ კრიმინალს?

27 ნოემბერი 2021

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 25 ნოემბრის საღამოს შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება 5 წლის წინ მომხდარი კრიმინალური ისტორიით დაიწყო. „კურიერის“ წამყვანმა მაყურებელს აცნობა, რომ „გახმაურებული მკვლელობისთვის მსჯავრდებული, რომელიც წლებია, დუმილის უფლებით სარგებლობს, დუმილს ‘კურიერთან’ არღვევს.“


კურიერის“ ცნობით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ბადრი ნათობაძე (იგივე „ბადუკა“), რომელიც ამჟამად მკვლელობისთვის იხდის სასჯელს, „არ უარყოფს კავშირს ხუთი წლის წინ თბილისში მომხდარ გახმაურებულ დანაშაულთან, თუმცა, კატეგორიულად გამორიცხავს კავშირს ძმებ ფეიქრიშვილებთან, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ფიგურირებდნენ ცნობილი 'კრიმინალური ავტორიტეტის', სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეში.“


სიუჟეტში აგრეთვე მოთხრობილია რამდენიმე დღის წინ კიევში ირაკლი მალანიას მკვლელობის მცდელობის შესახებაც. 23 ნოემბერს „კურიერის“ მთავარი გამოშვება სწორედ ამ კრიმინალური შემთხვევით დაიწყო, ორი დღის შემდეგ კი გვაუწყეს, რომ „რესპონდენტი, რომელიც ხუთწლიანი დუმილის შემდეგ ‘რუსთავი 2’-თან ალაპარაკდა, ასევე უარყოფს ნოდარ ნიშნიანიძის (მსჯავრდებულის მეგობარი) კავშირს კიევში რამდენიმე დღის წინ მომხდარ მკვლელობის მცდელობასთან.“


აღსანიშნავია, რომ 25 ნოემბრის მთავარ გამოშვებაში მაყურებელმა მეორე ამბადაც მძიმე დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია მოისმინა. კერძოდ - გვაცნობეს მიმდინარე წლის თებერვალში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის საქმეში ბრალდებულთა შესახებ.


მაყურებლისთვის, რომელიც საგანგებოდ არ ადევნებდა თვალს ხსენებულ კრიმინალურ ისტორიებს, ბუნებრივია, რთული იქნებოდა ბადრი ნათობაძესთან დაკავშირებული სიუჟეტიდან არა მხოლოდ კონკრეტული ინფორმაციის მიღება, არამედ იმის გაგებაც, თუ რატომ დაიწყო 5 წლის წინ მომხდარი ამბით მთავარი საინფორმაციო გამოშვება, სადაც წამყვანის თქმით, საზოგადოებას „დღის მთავარი თემებისა და მოვლენების შესახებ უყვებიან“.


მანანა მჭედლიშვილი
  • 9
  • 3214
0 Comments