წითელი ვერსია
  • 4
  • 2818

ძალადობის რეკონსტრუქცია „კურიერში“

10 დეკემბერი 2021

8 დეკემბერს „რუსთავი 2“-ის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვების დაწყებისთანავე მაყურებელს ჯგუფური გაუპატიურების შესახებ უამბეს, რომელიც სიუჟეტის თანახმად, დაახლოებით ერთი წლის წინ, თბილისში მოხდა.


„ჯგუფური გაუპატიურების საქმიდან“ ირკვევა, რომ დანაშაულში ბრალდებულებს, რომლებიც ეგვიპტის მოქალაქეები არიან, ცხრათვიანი განხილვის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო მსხვერპლი ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მან საქართველო უკვე დატოვა.


გამოშვების წამყვანებმა სიუჟეტის ეთერში გასვლამდე აღნიშნეს, რომ საქმის მასალები ტელეკომპანიამ ექსკლუზიურად მოიპოვა, თუმცა მსხვერპლის ჩვენება ძალიან მძიმეა და „’რუსთავი 2’ თავს იკავებს ყველა დეტალის გასაჯაროებისგან“.


მიუხედავად ამისა, ჟურნალისტი სიუჟეტში ჯერ თავად გვიყვება, რომ ჩვენების მიხედვით ერთი მოძალადე მსხვერპლს აკავებდა, მეორე კი აუპატიურებდა, შემდეგ კი უშუალოდ ჩვენების ტექსტიც შემოგვთავაზეს, საიდანაც კიდევ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი.


სიუჟეტიდან გაურკვეველი დარჩა, თუ რა აუცილებლობა ან საჭიროება განაპირობებდა ძალადობრივი დანაშაულის განსაკუთრებულად სენსიტიური გარემოებების გასაჯაროებას და გაუგებარი დარჩა ისიც, თუ რატომ დაიწყო „კურიერმა“დღის მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ საზოგადოების ინფორმირება სწორედ აღნიშნული კრიმინალური შემთხვევით.


ფაქტია, რომ ამ კონკრეტული საქმის მიმართ არ არსებობდა აუდიტორიის განსაკუთრებული ინტერესი, ხოლო ახალი ამბების წარმოდგენისას მედიამ უნდა იხელმძღვანელოს სწორედ საჯარო ინტერესის პრინციპით და პრიორიტეტი მიანიჭოს ისეთ ინფორმაციას, რომელსაც ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს.


სიუჟეტში საზოგადოებამ ასევე იხილა ძალადობის სცენის ამსახველი ვიდეო რეკონსტრუქცია, რაც წინააღმდეგობაში მოდის „მაუწყებელთა ქცევის კოდექსთან“. კერძოდ, კოდექსში ვკითხულობთ, რომ მედიამ არ უნდა დაუშვას „სექსუალური სცენის, აგრეთვე, გაუპატიურების და სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკული გამოსახვა და გადაცემა 06.00 საათაიდან 24:00 საათამდე“.


ხათუნა კიღურაძე
  • 4
  • 2818
0 Comments