წითელი ვერსია
  • 0
  • 2099

უნდა ვიცავდეთ თუ არა ბავშვებს საშიში ინფორმაციისგან?

07 სექტემბერი 2020

ინფორმაციის მიღება და გავრცელება არასდროს ყოფილა ისე ადვილი, როგორც დღეს, თუმცა ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, პროგრესი და ახალი შესაძლებლობები ინფორმაციის სამყაროშიც ახალ საშიშროებებს წარმოშობს.


მაგალითად, დღეს, როცა ჩვენ გარშემო იმდენი ინფორმაციაა, რამდენიც არც ერთ სხვა ეპოქაში არ ყოფილა, სულ უფრო აქტუალური ხდება პიროვნების დაცვა იმგვარი ინფორმაციისგან, რომელიც მიზნად ისახავს მის მოტყუებას. შესაბამისად, სწორედ ახლა, ფაქტობრივად, ჩვენ თვალწინ, ყალიბდება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით იხვეწება ყალბ ამბებთან, იმავე „ფეიკ-ნიუსთან“ ბრძოლის მეთოდებიც. მაგრამ ინფორმაციის მოზღვავების ეპოქაში ადამიანს მხოლოდ „ფეიკ-ნიუსთან“ როდი უწევს გამკლავება.


რადიოს, ტელევიზიისა და, მოგვიანებით, ინტერნეტის განვითარებამ უზარმაზარ შესაძლებლობებთან ერთად ბევრი ახალი საფრთხეც გააჩინა. შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან ამოცანად იქცა საზოგადოების ემოციურად ყველაზე მოწყვლადი წევრების, ანუ ბავშვების დაცვა მათი ასაკისთვის შეუსაბამო ინფორმაციისგან.


კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ადამიანი ყველა ეპოქასა და კულტურაში გამოყოფდა ცოდნასა და ინფორმაციას, რომლის მიღებაც მხოლოდ ზრდასრულებს შეეძლოთ, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებმა ამ ინფორმაციის კონტროლი საგრძნობლად გაართულა. მაგალითად, „ტელერადიორევოლუციამდე“ სკოლამდელი ასაკის ბავშვის მშობლებს შეეძლოთ მეტ-ნაკლებად მშვიდად ყოფილიყვნენ მასობრივი ინფორმაციის იმდროინდელ მთავარ წყაროებთან − ჟურნალ-გაზეთებთან თუ წიგნებთან მიმართებაში, რადგან ამ წყაროებიდან ინფორმაციის მიღებას, სულ ცოტა, წერა-კითხვის ცოდნა მაინც ჭირდება, რაც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს იშვიათად თუ მოეპოვებათ.


ნაბეჭდი ან ხელნაწერი ტექსტისგან განსხვავებით, რადიოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიღება ბავშვს, ფაქტობრივად, ენის ადგმის მომენტიდანვე შეუძლია, ხოლო ტელევიზიით გადაცემული კადრების ნახვას და ამ გზით ინფორმაციის (ანუ, ზოგჯერ ემოციური შოკის) მიღებას, ფაქტობრივად, არ გააჩნია ბუნებრივი ან ინტელექტუალური „ქვედა ზღვარი“: ტექნიკურად ეს შესაძლებელია იმ მომენტიდან, როცა ბავშვი მხედველობის ორგანოებით გამოსახულების გარჩევას იწყებს.


სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ინტერნეტი, სადაც ინფორმაციის გამავრცელებლად შეიძლება მოგვევლინოს ნებისმიერი კერძო პირი, მათ შორის კი, როგორც ვიცით, შეიძლება იყვნენ დამნაშავეებიც, ან, უბრალოდ ისეთი ადამიანები, ვინც თავს ვალდებულად არ თვლის იფიქროს იმაზე, რა გავლენას მოახდენს მათ მიერ გავრცელებული ესა თუ ის ცნობა ბავშვის ფსიქიკაზე.


დღეს მსოფლიოში აღარავინ დავობს იმაზე, რომ ელექტრონული მედია ბავშვებისა და არასრულწლოვნებისთვის პოტენციურად საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების ჭრილში გარკვეულ წესებს უნდა დაექვემდებაროს. ეს წესები ადგენენ ბალანსს, ერთი მხრივ, საზოგადოების ზრდასრული ნაწილის შესაძლო ინტერესსა და, მეორე მხრივ, არასრულწლოვანთა დაცვის საჭიროებას შორის, განსაზღვრავენ ნორმებს, რომელთა დაცვითაც შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ ზრდასრულთათვის განკუთვნილი ინფორმაცია.


ამგვარი ბალანსი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაახლოებით ერთი და იმავე ლოგიკით ყალიბდება: ტელევიზიის შემთხვევაში განისაზღვრება დღე-ღამის დროის მონაკვეთები, როცა კონკრეტული ასაკობრივი კატეგორიის არასრულწლოვნებს, როგორც წესი, უკვე ძინავთ ან, შესაძლოა, არ ეძინოთ, მაგრამ, სავარაუდოდ, შინ ზრდასრულთა მეთვალყურეობის გარეშე არ უნდა იმყოფებოდნენ, და ამიტომ სწორედ დროის ამ ჩარჩოებშია დაშვებული მათთვის პოტენციურად საფრთხის შემცველი შინაარსის გავრცელება.


ამგვარი სქემა მოქმედებს მსოფლიოს ყველა განვითარებულ დემოკრატიაში და, ბუნებრივია, მსგავსი წესების ამოქმედება აუცილებელი იყო საქართველოშიც.


ევროსაბჭოს ექსპერტთა დახმარებით მომზადებულ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსში“ კომუნიკაციების კომისიამ ჯერ კიდევ 2009 წლის მარტში დაადგინა რეგულირებას დაქვემდებარებული ინფორმაციის ოთხი კატეგორია: (7+), (12+), (15+), (18+) და განსაზღვრა მათი განთავსებისთვის დასაშვები დროის მონაკვეთები. ცნობისთვის: კომისიის მიერ დადგენილი დროის მონაკვეთები სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ ჩარჩოებთან, ხოლო, ზოგ შემთხვევაში მათზე უფრო ლიბერალურია. მაგალითად, ტელევიზიით ყველაზე მეტად შეზღუდული (18+) შინაარსის გავრცელება საფრანგეთში დაშვებულია 00:00-დან 05:00-მდე, საბერძნეთში - 01:00-დან 06:00-მდე, ხოლო საქართველოში − 00:00-დან 06:00-მდე.


მიუხედავად იმისა, რომ ახალი წესები მაუწყებელთა ქცევის კოდექსშიც აისახა, 2009 წლიდან დღემდე ისინი, ფაქტობრივად, სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა, რადგან მათი აღსრულება და კონტროლი თავად მაუწყებლებს ეკისრებოდათ. ალბათ, სწორედ ამით უნდა აიხსნას, რომ განვლილი წლების მანძილზე ქართული მედიით არცთუ იშვიათად გავრცელებულა ბავშვებისა და არასრულწლოვანთათვის საფრთხის შემცველი და განსაკუთრებით საშიში ინფორმაცია, რაც არაერთხელ ქცეულა სკანდალისა თუ საზოგადოებრივი გულისწყრომის მიზეზად.


2020 წლის სექტემბრიდან სამაუწყებლო საშუალებებში ასაკობრივი ნიშანდების წესების დაცვის კონტროლი კომუნიკაციების კომისიის კომპეტენციაა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჯერ კიდევ 2019 წელს, ისეთ მასშტაბურ დოკუმენტზე მუშაობისას, როგორიც არის „ბავშვის უფლებების კოდექსი“. კოდექსის მიღების პარალელურად შესაბამისი ცვლილება შევიდა მაუწყებლობის შესახებ კანონშიც.


ბავშვის უფლებების კოდექსში, რომელიც ევროპელ ექსპერტებთან აქტიური თანამშრომლობითა და ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდა და რომელსაც, როგორც ცნობილია, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისგან, ცალკე მუხლი ეთმობა საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვას, რისი ვალდებულებაც კომუნიკაციების კომისიას ეკისრება. ვალდებულების სფერო კი მოიცავს როგორც ტელემაუწყებლებს, ისე ვებ-გვერდებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს არასრულწლოვანთა შორის საფრთხის მატარებელი ინფორმაციის გასავრცელებლად.


ასეთია იმ ახალი საკანონმდებლო რეალობის წინაისტორია, რომელიც ძალაში შევიდა ამ რამდენიმე დღის წინ, 1 სექტემბერს, რადგან 2019 წელს მიღებული ბავშვის უფლებების კოდექსი სწორედ ამ დღეს ამოქმედდა.


კოდექსის ამოქმედებას ცალკეული ოპოზიციური პარტიებისა და ოპოზიციური მედიასაშუალებების მხრიდან მოჰყვა კოორდინირებული საინფორმაციო იერიში კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ, თუმცა საზოგადოებამ, ფაქტობრივად, ვერაფერი მოისმინა, გარდა პიროვნული შეურაცხყოფისა და „ცენზურის საფრთხესთან“ დაკავშირებული დაუსაბუთებელი ეჭვებისა. ამასთან, გაუგებარია და წინასაარჩევნო პოლიტიკური მანიპულაციის შთაბეჭდილებას ტოვებს ისიც, რომ ასაკობრივ შეზღუდვებს დღეს აკრიტიკებენ ისინი, ვისაც მთელი ერთი წლის მანძილზე არა მხოლოდ სრული ინფორმაცია ჰქონდა კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ, არამედ ზოგ შემთხვევაში თავადაც ჩართული იყო მისი მომზადების პროცესში და აქამდე არავითარი კრიტიკული შენიშვნა არ გამოუთქვამს.


ევროპულმა პრაქტიკამ კარგა ხანია დაამტკიცა, რომ ასაკობრივი ნიშანდების წესების დადგენა და კონტროლი არავითარ საფრთხეს არ უქმნის სიტყვის თავისუფლებას და არაფერი აქვს საერთო ცენზურასთან. მსოფლიო მასშტაბით ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში დღეს სწორედ ევროპაა ლიდერი, სწორედ ევროპაში იცავენ ზედმიწევნით ასაკობრივი კატეგორიზაციის წესებს, თუმცა, ამავე დროს, იგივე ევროპა გვევლინება სიტყვის თავისუფლებისა და, მათ შორის, ოპოზიციური სიტყვის თავისუფლების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითადაც.


ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბავშვის უფლებების კოდექსის ამოქმედებას მოყოლილი საინფორმაციო აურზაური შეიძლება შევაფასოთ, როგორც ბანალური „შავი პიარის“ კამპანია, რომლის მიზანიც, სავარაუდოდ, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ნეგატიური ჩანაწერების პროვოცირება და არჩევნების პროცესში მედიის თვისუფლების ფაქტის ეჭვქვეშ დაყენებაა, რაც, ცხადია, უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზეც. თუმცა, ზოგ შემთხვევაში კრიტიკა, შესაძლოა, გულწრფელი დაბნეულობის შედეგიც იყოს, რადგან მედიამ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ყოველგვარი რეგულაციების გარეშე მუშაობდა, ხშირად თავადაც არ იცის და ვერ წარმოუდგენია მუშაობა ისე, რომ ნებსით თუ უნებლიეთ საფრთხე არ შეუქნას საზოგადოების ყველაზე მგრძნობიარე ნაწილს.



ფოტო ndtv.com


ზვიად ავალიანი
  • 0
  • 2099
0 Comments