წითელი ვერსია
  • 3
  • 7850

ბავშვთა პორნოგრაფიის კადრები „მთავარ არხზე“

22 ივნისი 2020

ბავშვთა ტრეფიკინგისა და პორნოგრაფიის დამზადების საქმეს, რომელსაც ქართული მედია გასული წლის სექტემბრიდან პერიოდულად აშუქებს და რომელიც ბოლო დროის ერთ-ერთი გახმაურებული, მძიმე დანაშაულია, ტელეკომპანია „მთავარი“ 21 ივნისს კიდევ ერთხელ მიუბრუნდა.


კერძოდ, მაყურებელმა გადაცემა „პოსტ ფაქტუმისთვის“ მომზადებული სიუჟეტიდან გაიგო, რომ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალები, რისი დამზადებისთვისაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფია დაკავებული, ინტერნეტსივრცეში ღიად ვრცელდება და ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.


ამასთან, ჟურნალისტის ცნობით, ინტერნეტში ასევე ღიად ვრცელდება არასრუწლოვანთა ფოტოები, სადაც მათი იდენტიფიკაცია მარტივადაა შესაძლებელი. „პორნომასალების ინტერნეტიდან ამოღება და გამავრცელებლების დასჯა“ კი, მათივე ინფორმაციით, არ მიმდინარეობს.


სიუჟეტში საუბარია იმაზეც, თუ რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ამ მასალის ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომობა, პირველ რიგში, თავად არასრულწლოვნებისთვის, თუმცა ამ შინაარსის ტექსტის პარალელურად, კადრებად სწორედ აღნიშნული მასალა არის გამოყენებული.


აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანთა სახეები კადრებში დაფარულია, თუმცა მასალა აშკარად გადაჭარებული დოზით იქნა მაყურებლისთვის მიწოდებული. სიუჟეტის ქრონომეტრაჟის თითქმის ნახევარი სწორედ პორნოგრაფიული ვიდეო და ფოტო მასალით არის შევსებული. ეს ერთი მხრივ მარტივად შესაძლებელს ხდის არასრულწლოვანთა ამოცნობას, ხოლო მეორე მხრივ ძნელი გასათვლელია, პრობლემის ამგვარი სკანდალური ფორმით გააქტიურებამ რა ნეგატიური ქმედებისკენ შეიძლება უბიძგოს კადრებში ასახულ მოზარდებს.


და ბოლოს - მედიის მხრიდან პორნოგრაფიული შინაარსის მქონე მასალის დიდი დოზით ჩვენება დანაშაულის რეკლამირებადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, რადგან არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ კადრების ტირაჟირებამ გამოიწვიოს მაყურებელთა დიდი ნაწილის ინფორმირება აღნიშნული კადრების ხელმისაწვდომობის შესახებ.


ხათუნა კიღურაძე
  • 3
  • 7850
0 Comments