წითელი ვერსია
  • 4
  • 8612

„უცენზურო“ მონოლოგი

03 სექტემბერი 2020

„მედიაკრიტიკა“ უკვე რამდენჯერმე გამოეხმაურა ქართულ ტელესივრცეში დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომელიც ჟურნალისტისა და წამყვანის მხრიდან უკიდურესად მიკერძოებული შესავლის, იგივე „მონოლოგის“ წარმოთქმაში გამოიხატება.


ქართველი ტელეწამყვანების მონოლოგები, როგორც წესი, არა ჟურნალისტის გამხსნელ სიტყვას, არამედ პოლიტიკური პარტიის ლიდერის მიერ საპროტესტო აქციაზე გაკეთებულ განცხადებებს უფრო გვაგონებს, რომელსაც ყველა საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მყარი პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული და მისი ამოცანა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაარწმუნოს ამ პოზიციის მართებულობაში.


ჟურნალისტის მიერ ამგვარი, პროპაგანდისტული სტილის არჩევის შემთხვევაში, მაყურებელი ცხადია მოკლებულია პოზიციათა შედარების ან ანალიზის გაკეთების საშუალებას და იძულებულია უპირობოდ გაიზიაროს ის, რასაც ჟურნალისტისგან ისმენს ან ტელევიზორის გადამრთველზე სხვა ღილაკი მოძებნოს.


სწორედ ასეთი მონოლოგი მოისმინა „მთავარი არხის“ მაყურებელმა 2 სექტემბერს გადაცემაში „დღის სტუმარი“, სადაც 1 სექტემბრიდან ქვეყანაში ამოქმედებული „ბავშვთა უფლებების კოდექსი“ გააკრიტიკეს. აი რამდენიმე ამონარიდი წამყვანის მონოლოგიდან:


„მედიაცენზურა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა კანონის სახელით. უკვე მეორე დღეა 21-ე საუკუნის საქართველოში ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელიც ცენზურას პირდაპირ აკანონებს და მედიას ისეთ მოთხოვნებს უყენებს, რომლებიც პირდაპირ ზღუდავს მის თავისუფლებას... კომუნიკაციების კომისიამ, პანდემიის პირობებში, როდესაც ადამიანების ყურადღება ახალ კორონავირუსთან ბრძოლაზე იყო გადართული, სახიფათო ცვლილებები პარლამენტში 21 მაისს გააპარა. თუკი მაუწყებლები ახალი კანონით დაწესებულ აბსურდულ მოთხოვნებს არ დაემორჩილებიან, სანქცია უკიდურესად მკაცრია, წარმოუდგენლად მკაცრიც კი... მედიას კი საკუთარი უფლებების დაცვა დღევანდელ სასამართლოში მოუწევს, შედეგი კი ჩვენი მაყურებლისთვის ადვილად წარმოსადგენია“.


შეგახსენებთ, რომ ეს სიტყვები არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, არამედ თავად წამყვანს, ანუ ჟურნალისტს ეკუთვნის, რომელმაც გადაცემის დაწყებამდე უკვე ყველაფერი „იცის“. მას ფაქტობრივად ყველა კითხვაზე აქვს პასუხი და შესაბამისად, გაურკვეველი მხოლოდ ის რჩება, საერთოდ რა საჭიროა ასეთ შემთხვევაში გადაცემა, რომელიც, ალბათ რთული წარმოსადგენი არ არის თუ როგორ წარიმართებოდა ამგვარი შესავალი სიტყვის ფონზე.


ცნობისთვის, 1 სექტემბრიდან საქართველოში „ბავშვთა უფლებების კოდექსი“ ამოქმედდა, რომელიც ინტერნეტსა და მედიაში ბავშვებისთვის და არასრულწლოვანთათვის პოტენციურად საფრთხის შემცველი მასალის გავრცელების პირობებს არეგულირებს. კოდექსის თანახმად, მაუწყებლები ვალდებულები არიან საკუთარი ბადე ისე დაგეგმონ, რომ კონკრეტული ასაკობრივი კლასიფიკაციისა და შეზღუდვის მქონე მასალები მხოლოდ მათთვის დასაშვებ დროში განთავსდეს.


ხათუნა კიღურაძე
  • 4
  • 8612
0 Comments