წითელი ვერსია
  • 0
  • 2656

ვიოლა ფონ კრამონის „განსხვავებული აქცენტები“

03 აპრილი 2021

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის არაოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც 31 მარტს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებით დაიწყო, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ქართულ მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემა იყო.


ამასთან, ევროპარლამენტარის მნიშვნელოვანი გზავნილების შერჩევითი კონტექსტით გაშუქებამ, რაც პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების შემთხვევაში, სამწუხაროდ, უკვე დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა, კიდევ ერთხელ ცხადყო პოლიტიკური მიკერძოების მაღალი დონე და პოზიციების მკვეთრი პოლარიზება წამყვან მედიასაშუალებებში.


ამ რეალობის საილუსტრაციოდ საინტერესო იქნება დავაკვირდეთ თუნდაც ორი რეიტინგული ტელეკომპანიის - „იმედისა“ და „მთავარი არხის“ სარედაქციო სტრატეგიას იმ ჭრილში, თუ როგორ გააშუქეს მათ კრამონის შეფასებები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ.

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებას არ უნდა ძალაუფლების გაზიარება“... „მმართველ პარტიას ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს“, - ეს აქცენტები აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი „მთავარი არხისთვის“ ევროპარლამენტარის განცხადებებში, რომლებიც რედაქციამ საკუთარი აუდიტორიისთვის შეარჩია.

განსხვავებული აქცენტებით გაეცნო საზოგადოება ინფორმაციას კრამონის მიერ იმავე თემაზე გაკეთებული განცხადებების შესახებ „იმედის“ „ქრონიკის“ ეთერში და ვებგვერდზე imedinews.ge:

„თუ ვმონაწილეობ არჩევნებში და შემდეგ არ შევდივარ პარლამენტში, ფაქტობრივად, ჩემს ამომრჩეველს ვღალატობ“... „რა შუაშია საერთოდ გიორგი რურუა, ვისურვებდი, რომ ოპოზიცია თავიდანვე შესულიყო პარლამენტში“.

ამ აქცენტებში ნათლად იკითხება, რომ „მთავარი არხისთვის“ ყველაზე სასურველი და, შესაბამისად, საინტერესო ინფორმაცია არის ხელისუფლების კრიტიკა, ხოლო „იმედის“ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ გზავნილებს, სადაც საუბარია ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე და ქუჩიდან ხელისუფლების შეცვლის მიუღებლობაზე.


ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ „მთავარი არხის“ მიერ 1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის ტექსტში მკითხველს აქვს საშუალება გაეცნოს ოპოზიციის კრიტიკასაც კრამონის მხრიდან.


აღსანიშნავია ისიც, რომ „იმედმა“ ევროპარლამენტარის გზავნილები ტელეკომპანია „ფორმულაზე“ დაყრდნობით გაავრცელა, რომელიც „მთავარი არხის“ მსგავსად, ანტისახელისუფლებო რიტორიკით გამოირჩევა, თუმცა ზემოხსენებული განცხადებები კრამონმა სწორედ „ფორმულის“ პირდაპირ ეთერში, კერძოდ - გადაცემა „კომენტარში“ სტუმრობისას გააკეთა.


ეს ფაქტები ქმნის განცდას, რომ მედიაპლურალიზმის პირობებში, თავიანთი სარედაქციო სტრატეგიის მიუხედავად, ცალკეული მედიასაშუალებები მაინც ვერ ახერხებენ ცალმხრივი საინფორმაციო ფონის შექმნას ქვეყანაში, თუმცა მაყურებელს ნამდვილად გაუჭირდებოდა სრულყოფილი ინფორმაციის მიღება და ობიექტური დასკვნის გაკეთება ევროპარლამენტარის მოსაზრებებთან დაკავშირებით, თუკი ის დასახელებული ტელეარხებიდან მხოლოდ ერთ-ერთზე გააკეთებდა არჩევანს.


ცნობისთვის: მედიაკრიტიკა რამდენჯერმე გამოეხმაურა პრობლემას, რომელიც ერთი და იგივე პროცესის ან ფაქტის რადიკალურად განსვავებული აქცენტებით გაშუქებაში მდგომარეობს და რაც მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების დროს განსაკუთრებულად შესამჩნევი ხდება.


გასულ კვირაში ამაზე მიანიშნებდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის, ჯორჯ კენტის განცხადებების სხვადასხვა კონტექსტით გაშუქებაც, რამაც ქართულ საზოგადოებაში მხოლოდ კითხვის ნიშნები გააჩინა.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 2656
0 Comments