წითელი ვერსია
  • 1
  • 3780

ჯორჯ კენტის გაორება ქართულ მედიაში

25 მარტი 2021

მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები და მათთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოხმაურებები ყველაზე თვალსაჩინოდ უსვამს ხაზს ქართული მედიის ღრმა პოლარიზაციას.


ქართული მასმედიისთვის დამახასიათებელმა სწორედ ამ თავისებურებამ განაპირობა ის, რომ 23 მარტს, აშშ-ის სენატში გამართული მოსმენისას გაჟღერებული მნიშვნელოვანი გზავნილები სხვადასხვა ტელევიზიის მაყურებლებმა რადიკალურად განსხვავებულ კონტექსტში მოისმინეს.


ამ წინააღმდეგობამ, ცალმხრივობამ და შეუსაბამობამ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცნობებს შორის, ერთი მხრივ, კვლავ დაადასტურა საკვანძო მედიასაშუალებების მხარდაჭერა მათი ფავორიტი პოლიტიკური ჯგუფების მიმართ, ხოლო მეორე მხრივ, ამგვარი გაშუქებით მედიამ, ფაქტობრივად, არ მისცა მაყურებელს ობიექტური დასკვნების გამოტანის საშუალება.


შეგახსენებთ, რომ 23 მარტს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის სხდომაზე სენატორებმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეებმა საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.


ამერიკელმა კანონმდებლებმა და დიპლომატებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციული დიალოგის აუცილებლობას, ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნების მნიშვნელობას და ინსტიტუციური რეფორმების გაგრძელების საჭიროებას.


სენატში ასევე შეეხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხსაც, რაც ქართულ მედიაში განსაკუთრებულად წინააღმდეგობრივი აქცენტებით გაშუქდა.


ამ წინააღმდეგობის თვალსაჩინო ილუსტრაციად შეიძლება ჩაითვალოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის, ჯორჯ კენტის მაგალითი, რომელიც 24 მარტს ქართული საზოგადოების წინაშე ორი რადიკალურად განსხვავებული სახით წარსდგა.


როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციური ტელემედიისთვის, რომელიც ღიად ეწევა ნიკა მელიას გათავისუფლების პროპაგანდას, ჯორჯ კენტის განცხადებებიდან მნიშვნელოვანი ის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც აღნიშნულ პოზიციას გარკვეულწილად ეხმიანება.


ამის გამო „მთავარი არხის“ აუდიტორიამ მოისმინა და წაიკითხა ჯორჯ კენტის მხოლოდ ის ფრაზა, სადაც ის ამბობს რომ „ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებამ კრიზისი გაამწვავა. მისი დაკავება იყო უკან გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის... როგორც საქართველოს მოკავშირემ და მეგობარმა, აშშ-მა გულწრფელად უნდა ისაუბროს მაშინ, როცა ქართველი ლიდერები, განსაკუთრებით კი მმართველი პარტიიდან, ქართველი ხალხის არჩეული გზიდან გადახვევას იწყებენ“.


იმავე დღეს, აღნიშნული თემის კონტექსტში რადიკალურად სხვა ჯორჯ კენტი იხილა „იმედის“ მაყურებელმა. ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებებსა და ონლაინპლატფორმა „იმედინიუსზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამშემწე მხოლოდ მელიას მხრიდან კანონის დარღვევაზე საუბრობს: „ბატონმა მელიამ დაარღვია მისი პირობითი გათავისუფლების პირობა და მოიხსნა სამაჯური. კანონის უზენაესობას პატივი უნდა სცეს ყველა ლიდერმა... არავინ არ არის უდანაშაულო ამ სიტუაციაში, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გამოვძებნოთ და გამოვიდეთ ჩიხიდან“.


აღსანიშნავია, რომ ორივე ზემოხსენებული განცხადების ავტორი მართლაც ჯორჯ კენტია, რომელიც, სავარაუდოდ შეეცადა მაქსიმალურად ობიექტური და დაბალანსებული ყოფილიყო, რისი მცდელობაც, სამწუხაროდ, ქართულ მედიას არ ჰქონია.


ხათუნა კიღურაძე
  • 1
  • 3780
0 Comments