წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 1
  • 3004

რა ხდება აფხაზეთში?

19 აგვისტო 2020

ქართულ მედიაში აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები ძალიან „ძუნწად“ ან, შეიძლება ითქვას, რომ ხშირად საერთოდაც არ შუქდება. წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიები და კონკრეტულად აფხაზეთი მედიაში უფრო სიმბოლური, ისტორიული თარიღებისა და მოვლენების შეხსენების ფორმით აქტიურდება და მაყურებელმაც უკვე წინასწარ იცის, რომ კონკრეტულ დროს მას შეახსენებენ აფხაზეთის ომის დაწყებას, სოხუმის დაცემას, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა თუ დაღუპული გმირების ხსოვნის დღეებს და ა.შ., თუმცა რა ხდება აფხაზეთში უშუალოდ დღეს და რა სოციალურ-პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს თავად აფხაზურ საზოგადოებაში, ამის შესახებ ქართველი მკითხველი თუ მაყურებელი ინფორმაციას ძალიან იშვიათად იღებს.


არადა ამ პროცესების გაშუქებას, ბუნებრივია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ აფხაზეთში მცხოვრები ქართველების მდგომარეობის გაცნობის კუთხით, არამედ აფხაზურ საზოგადოებასთან დიალოგისა და შერიგების სამომავლო პერსპექტივების ძიების თვალსაზრისითაც.


მიუხედავად ამისა, ქართული მედიის უდიდესი ნაწილი ხშირად ყურადღების მიღმა ტოვებს ისეთ მოვლენებსაც კი, რომლებიც უშუალოდ ეხება გალის რაიონში მცხოვრები ქართული მოსახლეობის უფლებებს.


მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, კონკრეტულად - 13 აგვისტოს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ ანქვაბმა გალის რაიონში მცხოვრები ქართველებისთვის „აფხაზური პასპორტებით“ სარგებლობის შესაძლებლობაზე განაცხადა, რასაც მეორე დღესვე მოჰყვა აფხაზი ვეტერანების ორგანიზაცია „არუაა“-ს პროტესტი. მათ დე ფაქტო პრემიერი „საქართველოს ინტერესების ლობირებაში“ დაადანაშაულეს. ინფორმაცია ამის შესახებ ქართულ მედიაში მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდსა და რამდენიმე ონლაინ პლატფორმაზე გავრცელდა.


18 აგვისტოს ალექსანდრ ანქვაბი საგანგებოდ გამოეხმაურა ვეტერანების ორგანიზაციის პროტესტს და საკუთარი პოზიცია გალში მცხოვრები ქართული მოსახლეობის სტატუსთან დაკავშირებით ასე ჩამოაყალიბა:


თუ სწორი გადაწყვეტილება იყო ქვეყნის სამ რეგიონში მცხოვრები ქართველი ეროვნების ადამიანებისთვის პასპორტების ჩამორთმევა, მაშინ როგორ უნდა ავხსნათ ის ფაქტი, რომ ამ კატეგორიის თითქმის 2 400 მოქალაქეს გაუხანგრძლივდა აფხაზური საერთაშორისო პასპორტების მოქმედება და ბევრ მათგანზე გაიცა ფორმა №9 (იგივე პასპორტი) მოქალაქეობის შესახებ კანონში შეტანილი ცნობილი ცვლილების შემდეგ? რატომ იღებს გალის რაიონის დაახლოებით 4700 მცხოვრები აფხაზურ პენსიას? რატომ იღებს „საქართველოს მოქალაქეებით“ დასახლებული რეგიონი ყოველწლიურად 129-დან 172 მილიონამდე რუბლის დოტაციას? ვის აფინანსებს სახელმწიფო?‘’.


ცნობისათვის, აფხაზეთის დე ფაქტო კანონმდებლობა არ ცნობს ორმაგ მოქალაქეობას და აფხაზური საზოგადოების ნაწილი (მათ შორის ორგანიზაცია „არუაა“) ეწინააღმდეგება გალის რაიონის ქართული მოსახლეობისთვის აფხაზეთის დე ფაქტო „მოქალაქეობის“ მინიჭებას იმ არგუმენტით, რომ ისინი ამავე დროს საქართველოს მოქალაქეები არიან.


ეს მდგომარეობა, ცხადია, პირდაპირ აისახება გალისა და მიმდებარე რაიონებში მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებებზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აფხაზურ საზოგადოებაში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს დისკუსია, თუმცა ქართული მედიის უდიდესი ნაწილისთვის არც თავად დისკუსია და არც უშუალოდ ბოლო განცხადებები საინტერესო არ აღმოჩნდა.


შეგახსენებთ, რომ მედიაკრიტიკა გასულ თვეში უკვე გამოეხმაურა აფხაზურ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს, როდესაც დე ფაქტო ხელისუფლების ყოფილი პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა. აფხაზეთის მკვლევართა აზრით, ამ დანიშვნით აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში კიდევ უფრო გაძლიერდა გუნდი, რომელიც ქართული მხარისა და ზოგადად, ქართული საკითხის მიმართ უფრო კონსტრუქციული დამოკიდებულებით ხასიათდება.


ხათუნა კიღურაძე
  • 1
  • 3004
0 Comments