წითელი ვერსია
  • 2
  • 2722

როდის გვახსენდება აფხაზეთი?

30 ივლისი 2020

კრიმინალზე ორიენტირებული ქართული ტელემედია ძალიან იშვიათად პოულობს დროს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტების თემის გასაშუქებლად. ეს მიმართულება ტელევიზიების ყურადღებას კვლავაც მხოლოდ იმ შემთხვევაში იმსახურებს, თუ გამყოფ ხაზზე ე.წ. საზღვრის ახალი ბანერები გაჩნდება ან რამე სხვა ინციდენტი დაფიქსირდება.


ამბები იმის შესახებ, თუ რა ხდება და რა პოლიტიკური თუ სხვა ხასიათის პროცესები მიმდინარეობს თავად ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც შესაძლოა სწორედ კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით იყოს მნიშვნელოვანი, როგორც წესი, ქართული ტელემედიისთვის შეუმჩნეველი რჩება.


მაგალითად, 28 ივლისს ახალი ამბების აფხაზურმა სააგენტომ „აპსნიპრესმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დე ფაქტო ხელისუფლების ყოფილი საგარეო საქმეთა და პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა. რომელიმე დე ფაქტო თანამდებობაზე დანიშვნა თითქოს ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, თუმცა, როდესაც საუბარი ერთ-ერთ საკვანძო პოზიციას და ისეთ ფიგურას ეხება, რომელიც ქართულ მხარესთან მიმართებაში ნაკლები კონფრონტაციულობით ხასიათდება, დაინტერესებული მედია აუცილებლად იპოვიდა ამბის საინტერესო კუთხეს.


რეალურად, ამ დანიშვნით აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში კიდევ უფრო გაძლიერდა ის გუნდი, რომელსაც არაერთხელ გამოუთქვამს მოსაზრება პირდაპირი დიალოგის საჭიროების შესახებ. ამ გუნდში არიან როგორც თავად დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, ისე დე ფაქტო უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი სერგეი შაბმა. იგი ქართული მედიისთვის კარგად ცნობილი ფიგურაა. შამბასთან მოკლე სატელეფონო ინტერვიუ წლის დასაწყისში „მთავარმა არხმაც“ ჩაწერა და ინტერვიუს დროს ყურადღება სწორედ პირდაპირი დიალოგის საკითხზე გაამახვილა.


„საჭიროა დიალოგის დაწყება იმისთვის, რომ დალაგდეს ნორმალური ურთიერთობები. მე ამის მომხრე ვარ, იმის ნაცვლად, რომ გაგრძელდეს ასეთი კონფრონტაცია, როგორიც დღესაა... უნდა დავსხდეთ და დავიწყოთ დიალოგი სხვადასხვა ფორმით“, - თქვა სერგეი შამბამ „მთავარ არხთან“ საუბრისას.


იმ დროს იგი ჯერ კიდევ ოპოზიციაში იყო, ხოლო ამჟამინდელი დე ფაქტო თანამდებობა მისი მოსაზრებებისა და პოზიციის მნიშვნელობას გაცილებით ზრდის. მიუხედავად ამისა, სიახლე აფხაზეთიდან მხოლოდ ონლაინმედიამ გააშუქა, ხოლო ტელევიზიებს მოკლე ინფორმაციაც კი არ გადაუციათ არც ერთ საინფორმაციო გამოშვებაში.


აღსანიშნავია, რომ მედიას უდავოდ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ამა თუ იმ თემის გააქტიურების პროცესში, ხოლო კონფლიქტის შემთხვევაში მედია შესაძლოა გარკვეულწილად მედიატორიც კი გახდეს მხარეებს შორის პოზიციების გაცნობისა და კონსტრუქციული დისკუსიის დაწყების თვალსაზრისით.

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ქართული ტელევიზიები ჯერ-ჯერობით სრულიად სხვა პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრობენ.


მანანა მჭედლიშვილი
  • 2
  • 2722
0 Comments