წითელი ვერსია
  • 3
  • 2621

პროპაგანდისტული ტიტრების „ტრენდი“ ტელემედიაში

24 თებერვალი 2021

ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გამწვავებული პოლიტიკური პოლარიზაცია აისახება არა მხოლოდ მაუწყებლობის შინაარსზე, არამედ უკვე ფორმაზეც, რომელიც სულ უფრო პროპაგანდისტულ ელფერს იძენს.


ამის მკაფიო მაგალითი საზოგადოებამ ჯერ კიდევ 18 თებერვალს იხილა, სადაც რამდენიმე ტელეარხმა, მაყურებლის ემოციაზე ზემოქმედებისთვის, მანიპულაციური ტიტრები გამოიყენა.


როგორც შემდგომ განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, ტიტრები ქართული ტელემედიისთვის, შესაძლოა, კიდევ ერთ გამოწვევად იქცეს, რადგან 18 თებერვლის ისტორია არ აღმოჩნდა გამონაკლისი შემთხვევა.


მსგავს მანიპულაციურ ფორმას 23 თებერვალს ტელეკომპანია „პოს TV“-მ მიმართა, რომელმაც დღის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში ოპოზიციის ლიდერებს „რეგალია“ გახმაურებული პოლიტიკური თუ სამართლებრივი შეფასებების მიხედვით განუსაზღვრა.


მაგალითად, სიუჟეტშიოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები“, სადაც ტელეკომპანიამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში მყოფ სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან დაპირისპირებები შეახსენა, ტიტრებში, სახელისა და გვარის შემდეგ, პოლიტიკოსების სტატუსი შეფასებითი, დამამცირებელი და არაეთიკური ფორმით იყო შედგენილი:


„გიგი უგულავა - მსჯავრდებული 50 მილიონის მითვისების საქმეზე“;


„ნინო ბურჯანაძე - ამართლებდა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევას“;


„ირაკლი ოქრუაშვილი - 20-21 ივნისის მასობრივი ძალადობის ორგანიზებისთვის მსჯავრდებული“;


„შალვა ნათელაშვილი - ფანჩატურის მეპატრონე“.


იმავე საინფორმაციო გამოშვების მომდევნო სიუჟეტში - „სააკაშვილის კიდევ ერთი მარცხი“, ანალოგიურ სტილში გადაწყვეტილი „რეგალია“ იხილა მაყურებელმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაშიც.


კერძოდ, სააკაშვილის ვიდეოჩანაწერის ჩვენების დროს ეკრანზე ვხედავთ წარწერას: „მიხეილ სააკაშვილი - სისხლის სამართლის დამნაშავე“.


მიუხედავად იმისა, რომ ეს შეფასება შესაძლოა პირდაპირ გამომდინარეობდეს ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებისგან და ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იზიარებდეს მას, საინფორმაციო გამოშვების ფორმატში ამგვარი ტიტრის გამოყენება აგრესიული პოლიტიკური პროპაგანდის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც ახალი ამბების ფორმატში განსაკუთრებით არაეთიკურად გამოიყურება.


ცნობისთვის, აღნიშნულ სიუჟეტებში მანიპულაციური ტიტრების გამოყენებას წინ უძღოდა ტელეკომპანიის ხელმძღვანელის, ლაშა ნაცვლიშვილის განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ 23 თებერვლიდან „პოს TV“ „მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადადის“.


ხათუნა კიღურაძე
  • 3
  • 2621
0 Comments