წითელი ვერსია
  • 0
  • 4322

„ტიტრების ომი“ ქართულ ტელემედიაში

18 თებერვალი 2021

პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც ქართულ მედიაში კრიტიკული მომენტების დროს კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება, ბოლო დღეების ახალი ამბებისთვისაც მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო.


ნიკა მელიას საქმემ და, განსაკუთრებით, სასამართლო პროცესმა, რომელიც 17 თებერვალს გაიმართა, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ გამიჯნა ტელეკომპანიები პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით.


კერძოდ, თუ ოპოზიციური არხები ცდილობდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისგან „წამებული გმირის“ ხატი შეექმნათ და მის დასაცავად „ახალი ეროვნული მოძრაობის“ დაწყებაც კი დააანონსეს, ის ტელეკომპანიები, რომლებიც ამ პროცესში ხელისუფლების მხარეს იდგნენ, აქტიურად გვარწმუნებდნენ, რომ მელიამ „საკუთარი თავი გამოუვალ ჩიხში თვითონ შეიყვანა“, რაც „უპასუხისმგებლო მოქმედებებისა და მოწოდებების“ შედეგია.


აღნიშნული დაპირისპირების კულმინაცია აღმოჩნდა ტიტრები, რომლებიც დაპირისპირებულმა მედიასაშუალებებმა, უშუალოდ, 17 თებერვალს სხვადასხვა გადაცემაში გამოიყენეს. ასე, მაგალითად, ტელეკომპანია „იმედის“ „დღის ქრონიკა“ მაყურებელს ალბათ უპირველეს ყოვლისა დაამახსოვრდა ტიტრით „მელიას დასასრული“, რაც სიტუაციის ობიექტურ აღწერად ან მიუკერძოებელ ინფორმირებად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.


საგულისხმოა, რომ გადაცემის წამყვანი ცდილობდა ანალიტიკურად აეხსნა, რომ მელიას პოლიტიკური კრახი, ანუ „დასასრული“ გარდაუვალია მისივე მოქმედებებიდან გამომდინარე და სავარაუდოდ, ამ დასკვნის ილუსტრირებას ემსახურებოდა ზემოაღნიშნული წარწერაც, რომელიც გადაცემის დასრულებამდე ეკრანიდან არ წაშლილა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ იყო სიტუაციის ადეკვატური და 17 თებერვალს შექმნილი საინფორმაციო ფონის გათვალისწინებით, მაყურებელში არა ანალიტიკის, არამედ უფრო პირდაპირი პროპაგანდის შთაბეჭდილება დატოვა.


დაახლოებით, იგივე პათოსით გაშუქდა სიუჟეტი ნიკა მელიაზე ტელეკომპანია "პოსტ TV"-ის 19:00 საათიან „ახალ ამბებშიც“, სადაც სიუჟეტს ტიტრად გასდევდა წარწერა „რა განაჩენი გამოუტანა მელიამ თავს“.


აღსანიშნავია, რომ „იმედის“ ტიტრი ჯერ კიდევ დღის განმავლობაში გახდა საზოგადოების განსჯისა და კამათის საგანი, თუმცა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ნიკა მელიას მიმართ ვერდიქტი გამოაცხადა, დღის განმავლობაში გამოყენებული ყველა მანიპულაცია „გადაფარა“ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ტიტრებმა.


გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე „მთავარი არხის“ ეკრანზე გაჩნდა წარწერა „დიქტატურა დამყარდა!“, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, რომელიც პირდაპირ ეთერში ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა, ტელეკომპანიამგიორგი გავრილოვად“ წარადგინა.


იგივე მანიპულაციური ტიტრი იქნა გამოყენებული ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შემთხვევაშიც. „მამუკა გავრილოვი“ - ასე დაეწერა კადრს, როცა მდინარაძემ თავის კოლეგასთან დაკავშირებული დამამცირებელი მოპყრობა გააპროტესტა.


ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, ასევე, განსაკუთრებული ტენდენციურობით გამოირჩეოდა 16 თებერვალს, ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციის“ წამყვანი.


ინგა გრიგოლიამ საკუთარ მონოლოგში ჯერ მმართველი გუნდი მელიას „პარლამენტიდან გაგდებისთვის“ მკაცრად გააკრიტიკა და საქმეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას დააკისრა, ბოლოს კი ხელისუფლების უფრო მეტად დასაკნინებლად, ეთერში ორწუთნახევრიანი ვიდეოკლიპი გაუშვა, სადაც საბჭოთა პროპაგანდისტული სიმღერის - „დიდება პარტიას“ ფონზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ამჟამინდელი და ლეონიდ ბრეჟნევის ეპოქის კადრები ერთად იქნა ნაჩვენები.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 4322
0 Comments