წითელი ვერსია
  • 0
  • 5624

პოლიციის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა

18 ივლისი 2020

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ობიექტური ინფორმაციის მიღება, თუმცა როგორც წესი, სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში ხდება აუდიტორია უფრო ხშირად დაუზუსტებელი ან არასწორი ინფორმაციის მსხვერპლი.


მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიებში, სადაც მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციის ისე გაშუქება, რომ ამა თუ იმ სამთავრობო უწყების ან პოლიციის თანამშრომელთა მიმართ საზოგადოებას უნდობლობა ჩამოუყალიბდეს.


ასეთი ინფორმაცია მიიღო მაყურებელმა 17 ივლისს, „მთავარი არხის“ შემაჯამებელ გამოშვებაში, სადაც ნაჩვენები იყო მობილური ტელეფონით გადაღებული კადრები მარნეულის ერთ-ერთი სოფლიდან.


გამოშვების წამყვანის ცნობით, სოფელში სამართალდამცველები ერთ-ერთ ოჯახში ჩხრეკას აწარმოებდნენ, რასაც ინციდენტი და ხმაური მოჰყვა. მისივე განცხადებით, „ადგილობრივები პოლიციას მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ბრალდებულის მეზობელმა დაინახა, როგორ დადო სამართალდამცველმა მაგიდაზე ნარკოტიკი“.


თავდაპირველად, მაყურებელს ეს ინფორმაცია „მთავარმა“ ანონსის სახით მიაწოდა და შემთხვევის ადგილიდან პირდაპირ ჩართვასაც დაპირდა, რა დროსაც „უფრო დეტალურად“ უნდა ესაუბრათ „რა გადაცდომას ჰქონდა ადგილი პოლიციის მხრიდან“, თუმცა, დაანონსებული ჩართვის ნაცვლად, მოგვიანებით ისევ გამოშვების წამყვანმა გვაუწყა, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ სკანდალში ეხვევა“. ამის შემდეგ მაყურებელი ხედავს ისევ მობილური ტელეფონით გადაღებულ კადრებს მარნეულიდან, სადაც არის ხალხმრავლობა და ხმაური, კადრში ჩანს მამაკაცი ზურგით, რომელიც ზის მაგიდასთან და ხელს მაგიდის ქვეშ შეაცურებს.


მაყურებელი კადრში ვერ ხედავს, რა უჭირავს ან საერთოდ უჭირავს თუ არა ხელში რამე აღნიშნულ პირს. კადრის მიხედვით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ზურგით მჯდომი პიროვნება მაგიდის ქვეშ რაღაცას ეძებს.


მიუხედავად იმისა, რომ „ნარკოტიკების ჩადებასთან“ დაკავშირებით აღნიშნული მედიასაშუალება მხოლოდ ადგილობრივების ბრალდებას ეყრდნობა, ჟურნალისტების მხრიდან ეს ბრალდება შეფასდა, როგორც ფაქტი, „პოლიციელის მხრიდან გადაცდომა“ და „შს სამინისტროს ახალი სკანდალი“.


აღსანიშნავია, რომ „მთავარს“ ინფორმაციის გადამოწმებისთვის ან კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არც კი მიუმართავს. მაყურებელი მხოლოდ ადგილობრივი საკრებულოდან „ევროპული საქართველოს“ წევრის, ახმედ იმამკულიევის კომენტარს ისმენს, რომელიც აცხადებს, რომ „ვიდეოჩანაწერში ჩანს პირდაპირ, მათ უნდოდათ, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ჩადება, რადგან ხალხი, ამ სოფელში მცხოვრები მოსახლეობა უკვე არ უჭერს მხარს ქართულ ოცნებას“.


მოგვიანებით, შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სამართალდამცველები მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედება-ჩხრეკას ატარებდნენ, რა დროსაც მოსახლეობამ პოლიციას ხელი შეუშალა.


მედიის მხრიდან პოლიციელების მიმართ მტკიცებულების გარეშე მძიმე ბრალდების შემცველი ინფორმაციის გავრცელებაზე მედიაკრიტიკა პირველად არ წერს. მსგავსი ფაქტი გვქონდა ტელეკომპანია „პირველის“ შემთხვევაშიც, როდესაც საინფორმაციო გამოშვებაში არასრულწლოვანთა კომენტარზე დაყრდნობთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „პოლიციამ ახალშობილი ბავშვის ცხედარი პოლიეთილენის პარკში გაახვია და შემდეგ უკვე სანაგვე ურნაში გადააგდო.“



ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 5624
0 Comments