წითელი ვერსია
  • 2
  • 4616

მძიმე ბრალდება არასრულწლოვანთა მონათხრობზე დაყრდნობით

03 ივნისი 2020

2 ივნისს ტელეკომპანია „პირველის“ საღამოს საინფორმაციო გამოშვება გლდანისხევის დასახლებაში მომხდარი შემთხვევით დაიწყო.

წამყვანმა მაყურებელს აცნობა, რომ „ავტოფარეხებს შორის გამთენიას მისულმა დამლაგებელმა ჩვილის ცხედარი ნახა...მეზობლები ყვებიან, რომ არასწრულწლოვანმა დედამ სახლში იმშობიარა და ბავშვი ფანჯრიდან გადააგდო.“


სიუჟეტის წარდგენისას წამყვანი ასევე ამბობს, რომ „სისხლის კვალი რამდენიმე ადგილას არის, მათ შორის სანაგვე ურნაზე, სადაც ერთ-ერთი ვერსიით, ცხედარი სამართალდამცველებმა მოათავსეს.“


რეპორტაჟის ავტორი გვიამბობს, რომ არასრულწლოვანმა დედამ ჩვილი, თავიდან მოშორების მიზნით, მე-6 სართულიდან ქუჩაში გადააგდო. მისივე თქმით, „კიდევ უფრო შემზარავი გახადა ეს ამბავი თვითმხილველების მონაყოლმა „ტვ პირველთან“, როდესაც მათ გვითხრეს, რომ პოლიციამ ახალშობილი ბავშვის ცხედარი პოლიეთილენის პარკში გაახვია და შემდეგ უკვე სანაგვე ურნაში გადააგდო.“


ამ ინფორმაციის, ანუ პოლიციელების მიერ ცხედრის პოლიეთილენში გახვევისა და სანაგვე ურნაში გადაგდების ვერსიის წყაროა ორი არასრულწლოვანი, რომელთა გამოსახულება დაფარულია, თუმცა მათი ასაკი - ადვილად ამოსაცნობი.


ბავშვების მონათხრობი ბუნდოვანია. ისინი ჟურნალისტს უამბობენ, რომ „კარდონი დააფარეს ზევიდან და მერე ჭიპლარზე აიყვანეს, ნაგავში ჩასვეს და გადააგდეს. შეიძლება, ის ქალი ტიროდა, რომ ჩამოაგდო, დედამისი სცემდა.“


აქვე ისმის ჟურნალისტის კითხვა: „პოლიციამ ლურჯ პარკში გაახვია?“


ამ კითხვაზე პასუხია - „ლურჯ პარკში გაახვიეს და ნაგავში ჩააგდეს.“


მათივე თქმით, ცხედარი ნაგვის მანქანამ წაიღო. არასრულწლოვანების ეს ნათქვამი ეწინააღმდეგება სიუჟეტში მოყვანილ ინფორმაციას, რომ ცხედარი მეეზოვემ იპოვა.


არასრულწლოვანთა ასაკის და მათი ბუნდოვანი მონათხრობის მიუხედავად, ჟურნალისტმა სწორედ ამ წყაროზე დაყრდნობით შესთავაზა მაყურებელს პოლიციელების მხრიდან მძიმე დანაშაულის ჩადენის ვერსია.


რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ახალშობილი კორპუსში მცხოვრებმა 17 წლის გოგონამ მე-6 სართულიდან გადმოაგდო, არც ამ ვერსიას ადასტურებს სიუჟეტის არცერთი რესპონდენტი. მეზობლები მხოლოდ მეეზოვის მონათხრობს ყვებიან, ხოლო ჩვილის ფანჯრიდან გადაგდების შესახებ კითხვაზე პასუხობენ, რომ მათაც დაახლოებით ასე გაიგეს.


რეპორტაჟის ავტორი მაყურებელს აცნობს ასევე „ტვ პირველის“ ინფორმაციას, რომ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა არასწრულწლოვანი დედა მალევე დააკავეს.


მასალის ეთერში გასვლის დროს უკვე ცნობილი იყო, რომ 17 წლის გოგონა პოლიციამ დაკითხვის და ექსპერტიზის შემდეგ, რამდენიმე საათში გაათავისუფლა. თუმცა, ტვ „პირველის“ მაყურებელმა სიუჟეტში ეს ამბავი ვერ შეიტყო.


მანანა მჭედლიშვილი
  • 2
  • 4616
0 Comments