წითელი ვერსია
  • 0
  • 5219

მანიპულაცია საფრანგეთის საგარეო უწყების წერილით

05 ნოემბერი 2021

4 ნოემბერს „მთავარი არხის“ 21:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, სახელწოდებით - „საფრანგეთის მთავრობის განცხადება“, რომელიც მაყურებელს წარუდგინეს როგორც „პირველი ოფიციალური საერთაშორისო შეფასება მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე“.


გადაცემის წამყვანის თქმით, „ევროკავშირის უმსხვილესი ქვეყნის საგარეო უწყება ოფიციალურ წერილს ავრცელებს“, სადაც, სიუჟეტის თანახმად, აღწერილია ქვეყანაში შექმნილი „პოლიტიკური კრიზისი“ და კატეგორიული ტონით არის შეფასებული მესამე პრეზიდენტის შიმშილობა, ხოლო პასუხისმგებლობას ექსპრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ოფიციალური პარიზი ცალსახად მოქმედ ხელისუფლებას აკისრებს.


რეალურად, როგორც მოგვიანებით სიუჟეტიდანვე ირკვევა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არავითარი განცხადება არ გაუკეთებია და ტელეკომპანიამ განცხადების სახელით თავად „მთავარი არხის“ მიერ სამინისტროსთვის მიწერილ წერილზე გაცემული პასუხი წარმოგვიდგინა, რაც მანიპულაციის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა ქართულ მედიაში, თუმცა „საფრანგეთის მთავრობის განცხადებასთან“ დაკავშირებული გაუგებრობა მხოლოდ ამით არ ამოიწურება.


გამოშვების წამყვანმა და სიუჟეტის ავტორმა მანიპულაციურად წარადგინეს უშულოდ წერილის შინაარსიც და ტექსტის გაცნობის შემდეგ მაყურებელმა მკაცრი ტონი, ბრალდებები და შეფასებები ვერსად აღმოაჩინა.


„საფრანგეთი დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. სწორედ ამიტომ ვიმეორებთ და შევახსენებთ ყველას სამართლებრივი სახელმწიფოს და ადამიანის უფლებათა დაცვის მოთხოვნებს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ გარანტირებული და დაცული უნდა იყოს მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ - ეს არის სიტყვები, რომლებსაც წერილში რეალურად ვკითხულობთ და რომელიც მაყურებელს თავად ჟურნალისტმა გააცნო.


როგორც ვხედავთ, წერილში საუბარი არ არის არც პოლიტიკურ კრიზისზე და არც „უმძიმეს მდგომარეობაზე“, ხოლო მისი შინაარსი დიპლომატიურ პასუხად უფრო შეიძლება შეფასდეს, ვიდრე „მკაცრ ტონად“.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 5219
0 Comments