წითელი ვერსია
  • 0
  • 2877

განცხადებად „გასაღებული“ კომენტარები

30 ივნისი 2020

ნებისმიერი სატელევიზიო სიუჟეტის შემადგენელი ნაწილია სინქრონი, რომელიც შეიძლება იყოს ჩაწერილი კომენტარის ან განცხადების სახით. კომენტარს და განცხადებას შორის, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო განსხვავებაა, თუმცა ხშირად ამ „ნიუანსის“ უკან საკმაოდ დიდი ინტრიგა იმალება: საქმე იმაშია, რომ კომენტარი არის პასუხი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, ანუ ამ შემთხვევაში საკითხი დღის წესრიგში მედიასაშუალებას შემოაქვს, ხოლო განცხადება იმ ადამიანის ინიციატივაა, ვის სიტყვებსაც მედია ავრცელებს.


კითხვა, თუ ვისგან წამოვიდა ამა თუ იმ თემაზე სიუჟეტის მომზადების ინიციატივა - რესპონდენტისგან თუ ჟურნალისტისგან - ზოგჯერ კრიტიკულ მნიშვნელობასაც კი იძენს. ასეთ შემთხვევაში სასურველია მედიასაშუალებამ მკაფიოდ გააგებინოს მაყურებელს (ან მკითხველს), კომენტარს აცნობს მას თუ განცხადებას, რადგან ამ უკანასკნელმა სიტუაციაზე სრული წარმოდგენის შესაქმნელად აუცილებელია იცოდეს, თუ ვინ არის კონკრეტული თემის აქტუალიზების თაოსანი. ქართულ მედიაში ეს პირობა, სამწუხაროდ, ყოველთვის დაცული არ არის.


განცხადება -კომენტარის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება არჩევნებთან, სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებთან და მგრძნობიარე საკითხებთან დაკავშირებით.

მაგალითად, საქართველოში აკრედიტებული ელჩების მიერ ჟურნალისტების მხრიდან დასმულ შეკითხვებზე გაცემული პასუხები და გაკეთებული კომენტარები მედიასაშუალებებს ხშირად გამოჰყავთ, როგორც ელჩების განცხადება. არადა, ეს კომენტარები, როგორც წესი, ჩაწერილია ისეთ თემებზე, რომლებთანაც დიპლომატებს, წესით, შეხება არ უნდა ჰქონდეთ.


მეტიც: შესაძლო ან განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებზე ელჩების განცხადებები ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევადაც კი შეიძლება შეფასდეს და ამას არცთუ იშვიათად მოჰყვება ხოლმე საზოგადოების ნეგატიური რეაქცია, თუმცა საზოგადოებამ უმეტესწილად არც კი იცის, მისთვის გამაღიზიანებელი სიტყვები მართლა ელჩის ინიციატივით გაკეთებული განცხადებაა თუ პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენს შემთხვევაში, ხშირად თავად ჟურნალისტები ირიბად ხელს უწყობენ ან პროვოცირებას უკეთებენ უცხო ქვეყნის ჩარევას საქართველოს საშინაო საქმეებში და აქედან გამომდინარე, ნებსით თუ უნებლიეთ, საზოგადოების უარყოფით რეაქციასაც იწვევენ.


აი, მაგალითად პარლამენტში მისული ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის შეფასება და კომენტარი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგის შესახებ, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულამ“ გვაჩვენა როგორც „განცხადება“.


ჟურნალისტი ამბობს, რომ ელჩმა შეაფასა ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და განაცხადა, რომ ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრაზე საუბარი იქნება ე.წ. „გერმანულ მოდელზე“. ტიტრებში მითითებულია „განცხადებები პარლამენტში“, ანუ იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირის ელჩი სპეციალურად მივიდა პარლამენტში, რათა „განცხადება“ გაეკეთებინა საარჩევნო კანონმდებლობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ, რაც ასე აშკარად არ ყოფილა. ელჩის ეს კომენტარი თავიდან ბოლომდე იყო ჟურნალისტების ინიციატივა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხი.


აი იმავე კარლ ჰერცელის კიდევ ერთი კომენტარი კვლავ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგზე. ამჯერად „პირველ არხზე“.


აქაც ელჩის მიერ ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარს აწერია „კარლ ჰარცელის განცხადება“, თუმცა ამ შემთხვევაში ელჩის კომენტარი უფრო ზოგადია. ჰარცელი არ ლაპარაკობს არც „გერმანულ მოდელზე“ და არც სხვა დეტალებზე. ის ამბობს, რომ მიესალმება პოლიტიკურ დიალოგს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. შესაბამისად, ტელეკომპანიის მიერ ასეთი ინტერპრეტაციით გასული კომენტარი, რომელსაც „განცხადება“ აწერია, ნაკლებ კითხვის ნიშანს ტოვებს და შესაძლოა, სულაც უყურადღებობის შედეგი იყოს.


კიდევ ერთი უცნაური ტენდენცია განცხადება-კომენტარის საკითხში, რომელიც ქართულ მედიაში შეინიშნება ეს არის სხვის ნაცვლად ლაპარაკი. მაგალითად, ამ სიუჟეტში პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე, რომელსაც ჟურნალისტმა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის გამონათქვამზე კომენტარი სთხოვა, შეფასების ნაცვლად თავად ყვება თუ რა თქვა ელჩმა.


მსგავსი გაუგებრობა ქართულ მედიაში ხშირად ხდება: კერძოდ, რესპონდენტები (როგორც წესი, პოლიტიკოსები) გვეუბნებიან არა იმას, თუ რა თქვეს თავად ამა თუ იმ დახურულ შეხვედრაზე ან როგორ შეაფასებენ სხვათა განცხადებებს, არამედ გვიყვებიან, თუ რა თქვა შეხვედრაზე სხვა ადამიანმა - სხვა პარტიის წარმომადგენელმა ან, მაგალითად, რომელიმე დიპლომატმა, ხოლო მედია ამ სიტყვებს უპრობლემოდ ავრცელებს.


რა თქმა უნდა, სიტყვის თავისუფლების პირობებში ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი განცხადებისა თუ კომენტარის გაკეთება შეუძლია, მათ შორის, შეუძლია სხვისი სიტყვების პერეფრაზირება, ზოგჯერ, საკუთარი ინტერპრეტაციითაც, მაგრამ მედიასაშუალებებს მეტი ყურადღება მართებთ და სხვის მიერ გამოთქმული აზრის (შესაძლოა, დამახინჯებულადაც) გამეორება, სასურველია, ეთერში არ გავიდეს, მით უმეტეს, თუ პირველწყაროს კომენტარი არ გაუკეთებია.


ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მაგალითებისა, როდესაც მედია კომენტარს და განცხადებას ერთმანეთში ურევს ან ამ ორ სიტყვას სინონიმებად იყენებს. ზოგჯერ, როცა თემა პოლიტიკურად ნაკლებსენსიტიურია ეს პრობლემას არ ქმნის და შესაძლოა, განპირობებული იყოს ჟურნალისტის მცდელობით, რომ ერთი და იგივე სიტყვა სიუჟეტში ბევრჯერ არ გამოიყენოს. თუმცა, ასევე მრავლადაა ფაქტი, როდესაც კომენტარის განცხადებად წარმოჩენა წინასწარგანზრახული მანიპულაციის ხასიათს ატარებს.


ამ შემთხვევაში ჟურნალისტს (მედიასაშუალებას) არ სურს აღიაროს, რომ კონკრეტული თემის გააქტიურება სწორედ მისი სურვილია, პასუხისმგებლობას რესპონდენტს აკისრებს, მის ავტორიტეტს იყენებს და თავად მხოლოდ რესპონდენტის მიერ გაკეთებულ „განცხადებაზე“ აწყობილი სიუჟეტის ავტორად გვევლინება.


მიხეილ ვარძელაშვილი
  • 0
  • 2877
0 Comments