წითელი ვერსია
  • 0
  • 2812

ჯარისკაცის დაშავების „არასასურველი“ ვერსია

07 ოქტომბერი 2020

თუ მედიასაშუალების მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციაა, ნებისმიერი ფაქტი ამ ინტერესის შესაბამისად „იფუთება“ და საბოლოო ჯამში ინციდენტი, რომლის შემთხვევითობაში ეჭვის შეტანის საფუძველი პირველ ეტაპზე მაინც არ არსებობს, მაყურებელს შესაძლოა, ძალადობად ან მეტიც - მკვლელობის მცდელობადაც კი წარედგინოს.


შეიარაღებულ ძალებში შიდა, სისხლიან დაპირისპირებად წარმოაჩინეს 6 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებებში ტვ „პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ გორში სამხედრო მოსამსახურის დაშავება. ტელეარხების ინფორმაციით, 39 წლის კაპრალი მძიმე მდგომარეობაში პოლიციამ ვერხვების დასახლებასთან, ხიდის ქვეშ იპოვა და მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია თბილისში, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში ჩაუტარეს.


როგორც ტელეარხები იუწყებოდნენ, თავად დაშავებული ამბობდა, რომ ის ხიდიდან გადავარდა და დაზიანებებიც ვარდნის შედეგად მიიღო, თუმცა, სამხედრო მოსამსახურის ვერსია ამ ტელევიზიებისთვის სარწმუნო და უფრო კი, ალბათ, სასურველი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, დღის განმავლობაში სამივე არხი ავითარებდა ვერსიას, რომ მომხდარი არა უბედური შემთხვევა, არამედ სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება და ჯგუფური თავდასხმა იყო.


დღის საინფორმაციო გამოშვებებში ამბის გასაშუქებლად ტელეარხებმა უმძიმესი შინაარსის ფრაზები შეარჩიეს:


„მთავარი არხი“: „სისხლიანი დაპირისპირება გორში. სასტიკად ნაცემი ჯარისკაცი უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაში მოათავსეს“; „გავრცელებული ინფორმაციით, მას ჯგუფურად გაუსწორდნენ ასევე ჯარისკაცები“; „რა მოხდა გორში და რატომ შეცვალა დაშავებულმა პირველი ჩვენება?“.


ტვ „პირველი“: „უბედური შემთხვევა თუ მკვლელობის მცდელობა?“ „ერთ-ერთი ვერსიით, ჯარისკაცი სცემეს და უგონო მდგომარეობაში დატოვეს“.


„ფორმულა“: „მეხუთე ბრიგადის ჯარისკაცი, 39 წლის ზვიად ჯანიაშვილი სასტიკად ნაცემი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი“; „უცნობია, ვინ სცემა ჯარიკაცს და რას უკავშირდება მომხდარი“.


დღის განმავლობაში განვითარებული ვერსია ტელეკომპანიებმა საღამოს გამოშვებებშიც შეაჯამეს. „მთავარმა არხმა“ თავდასხმის ვერსიის საფუძვლად ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენლების ინფორმაცია დაასახელა, თუმცა, თავის მხრივ, ოპოზიციონერი მხოლოდ ვარაუდებსა და შესაძლებლობებზე საუბრობს და პოლიტიკური შინაარსის განცხადებას აკეთებს.


ტვ „პირველმა“ კი მაყურებელს საღამოს აუწყა, რომ „სასტიკად ნაცემი სამხედრო მოსამსახურე სავარაუდო დამნაშავეებს ხელს აფარებს“:


ერთ-ერთი ვერსიით, სამხედრო რამდენიმე პირმა სასტიკად სცემა და შემდეგ უკვე შემთხვევის ადგილზე უგონო მდგომარეობაში დატოვა. თავად დაზარალებული საგულდაგულოდ მალავს თავდასხმის ფაქტს და თავდასხმაში მონაწილეების ვინაობასაც“.


„ფორმულამ“ 20:00 საათიან გამოშვებაში მაყურებელს ასევე შესთავაზა სიუჟეტი „ნაცემი ჯარისკაცი“ და აღნიშნა, რომ ჯარისკაცის „დედა შვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობს“:

ამ დრომდე კრიტიკულია გორში ნაცემი ჯარისკაცის მდგომარეობა. ჯარისკაცის დედა ჰყვება, რომ ის დაბადების დღეზე იმყოფებოდა და წვეულების დატოვების შემდეგ მას სავარაუდოდ, თავს დაესხნენ“. თუმცა, ამავე სიუჟეტში მოყვანილ კომენტარში დაშავებულის დედა არაფერს ამბობს თავდასხმის შესახებ. „ფორმულამ“ ამ ვერსიის გასამტკიცებლად, „მთავარი არხის“ მსგავსად, მაყურებელს მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ წარმომადგენელთა კომენტარები შესთავაზა, რომლებშიც რესპონდენტები კვლავ პოლიტიკური შინაარსისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებებით შემოიფარგლებიან და თავდასხმის ფაქტს არაფრით ასაბუთებენ.


აღსანიშნავია, რომ საღამოს გამოშვებებისთვის მომზადებულ სიუჟეტებში სამივე ტელეარხმა გამოიყენა თავდაცვის სამინისტროს განცხადებაც, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „თავად დაშავებული სამხედრო მოსამსახურის განმარტებით, ის იმყოფებოდა მეგობრის წვეულებაზე, საიდანაც სახლში ნასვამ მდგომარეობაში ბრუნდებოდა. სახლისკენ მიმავალ გზაზე სამხედრო მოსამსახურე ჩავარდა მდინარის პირას წყლის არხში და შედეგად მიიღო დაზიანება, რის შემდეგაც თავად დაურეკა 112-ს“.


მიუხედავად ამ განმარტებისა და თავად დაშავებულის განცხადებისა, სამივე ტელეკომპანიამ მაინც ჩვეულ რეჟიმში განაგრძო მომხდარი ფაქტის შეიარაღებულ ძალებში სამხედროების სისხლიან დაპირისპირებად წარმოჩენა.


ცნობისთვის: აღნიშნული არხების მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციის მცდელობა საკმაოდ ხშირია, რასაც „მედიაკრიტიკა“ არაერთხელ გამოეხმაურა.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 2812
0 Comments