წითელი ვერსია
  • 1
  • 5032

„მთავარის“ საინფორმაციო ბუმერანგი

17 დეკემბერი 2020

უცხოურ მედიაში გავრცელებული მასალების გამოყენება, ცხადია, საინტერესო და დამკვიდრებული პრაქტიკაა, თუმცა, პოლიტიზირებული ქართული მედიასაშუალებები როგორც წესი, მხოლოდ ისეთ მასალებს აქცევენ ყურადღებას, რომლებიც მათ პოლიტიკურ გემოვნებასა და დღის წესრიგს შეესაბამება.


მეტიც: როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, ქართულ მედიაში შესაძლოა ინფორმაციის წყაროდ დასახელდეს უცხოური მედიასაშუალება, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას სწორედ დამსახელებელ მხარეს ეყრდნობოდა.


სწორედ ამგვარი „ორმაგი გადათამაშების“ მაგალითი იხილა მაყურებელმა 16 დეკემბერს „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთ სიუჟეტში, სახელწოდებით „რა მანდატით ერეოდა კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნის პროცესში - უკრაინული მედია სტატიას აქვეყნებს“.


კერძოდ, როგორც „მთავარმა არხმა“ ქართველ მაყურებელს აუწყა, „უკრაინულ მედიაში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, როდესაც კიევი სერიოზულად განიხილავდა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას, დეგნანმა უკრაინაში დარეკა და მოითხოვა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლა განეხორციელებინათ, რათა მას ეს გადაწყვეტილება შეეცვალა.“


უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიად“ „მთავარი არხი“ მაყურებელს სთავაზობს უკრაინულ ინტერნეტგამოცემა censor.net-ში გამოქვენებულ ბლოგს, რომელშიც ინფორმაციის დასადასტურებლად „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას სიტყვებია მოყვანილი.


ბლოგის ავტორი ანდრეი კოვალენკო წერს, რომ „შოკისმომგვრელია სხვა ქვეყანაში ელჩის მცდელობა, ჩაერიოს უკრაინის შიდა პროცესებში და უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას ხელი შეუშალოს. ამ ინფორმაციას ადასტურებენ რიგი ქართული მედიასაშუალებები, მათ შორის მთავარი ოპოზიციური ტელეარხის „მთავარის“ დირექტორი და ტელეწამყვანი ნიკა გვარამია, რომელიც ამტკიცებს, რომ ელჩი დიპლომატიურ ეტიკეტს არღვევს და საქართველოს მმართველ ელიტას ძალიან დაუახლოვდა“ .


ის, რომ censor.net-ში გამოქვეყნებული ბლოგის ერთ-ერთი „მთავარი წყარო“ თავად ნიკა გვარამიაა, „მთავარს“ არ აღუნიშნავს. ამგვარად, არხი შეეცადა უცხოური მედიის ავტორიტეტით „გაეძლიერებინა“ საკუთარი გენერალური დირექტორის მიერ წამოწყებული კამპანია, რომლის სამიზნეც, სხვა დიპლომატებთან ერთად, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გახდა.


საინტერესოა ამბის წინაისტორიაც - კერძოდ ის, რომ თითქოს კელი დეგნანი ითხოვდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არავითარ თანამდებობაზე არ დაენიშნათ, ნიკა გვარამიამ 13 დეკემბრის „მთავარ აქცენტებში“ განაცხადა და იქვე „დააანონსა“, რომ „ამ დღეებში ეს ინფორმაცია სავარაუდოდ, გასაჯაროვდება და უკვე პრესაში გამოვა“. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ „მთავარის“ გენერალური დირექტორი სწორედ ანდრეი კოვალენკოს ბლოგს გულისხმობდა, რომელიც censor.net-ზე სამი დღის შემდეგ გამოქვეყნდა და „უკრაინული მედიის ავტორიტეტით“ კვლავ „მთავარი არხის“ ეთერში „დაბრუნდა“.


აღსანიშნავია, რომ კოვალენკო საკუთარ ბლოგში ნიკა გავრამიას გარდა იხსენიებს მხოლოდ ერთ წყაროს, რომელიც, ავტორის მტკიცებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს და მის ვინაობას ჟურნალისტი არ ამხელს. შესაბამისად, ინფორმაციის ერთადერთი, ღიად დასახელებული წყარო სწორედ ნიკა გვარამიაა.


მანანა მჭედლიშვილი
  • 1
  • 5032
0 Comments