წითელი ვერსია
  • 0
  • 5052

„მთავარი ტაბუს“ ახსნა

12 დეკემბერი 2020

უნდობლობა ცესკოს! უნდობლობა პარლამენტს! უნდობლობა სახლმწიფო ინსტიტუტებს! უნდობლობა ევროსასამართლოს! უნდობლობა პარტნიორი სახელმწიფოების ელჩებს, და ბოლოს, უნდობლობა თვით მთელს დასავლურ სამყაროს, რომელიც პრობლემების ინსტიტუციური გზით მოგვარებას გვირჩევს − ასეთი იყო ნიკა გვარამის „მთავარი აქცენტების“ პათოსი და შინაარსი 8 დეკემბრის ეთერში.


„ხალხის სახელით მოვითხოვ, დაირღვეს ომერტას კანონი და გასაჯაროვდეს ელჩებთან მიმდინარე მოლაპარაკებები!“ − გამოაცხადა ამ გადაცემაში „მთავრის“ მთავარმა. ძნელი სათქმელია, ვინ მიანიჭა მედიას და, კერძოდ, ნიკა გვარამიას ქართველი ხალხის სახელით მოთხოვნების წამოყენების უფლება, მაგრამ გვარამიას გადაცემებს ხომ უკვე ფორმალურადაც ვეღარ ვუწოდებთ მედიაპროდუქციას. აქ საქმე ერთგვარ სპირიტუალისტურ რიტუალთან უფრო გვაქვს, სადაც „წმინდა მიხეილის“ მთავარი ადეპტი პირდაპირ ეთერში უცნაურ პოლიტიკურ ცერემონიებს ატარებს.


მაგალითად, აქ პოლიტიკოსებს ადებინებენ პირობებს „ქართველი ხალხის“ (სინამდვილეში კი ნიკა გვარამიას) წინაშე, ან უფრო მეტიც − არჩეულ დეპუტატებს საკანცელარიო დაფაზე ართმევენ „პარლამენტში შეუსვლელობის ხელწერილს“ და შემდეგ ამ დაფას, როგორც ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე რელიკვიას, „მთავარი არხის“ არქივებში ინახავენ.


კაცმა რომ თქვას, „მთავარი არხის“ სახით დღეს უკვე გვაქვს არა უბრალოდ კრიტიკული ან, თუნდაც, ოპოზიციური მედიასაშუალება, არამედ ერთგვარი ალტერნატიული „მართვის ცენტრი“, უფრო კი მოჯადოებული წრე, ანაც დახურული „ბაბლი“, რომელიც მხოლოდ საკუთარ კანონებს ცნობს და არალეგიტიმურად აცხადებს ყველასა და ყველაფერს საკუთარი თავის გარდა.


რა ემართება მას, ვინც ამ მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევას ცდილობს, შეგვიძლია გამოვიცნოთ თუნდაც გიორგი ვაშაძის „შერისხვის“ მაგალითზე. „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ეჭვი შეიტანა ვაშაძის „სიმტკიცეში“ და მყისიერად აამოქმედა დისკრედიტაციის მექანიზმები − „მთავარ არხზე“ განსხვავებული აზრის გამოთქმა ხომ თვით თანამოაზრეებსაც არ ეპატიებათ, ხოლო ნიკა გვარამიას ცენზურას ექვემდებარება ყველა და ყველაფერი - არა მხოლოდ პირდაპირ ეთერში, არამედ სოციალურ ქსელშიც. საზოგადოებას კარგა ხანს არ დაავიწყდება სკანდალური ბედი გრიგოლ ვაშაძის ერთ-ერთი ფეისბუკსტატუსისა, რომელიც „მთავარმა ცენზორმა“ გამოქვეყნებისთანავე დაგმო და ცოტა ხანში ტექსტი იმ სახით გამოქვეყნდა, რა სახითაც ის გვარამიამ „გააშალაშინა“.


ამ რეალობას თანდათან ოპოზიციაშიც აცნობიერებენ. ამის დასტურად გამოდგება თუნდაც იგივე 8 დეკემბრის „მთავარი აქცენტები“, სადაც გამოიკვეთა, რომ სულ უფრო მცირდება გვარამიას რიტუალურ წარმოდგენებში მონაწილეობის მსურველ პოლიტიკოსთა რიცხვი.


თუმცა ამ გარემოებას „მთავრის მთავრისთვის“ ხელი არ შეუშლია, მორიგი „ტელეინკვიზიცია“ მოეწყო ოპოზიციისთვის, და არა მხოლოდ მისთვის. ოპოზიცია ნაზი ყვავილი არ არის, რომ მისი კრიტიკა არ შეიძლებოდესო, გამოაცხადა მან და დაიწყო...


ამჯერად კრიტიკად წოდებული განკითხვის მსხვერპლი ჯერ ის ოპოზიციური ლიდერები გახდნენ, რომლებიც, გვარამიას ვარაუდით, ბოიკოტის რეჟიმს დაარღვევდნენ (ალეკო ელისაშვილი, გიორგი ვაშაძე და „გირჩის“ სამეული); შემდეგ კითხვები გაჩნდა რესპუბლიკური პარტიის წევრების მისამართით, რომლებიც ჯერჯერობით თავს იკავებენ პოზიციის ოფიციალურად დაფიქსირებისგან; დასასრულს კი „მთავარი“ იმ „ნაცებსაც“ გადასწვდა, რომლებიც რწმენაში „ირყევიან“: ასეთებად დაასახელეს გრიგოლ ვაშაძე, სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა.


საინტერესოა, რომ გიგი უგულავამ და ნიკა მელიამ იქვე დადეს „მტკიცე პირობა“, რომ პარლამენტში არავინ შევიდოდა, ხოლო მელიამ, „სხვათა შორის“, იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მისი და გვარამიას მთელს ძალისხმევას ბოიკოტის რეჟიმის შესანარჩუნებლად უცხოელი ელჩები „ანგრევენ“.


ნათელია, რომ პრეტენზიები ელჩების მიმართ არც ერთი, და არც მეორე ნიკას თვითშემოქმედება არ არის და ეს ინსტრუქცია მიხეილ სააკაშვილისგან მოდის, რომელმაც უკვე თავადაც არაერთხელ გამოთქვა „პრეტენზიები“ დასავლელი პარტნიორების მისამართით. სააკაშვილს სურს „ვარდების რევოლუცია-2“, რასაც დასავლეთი მხარს არ უჭერს. ამიტომ სააკაშვილი, „ორი ნიკას ხელით“ და ქართველი ხალხის სახელით, არღვევს თავისივე შექმნილ ტაბუს და მის მიერვე გაფეტიშებულ „პროდასავლურ იმიჯს“ უყოყმანოდ სწირავს „რევოლუციის იდეას“.


„მე ზოგადად მახასიათებს ასეთი აზრები და ტაბუ არ ვიცი. მაგალითად, თავს დამესხნენ, როგორ აკრიტიკებ ევროპულ ინსტიტუციებსო, სტრასბურგის სასამართლო რომ გავაკრიტიკე. თურმე, ევროპული სასამართლოს გაკრიტიკება არ შეიძლება, იმიტომ, რომ ევროპას ურტყამს. ევროპას ურტყამს და ამერიკას ურტყამს ელჩების, სასამართლოების და ა.შ. ცუდი, არასწორი, ანტიქართული პოზიციები. აი, ეს ნამდვილად ურტყამს ევროპას. არ შეიძლება ფეტიშიზაცია არც ელჩის, არც არავისი საერთოდ. ამ ქვეყანაში თუ ხარ პოლიტიკოსი, ფეტიში არის ერთადერთი, ის, ვინც არის ხელისუფლების წყარო: ქართველი ხალხი, წერტილი“ − წარმოთქვა „მთავარი სიტყვა“ „მთავარმა“... თუმცა, საბოლოო წერტილამდე იყო კიდევ ერთი საინტერესო პასაჟი:


„ამას ჰქვია პოსტკოლონიური კომპლექსი! საბჭოთა ადამიანებს ახასიათებთ ეგეთი კომპლექსი, იმიტომ, რომ ჩვენი კოლონია ამერიკა არ ყოფილა არასდროს! (და პირიქით? − საინტერესო წამოცდენაა!). ეს არის პოსტკოლონიური კომპლექსი: სასაცილოა დღეს და სამარცხვინო, რომ ადამიანს ეგონოს 21-ე საუკუნეში, რომ დიპლომატია პოლიტიკაში არის გადამწყვეტი! დიპლომატია არის მე-19 საუკუნის პროდუქტი და საბჭოთა კავშირის დაშლით მისი მწვერვალები დაპყრობილ იქნა და დასრულდა (?!). მეგობრებო! საჯარო პოლიტიკა და სახალხო პოლიტიკა არის მთავარი ტექნოლოგიური იარაღი ყველა ქვეყანაში, ამერიკის შეერთებული შტატებით დაწყებული, უმცირეს ევროპულ დემოკრატიამდე დამთავრებული. ის, რომ დიდი ძმის აღქმა გქონდეს ამერიკის ელჩის მიმართ, ეს უკვე შეურაცხმყოფელია საკუთრივ იმ სახელმწიფოსი, რომლის ელჩზეც ვლაპარაკობთ. იმიტომ, რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის პოსტკოლონიური კომპლექსი, სინდრომი საბჭოთა კავშირში ნაცხოვრები ადამიანების!“


ვერ გეტყვით, როგორი მოსასმენი ან რამდენად დამარწმუნებელი იყო გვარამიას „მგზნებარე სიტყვა“ გრიგოლ ვაშაძისთვის ან სალომე სამადაშვილისთვის, რომლებიც კარიერული დიპლომატები არიან. ფაქტია, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი 21-ე საუკუნეში სწორედ იმ ტექნოლოგიებს იყენებს, რომლებითაც სახელი გაითქვა ნაცისტური გერმანიის სახალხო განათლებისა და პროპაგანდის მინისტრმა იოზეფ გებელსმა.


შესაძლოა, სწორედ ამით ყოფილიყო განპირობებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის განცხადებაც: ელჩების მისამართით გამოთქმული „საყვედურების“ ფონზე ჰუბერტ კნირშმა საგანგებოდ განმარტა, რომ „ყველა პარტიამ, რომლებმაც მოიპოვეს მანდატები, თვითონ, ზეწოლის გარეშე უნდა გადაწყვიტონ, გამოიყენებენ თუ არა ამ მანდატებს, ხოლო ზეგავლენას ამ გადაწყვეტილების მიღებაზე ახდენენ არა დიპლომატები, არამედ ზოგიერთი პოლიტიკოსი და ზოგიერთი მედიასაშუალება.“


ლელა კურდღელაშვილი
  • 0
  • 5052
0 Comments