წითელი ვერსია
  • 1
  • 9104

„მთავარი არხი“ ოპოზიციის წინააღმდეგ

21 იანვარი 2021

პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც საქართველოში საარჩევნო ციკლის კვალდაკვალ, პერიოდულად განსაკუთრებით რადიკალურ ფორმებს იძენს, პირდაპირ აისახება პოლიტიზირებულ მედიაგარემოზეც. ამასთან, ზოგჯერ მედია თავად გამოდის ესკალაციისა და გამწვავების ინიციატორად, როცა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბულინგისა და შანტაჟის მეთოდებს მიმართავს.


სწორედ ამგვარი მაგალითი ვნახეთ 20 იანვარს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საჯარო ფეისბუკპოსტის სახით, სადაც იგი ღიად წერს, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერის მიმართ „დამოკიდებულებას გადახედავს“; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტელეკომპანიის ეთერი, რომელიც თავად არხის ხელმძღვანელობის განცხადებით, ოპოზიციური სპექტრის მთავარ მედიატრიბუნას წარმოადგენს, შესაძლოა, ბევრი მათგანისთვის შეიზღუდოს ან საერთოდ დაიბლოკოს.


ცენზურის მიზეზი (უფრო სწორად კი, ალბათ, საბაბი), როგორც ფეისბუკპოსტიდან ირკვევა, 19 იანვარს, „რუსთავი2"-ის „ღამის კურიერში“ ოპოზიციის ლიდერებს, ალეკო ელისაშვილსა და მამუკა ხაზარაძის შორის სპონტანურად გამართული მწვავე დებატები გახდა, რაც, გადაცემის წამყვანების განმარტებით, მათი მხრიდან დაგეგმილი არ იყო.


„ყველა ოპოზიციონერი, რომელიც წართმეულ და ჩხარტიშვილისთვის გადაცემულ რ2-ში დადის, ძაან მიქარავს. და ყველაფერ იმის ღირსია, რაც იქ დაემართათ უკლებლივ ყველას“, - წერს „რუსთავი 2”-ის ყოფილი და „მთავარი არხის" მოქმედი გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში, სადაც ასევე ღიად აცხადებს, რომ ნახევარი წელია, „ოპოზიციის შედუღაბებას“ ცდილობს:


“ნახევარი წელია, ოპოზიციის შედუღაბებას ვცდილობთ. ამ დროს, ჩვენთან მოსვლა სულ პრობლემაა: ხან დრო არ აქვთ, ხან ჩაერთვება. უცებ, გაიხედავ და სტუდიაში ზის კივილ-წივილში გახვეული, შოუებში, სადაც მიზანი ჩხუბი და დაპირისპირებაა და ჩვენი თვეების შრომის - გაერთიანების წყალში ჩაყრა. ყველა ასეთი გადაცემა, ჩემი მოკრძალებული აზრით, ივანიშვილის საქმეს აკეთებს. ჰოდა იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, თქვენს მიმართ დამოკიდებულებას გადავხედოთ“, - წერს ნიკა გვარამია, რაც სხვა არაფერია, თუ არა უპირატესობით მოსარგებლე მხარის მიერ „ეთერით შანტაჟი“ და ოპოზიციური ბოიკოტის რეჟიმის ნებისმიერ ფასად შენარჩუნების მცდელობა.


აღსანიშნავია, რომ „მთავარი არხი“ ბოლო პერიოდში მუდმივად ცდილობდა პოლიტიკური პროცესების „მთავარი მოთამაშე“ გამხდარიყო და ყველა ბერკეტს იყენებდა იმისთვის, რომ არ დაეშვა ოპოზიციის წარმომადგენელთა პარლამენტში შესვლა. ამის შესახებ „მედიაკრიტიკა“ გასულ წელსაც წერდა, თუმცა, როგორც ჩანს, „მთავარი არხის“ მესვეურებმა სრული ბოიკოტის შენარჩუნების იმედი დაკარგეს და გადაწყვიტეს „შურისძიების“ ეტაპზე გადავიდნენ.


ხათუნა კიღურაძე
  • 1
  • 9104
0 Comments