წითელი ვერსია
  • 6
  • 3561

პოლიტიკური პროცესების „მთავარი“ მოთამაშე?

09 დეკემბერი 2020

მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პარტნიორი ქვეყნების ელჩების შუამდგომლობით მიმდინარე მოლაპარაკებები, რომელიც ოპოზიციის პარლამენტში შესვლის პირობებს უკავშირდება, ბუნებრივია, ქართული საზოგადოებისა და მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. ამასთან, მედიამ აღნიშნულ პროცესში სრულიად განსაკუთრებული როლიც შეიძინა, რადგან მოლაპარაკების უშუალო მონაწილეები დეტალებს ამ დრომდე არ ასაჯაროვებენ და მედია, ფაქტობრივად, ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ გვევლინება.


აქედან გამომდინარე, მაყურებელი ტელეეთერებიდან თუ ონლაინპლატფორმებიდან დღის განმავლობაში უამრავ მოსაზრებას, ვარაუდს და პროგნოზს ისმენს, თუმცა ამ ფონზეც კი აშკარად გამოირჩევა მკვეთრად ანტისახელისუფლებო ტელემედიის სტრატეგია, რომელიც ხშირად მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას და მიმართავს არაერთ სხვა მიუღებელ საშუალებას იმისთვის, რომ მოახდინოს ზეწოლა ოპოზიციის კონკრეტულ წარმომადგენლებზე და არ დაუშვას მათი პარლამენტში შესვლა.


ამის ნათელი მაგალითი იყო „მთავარი არხის“ 8 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვებები, სადაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციის 7 წარმომადგენელი, კერძოდ, გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე („სტრატეგია აღმაშენებელი“), ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი (პოლიტიკური გაერთიანება „მოქალაქეები“) და ასევე, „გირჩის“ სამი წევრი - იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სანდრო რაქვიაშვილი „ოპოზიციურ ერთობას“ არღვევენ და მეათე მოწვევის პარლამენტში შედიან.


„მთავარმა არხმა“ ვერ შეძლო მაყურებლისგან სრულად დაემალა ის გარემოება, რომ თავად პოლიტიკოსები მედიასთან საუბარში ამ ინფორმაციას უარყოფენ, თუმცა ამას ტელევიზიისთვის ხელი არ შეუშლია მთელი დღის მანძილზე კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ აგრესიული კამპანია ეწარმოებინა.


მაგალითად, 18:00 საათიან გამოშვებაში, ჟურნალისტმა ამ ოპოზიციონერთა ვინაობა კიდევ ერთხელ გაასაჯაროვა და მაყურებელს აუწყა, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მათი შესაძლო თანხმობის შესახებ არა მხოლოდ მედია, არამედ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც არიან ინფორმირებულები, თუმცა ამ ინფორმაციის სარწმუნობა თავადვე გახადა საეჭვო, როცა საუბარი სრულიად შეუსაბამო არგუმენტებით განაგრძო:


„ოპოზიციის ლიდერები ამბობდნენ, რომ მათთან ღიად ამის შესახებ არავის უსაუბრია და კონკრეტული ინფორმაცია იმის თაობაზე, აპირებდა თუ არა ვინმე პარლამენტში შესვლას, არ ჰქონდათ, თუმცა კითხვის ნიშნებს ბადებდა გარკვეული განცხადებები „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებებში პროგრესის გამოჩენის თაობაზე და ამიტომ, ოპოზიციის წევრები მოუწოდებდნენ საკუთარ კოლეგებს, თუ ვინმეს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, ივანიშვილის ერთპარტიულ კანტორაში შესვლასთან დაკავშირებით, ამის შესახებ საჯარო განმარტებები უნდა გაეკეთებინათ საზოგადოებისთვის და საკუთარი ამომრჩევლისთვის.


აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, ამავე ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში თავად გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდა და „მთავარი არხი“ მის წინააღმდეგ აგორებულ „ბინძურ კამპანიაში“ დაადანაშაულა, ჟურნალისტის მიერ მომზადებულ სიუჟეტს კი „სამარცხვინო“ უწოდა.


„შენ და გვარამიასაც ჩემი ტელეფონი გაქვთ და ასეთ სერიოზულ საკითხზე ყოველთვის შეგეძლოთ დაგერეკათ, მაგრამ არც ერთმა ეს არ ისურვეთ და პირდაპირ ეთერში გამომიცხადეთ, პარლამენტში შედისო. ეს არის ტყუილი!“, - უთხრა ვაშაძემ ჟურნალისტს, რომელიც კვლავ განაგრძობდა ტელევიზიის უარგუმენტო პოზიციების დაცვას პოლიტიკოსის წინაშე.


მთლიანობაში, 8 დეკემბერს „მთავარი არხის“ მიერ ოპოზიციაზე განხორციელებული მორიგი ზეწოლა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული ტელევიზია თავად ცდილობს იქცეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების „მთავარ მოთამაშედ“ და ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის რომ ოპოზიციას, ბოიკოტის გარდა, სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ მისცეს.


ხათუნა კიღურაძე
  • 6
  • 3561
0 Comments