წითელი ვერსია
  • 3
  • 5367

„კანონიერი ქურდი“ აქციაზე?

13 აპრილი 2021

პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პროტესტის გაშუქებისას, მედია საკუთარ სარედაქციო პოზიციას ზოგჯერ მანიპულაციური მეთოდების გამოყენებით ან დაუზუსტებელი ინფორმაციის მიზანმიმართული ტირაჟირებით აფიქსირებს.


ამ მხრივ, ქართულ მედიაში განსაკუთრებით გავრცელებულია ამა თუ იმ აქციასთან ე. წ. კრიმინალური ავტორიტეტების დაკავშირება, რაც მედიასაშუალების მხრიდან მოვლენისადმი მიკერძოებული დამოკიდებულების შთაბეჭდილებას ტოვებს და პროცესის მონაწილე ერთ-ერთი მხარის დისკრედიტაციის მცდელობად აღიქმება.


მსგავსი შემთხვევა ვიხილეთ 13 აპრილს, ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებებში, სადაც რიონის ხეობაში, ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები გააშუქეს.


კერძოდ, დილის საინფორმაციო გამოშვებებში, „ქრონიკამ“ მაყურებელს აუწყა, რომ „აქციაზე ძმასთან ერთად იმყოფებოდა 'მუსუსას' მეტსახელით ცნობილი ე.წ. 'კანონიერი ქურდი' რომან ლომთაძე“. ეს ინფორმაცია 08:00 და 09:00 საათის გამოშვებებში ტელეკომპანიამ სააგენტო „პრაიმტაიმზე“ დაყრდნობით, გადაუმოწმებლად გაავრცელა და თან დაურთო სტატიაში გამოქვეყნებული ე. წ. „კანონიერი ქურდის“ ფოტოსურათი, რომელიც აქციაზე გადაღებული არ იყო და შესაბამისად, აქციაზე მის ყოფნას არ ადასტურებდა.


მოგვიანებით „კრიმინალური ავტორიტეტების თემით“ მანიპულაცია „ქრონიკის“ დღისა და შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებებშიც გაგრძელდა, თუმცა, ამჯერად „დაზუსტდა“, რომ აქციაზე არა თავად „კანონიერი ქურდი“, არამედ მხოლოდ მისი ძმა, რაულ ლომთაზე იმყოფებოდა.


„ქრონიკამ“ შემოგვთავაზა რაულ ლომთაძის კომენტარიც, რომელიც ამბობს, რომ მიწაზე, სადაც ჰესის აშენება იგეგმება, ვენახი აქვს გაშენებული და მას 2015 წლიდან იცავს, ხოლო მის ძმას, რომან ლომთაძეს მის საქმიანობასთან და პროტესტთან არავითარი კავშირი არ აქვს.


საგულისხმოა, რომ დღის მანძილზე მედიასაშუალებას არც შეუმჩნევია დილის გამოშვებებში გავრცელებული ცნობა აქციაში უშუალოდ „კანონიერი ქურდის“ მონაწილეობის შესახებ, რითაც, სულ მცირე, გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება.


ამის ნაცვლად, მომდევნო გამოშვებებში ტელეკომპანიამ აქცენტი რომან ლომთაძის ძმაზე, რაულ ლომთაძეზე გადაიტანა, რომელიც ნამდვილად იმყოფებოდა აქციაზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საგულისხმოა ფრაზა, რაც უკვე 20:00 საათის შემაჯამებელ გამოშვებაში მოვისმინეთ: „რაულ ლომთაძე აქციაში მონაწილეობას ადასტურებს“.


მაყურებლისთვის დამაბნეველია ასეთი შეფასების მოსმენა, როცა კადრში ნათლად ჩანს, რომ რაულ ლომთაძე „იმედთან“ კომენტარს სწორედ აქციიდან აკეთებს და ბუნებრივია, მისი აქციაზე დასწრება არავითარ დამატებით დადასტურებას არ საჭიროებს.


გაუგებარია აგრეთვე, რა მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებს საზოგადოება ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე ხმაურიანი პროტესტის გაშუქებისას იმ ფაქტის ხაზგასმით, რომ ასობით სხვა ადამიანთან ერთად პროტესტს გამოხატავს ადგილობრივი მკვიდრი რაულ ლომთაძეც, რომელიც ე.წ. „კანონიერი ქურდის“ ძმაა.


ცხადია, რომ ერთი ძმის ბიოგრაფია, რამდენად ბევრი კითხვაც არ უნდა არსებობდეს მისი მისამართით, მეორე ძმას, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეა, პროტესტის გამოხატვის უფლებას ვერ შეუზღუდავს, თუმცა მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია „იმედი“ მთელი დღის მანძილზე ცდილობდა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭებინა იმ ფაქტისთვის, რომ „კანონიერი ქურდის“ ძმა ნამდვილად იყო აქციაზე.


ცნობისთვის: ტელეკომპანია „იმედზე“ ადრეც დაფიქსირებულა მიკერძოებული ჟურნალისტიკის მაგალითები ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის გაშუქებისას, რასაც „მედიაკრიტიკა“ მიმდინარე წლის 5 მარტსაც გამოეხმაურა.

ხათუნა კიღურაძე
  • 3
  • 5367
0 Comments