წითელი ვერსია
  • 11
  • 2811

ნამახვანი: აქცია არაპირდაპირ ეთერში

05 მარტი 2021

28 თებერვალს ქართული საზოგადოება მასშტაბური და შეიძლება ითქვას, უჩვეულო აქციის მომსწრე შეიქნა: ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 15 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა და პროტესტი გამოთქვა რიონის ხეობაში დაგეგმილი ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ. ფორმისა და შინაარსის გარდა, ამ აქციაში უჩვეულო იყო ისიც, რომ ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი საპროტესტო მოვლენა პირდაპირ ეთერში არ გადაუცია არცერთ მსხვილ საერთოეროვნულ მაუწყებელს.


ცნობისთვის: აქცია რამდენიმე გარემოსდაცვითი ორგანიზაციის (და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის) თაოსნობით ჩატარდა და მის მონაწილეებს, პროტესტის სიმწვავის მიუხედავად, პოლიტიკური მოთხოვნები არ წამოუყენებიათ.


შეგახსენებთ, რომ ცალკეული სამოქალაქო ჯგუფები და რიონის ხეობის მოსახლეობა უკვე მეხუთე თვეა, აქტიურად ეწინააღმდეგებიან პროექტს. ამ ხნის მანძილზე პროტესტის მონაწილეების ნაწილი მუდმივად ადგილზე რჩება და რამდენჯერმე პოლიციასთან ცალკეულ პირთა დაპირისპირება შეხლა-შემოხლაშიც კი გადაიზარდა.


დაძაბულობა იგრძნობოდა 28 თებერვლის აქციაზეც, რომლის ორგანიზატორებმაც ხელისუფლებას ორკვირიანი ვადა მისცეს გაცემული ნებართვისა და ლიცენზიის გასაუქმებლად. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 14 მარტიდან აქტივისტები პერმანენტული აქციის დაწყებას გეგმავენ.


ერთი სიტყვით, საკითხი აქტუალურია, პრობლემა − მწვავე, ხოლო აქციის მასშტაბი − შთამბეჭდავი. მიუხედავად ამისა, საზოგადოებამ 28 თებერვლის საინფორმაციო გამოშვებებში აქციის შესახებ მხოლოდ ფრაგმენტული და ზოგჯერ არაობიექტური ინფორმაციაც მიიღო. ქუთაისში არ გვინახავს არც სახელდახელოდ მოწყობილი „საველე სტუდიები“, და არც ტოკშოუ „მოვლენების ეპიცენტრში“, რაც ბოლო პერიოდის ქართულ მედიაში ერთგვარ მოდადაც კი იქცა.


ჩნდება, ერთი შეხედვით, მარტივი კითხვა: რა კრიტერიუმებით განსაზღვრავს ქართული ტელემედია, რომელი აქცია „იმსახურებს“ პირდაპირ ეთერს და რომელი −არა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას რამდენიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება:


ქუთაისის აქციის გაშუქებამ დაადასტურა, რომ ე. წ. „კრიტიკული“ ტელემედიისთვის მთავარია არა, უბრალოდ, ხელისუფლების კრიტიკა, არამედ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების პროპაგანდა. შესაბამისად, ისინი არ იყენებენ ხელისუფლებაზე დარტყმის კარგ შანსს, თუკი იერიშს მათი ფავორიტი პარტია არ ახორციელებს.


ამ ვარაუდს ამყარებს ერთ-ერთი რადიკალურად ოპოზიციური მედიასაშუალების − „მთავარი არხის“ − დამოკიდებულების ტრანსფორმაციაც აქციის მიმართ ერთი დღის მანძილზე: 12 საათის საინფორმაციო გამოშვებაში ცნობა ქუთაისის აქციის შესახებ არხმა მაყურებელს მოკლედ, საქმიანად და ემოციურად მიუკერძოებლად მიაწოდა, ისიც გამოშვების ბოლო ნაწილში და არაფერი მოასწავებდა იმას, რომ მომდევნო გამოშვებაში ეს თემა მთავარ ადგილს დაიკავებდა არხის საინფორმაციო დღის წესრიგში.


თუმცა, მას შემდეგ, რაც აქციაზე მისულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, სიურპრიზი აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილისთვის და მან პროტესტისთვის მხარდაჭერის გამოცხადება გადაწყვიტა, 15 საათზე „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვება უკვე ქუთაისის კადრებით დაიწყო და გამოშვების უდიდესი ნაწილიც სწორედ აქციის თემას დაეთმო.


რაც შეეხება ხელისუფლებისადმი კონსტრუქციულად ან პოზიტიურად განწყობილ მედიასაშუალებებს, ისინი პროტესტის მიმართ ინდიფერენტულ, ან სულაც უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავდნენ.


მაგალითად, „პოს TV“-მ აქციის შესახებ ცნობა მხოლოდ ერთხელ, 16 საათიის საინფორმაციო გამოშვებაში, მოკლედ და ემოციურად მიუკერძოებელ სტილში გაავრცელა, ხოლო „იმედმა“ 17 საათის „ქრონიკაში“ დიდი დრო დაუთმო მიხეილ სააკაშვილის მიერ აქციის მხარდაჭერის გაშუქებას, რაც თავისუფლად შეიძლება შეფასდეს პროტესტის დისკრედიტაციისა და მარგინალიზების მცდელობად.


ასეა თუ ისე, ქუთაისის „აქცია-სიურპრიზმა“ ერთხელ კიდევ დაადასტურა, რომ მედიის დღის წესრიგს ქვეყანაში დიდწილად პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ქმნიან და მათ ჩაურევლად აშკარად ჭირს საერთოეროვნულ მაუწყებელთა ყურადღების მიპყრობა. აქ იგულისხმება არა მაინცდამაინც რაიმე კონკრეტული დავალება, არამედ უფრო მეტად ინტელექტუალური და იდეოლოგიური გავლენა.


პირველი ოთხი თვის მანძილზე პროტესტის „არშემჩნევა“ იმითაც იყო განპირობებული, რომ „ეკონომისტებისა“ და „ეკოლოგისტების“ დისკუსიაში, ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკური ძალა „ეკონომისტთა“ მხარეს აღმოჩნდა და, რაკი მიხეილ სააკაშვილის რიტორიკის ცვლილებამდე, პოლიტიკური სპექტრის ძლიერ წარმომადგენლებს საკითხი დავის საგნად არ უქცევიათ, მედიამ ვერ შეძლო პოლიტიკურ კლასს მიღმა, საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგობებისა და პრობლემების ადეკვატურად ასახვა.


დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ნამახვანის გაშუქების საკითხში იყო გამონაკლისებიც. რამდენიმე მედიასაშუალებამ პროტესტი შედარებით სიღრმისეულად გაააშუქა და მეტ-ნაკლებად ადეკვატური დრო დაუთმო. ამ მხრივ შეიძლება გამოვყოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რომლის საინფორმაციო გამოშვებებშიც თემა ორჯერ გაშუქდა − 15:00 და 18:00 საათზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „მოამბის“ მაყურებელმა პროცესის შესახებ ობიექტური ინფორმაცია მიიღო, ხოლო გაშუქების ხასიათში ინდიფერენტული ან მიკერძოებული განწყობა არ შეიმჩნეოდა.


იყო გამონაკლისი გაშუქების ხასიათის თვალსაზრისითაც. მაგალითად ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადაცემებში, რომელიც დიდი ჰესების მიმართ ტრადიციულად, სკეპტიკური დამოკიდებულებით გამოირჩევა, პროტესტი ღია მხარდაჭერით შუქდებოდა (თუმცა, დიდი ჰესების მიმართ დამოკიდებულების გადასინჯვა, მიხეილ სააკაშვილის პოზიციის შეცვლის ფონზე, მომავალში „მთავარი არხის“ მხრიდანაც მოსალოდნელია).


აღსანიშნავია, რომ „პალიტრანიუსმა“ და ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთმა“ აქციის საკმაოდ ვრცელი მონაკვეთი საკუთარ პლატფორმებზე „ლაივში“ გადასცეს, მაგრამ მთლიანობაში ამან, ცხადია, გავლენა ვერ მოახდინა 28 თებერვლის საინფორმაციო დღის წესრიგზე.


ზვიად ავალიანი
  • 11
  • 2811
0 Comments