წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 6
  • 2847

ვინ (არ) გასცემს მშენებლობის ნებართვას?

17 ოქტომბერი 2021

8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი ტრაგედია მედიის განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდა. საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევით წარმოებულმა სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა განაპირობა, მოჰყვა მსხვერპლი და გარდაცვლილებს შორის სამი ბავშვიც აღმოჩნდა.


პრობლემის მასშტაბიდან და ტრაგედიის სიმძიმიდან გამომდინარე მედიის განსაკუთრებული ყურადღება სრულიად ბუნებრივი და ადეკვატურია, თუმცა საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილება გულისხმობს არა მხოლოდ თემის სწორად შერჩევას, არამედ მის სწორად გაშუქებასაც.


საინტერესოა, რამდენად აკმაყოფილებდა ამ მოთხოვნებს ქართული მედია 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გაშუქებისას?


უპირველეს ყოვლისა, უნებართვო და სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფით წარმოებული მშენებლობა და რეკონსტრუქცია საქართველოსთვის დღემდე ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება და ამ სიმწვავეს კიდევ უფრო ამძაფრებს ის გარემოება, რომ ქვეყანაში ბევრი ავარიული საცხოვრებელი სახლია, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან ნებისმიერი სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების მიმართ.


ამ ფონზე, უშუალოდ ტრაგედიის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების გარდა მედიას, ცხადია, ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმის გარკვევაზე, ვის მიერ და როგორ ხორციელდებოდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, იყო თუ არა გაცემული ოფიციალური ნებართვა მათ საწარმოებლად და საერთოდ, რომელი უწყებები აწესრიგებენ აღნიშნული ტიპის საქმიანობას.


შემდეგ, რაკი ნებართვა გაცემული არ ყოფილა, მედია სასურველი იყო ჩაღრმავებოდა იმას, თუ რა მექანიზმები არსებობს თვითნებურად წარმოებული მშენებლობის გამოსავლენად და რამდენად ეფექტიანია სახელმწიფოს რეაგირება.


საზოგადოებისთვის ასევე უეჭველად მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, თუ რა ტიპის სამუშაოები უქმნის განსაკუთრებულ საფრთხეს შენობის მდგრადობას და როგორ უნდა ამოიცნონ ადამიანებმა ეს საფრთხეები.


უნდა ითქვას, რომ მედიასაშუალებების ნაწილმა თემა საკმაოდ კეთილსინდისიერად და სტანდარტების დაცვით გააშუქა, თუმცა სამწუხაროდ ტელემედიაში ხშირი იყო ტრაგედიის სენსაციად ქცევის, დაზარალებულთა ემოციებით მანიპულირებისა და ეთიკურად უპასუხისმგებლო გაშუქების სხვა შემთხვევები.


რაც შეეხება უშუალოდ საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას, მედია ზოგჯერ არა მხოლოდ ვერ პოულობდა პასუხებს ზემოთჩამოთვლილ კითხვებზე, არამედ იყო შემთხვევები, როცა შეცდომაშიც კი შეჰყავდა აუდიტორია და კიდევ უფრო აბნევდა მკითხველსა თუ მაყურებელს.


ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული არასწორი ინტერპრეტაცია მომხდარ ტრაგედიაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, რომელმაც თითქოს მხოლოდ კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ შეაჩერა პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინისა და სარდაფის გაერთიანების პროცესი.


მაგალითად, 9 ოქტომბერს ტვ „პირველის“ 11:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში ბათუმიდან ჩაერთო ჟურნალისტი, რომელმაც გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რომ ჯერ კიდევ არ იყვნენ დაკითხულნი საჯარო რეესტრის წარმომადგენლები, ხოლო რამდენიმე წამის შემდეგ იმავე ჟურნალისტმა შინაგან საქმეთა მინისტრს განუცხადა, რომ საჯარო რეესტრს გაცემული ჰქონდა ნებართვა სარდაფისა და საცხოვრებელი ბინის გაერთიანებაზე და დაინტერესდა, მუშაობდა თუ არა გამოძიება ამ მიმართულებით.


რეალურად, როგორც საჯარო რეესტრის ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, 2021 წლის 4 ოქტომბერს სააგენტოს წერილობით მიმართა მოქალაქე ზაურ ბუდაგოვმა და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანა. „სააგენტომ კანონით გათვალისწინებულ 4 სამუშაო დღის ვადაში მიიღო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან მოთხოვნილი იყო უძრავი ქონების ცვლილების რეგისტრაცია და არ იყო წარმოდგენილი ბინისა და სარდაფის ერთიანი აზომვითი ნახაზი“, აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.


აქედან გამომდინარე ცხადია, რომ საჯარო რეესტრს ზაურ ბუდაგოვისთვის არავითარი ნებართვა არ მიუცია და ჟურნალისტმა შეცდომაში შეიყვანა საკუთარი რესპონდენტიც და საზოგადოებაც, თუმცა ეს არ ყოფილა ერთადერთი შეცდომა მის ჩართვაში.


ჟურნალისტის საუბრიდან (ისევე როგორც არხის სხვა გადაცემებიდან) შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ერთ შენობაში მდებარე ორი ფართის არქიტექტურული გაერთიანების ნებართვას სწორედ საჯარო რეესტრი გასცემს, თუმცა რეალურად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აღნიშნული სააგენტო საერთოდ არ არის მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო და მას ფართის პიროვნების საკუთრებაში დარეგისტრირებისთვის მიმართეს.


ცხადია, რომ ჟურნალისტისთვის რთული არ უნდა ყოფილიყო იმის დადგენა, თუ რა სფეროს არეგულირებს საჯარო რეესტრი და რომელი უწყება არის უფლებამოსილი უშუალოდ სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ნებართვის გასაცემად, თუმცა ტვ „პირველის“ რეპორტიორი ამ მნიშვნელოვან გარემოებაში ვერ (ან არ) გაერკვა და შედეგად, არხმა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოების ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ტვ „პირველმა“ საჯარო რეესტრის ოფიციალური გამოხმაურებაც გაავრცელა.


ზაალ ანჯაფარიძე
  • 6
  • 2847
0 Comments