წითელი ვერსია
  • 53
  • 5614

ტრაგედია და ეთიკა უბედური შემთხვევის გაშუქებისას

10 ოქტომბერი 2021

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ავალდებულებს მედიას, „არ გადაიღოს ან არ გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ან პიროვნება პირადი ტრაგედიის და მწუხარების დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა“ .


კანონის ამ ჩანაწერისა და პროფესიული სტანდარტების მიუხედავად, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევისა და სამაშველო ოპერაციის გაშუქებისას, 9 ოქტომბერს, ტვ „პირველის“, „მთავარი არხისა“ და „ფორმულის“ დღის საინფორმაციო გამოშვებებში ვიხილეთ შემთხვევები, როცა ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ცდილობდნენ ნანგრევებიდან ამოყვანილი, დაღუპული და დაშავებული ადამიანების ოჯახის წევრებისგან კომენტარის მოპოვებას და ასევე, ეთერში გადასცემდნენ უმძიმესი სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანების განცდებს.


ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ტვ „პირველის“ რეპორტიორის გასაუბრება მამაკაცთან, რომელმაც ოჯახის ოთხი წევრი - მეუღლე, ძმა და მცირეწლოვანი შვილები დაკარგა.


ჟურნალისტი, რომელიც უკვე ისედაც ინფორმირებულია, რომ მისი მეუღლე ეს-ესაა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ცდილობს ეს ფაქტი პირადად მას დაადასტურებინოს: „თქვენი ცოლი ამოიყვანეს ხომ?... ბავშვებს ელოდებით ისევ?“.


ამ დროს მაყურებელი ხედავს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ, ფაქტობრივად, თავზარდაცემულ ადამიანს, რომელიც, მიუხედავად მისი მდგომარეობისა, ჟურნალისტს მაქსიმალურად დელიკატურად მიმართავს და ეუბნება: „ცოტა მოგვიანებით, თუ შეიძლება“.


ასეთივე არაეთიკური სცენარი ვიხილეთ „მთავარი არხისა“ და „ფორმულის“ შემთხვევაშიც, სადაც, ამჯერად, ჟურნალისტების სამიზნე დაღუპული დედა-შვილის ახლობელი ქალბატონია. „ცხედრები, რომლებიც ამოასვენეს, არიან თუ არა თქვენი ნათესავები?“ - ეკითხება ჟურნალისტი ქალბატონს, რომელიც იქვე დასტირის დაღუპულებს.


ფაქტია, რომ ამგვარი გაშუქებით და შესაბამისად, პროფესიული სტანდარტების სრული უგულებელყოფით, ტელეკომპანიები საზოგადოებისთვის ისედაც მძიმედ აღსაქმელი ტრაგედიის მაქსიმალურად მტკივნეული ფორმებით დემონსტრირებას შეეცადნენ.


ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ დაზარალებული ადამიანების პირადი განცდების ტირაჟირება ნამდვილად არ წარმოადგენდა აუცილებლობას საზოგადოების ინფორმირების კუთხით, რადგან შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენები თითქმის ყველა ტელეარხზე პირდაპირი ეთერის უწყვეტ რეჟიმში გადაიცემოდა.


ხათუნა კიღურაძე
  • 53
  • 5614
0 Comments