წითელი ვერსია
  • 4
  • 2918

უოლტერ დიურანტის ისტორია - ფაქტების კვალდაკვალ

26 დეკემბერი 2022

რუსეთ-უკრაინის ომი სერიოზული გამოცდა აღმოჩნდა არა მხოლოდ დღევანდელი მედიის, არამედ იმ ჟურნალისტებისთვისაც, რომლებიც წარსულში, ათეულობით წლის წინ აშუქებდნენ თავისი ეპოქის მთავარ ფაქტებსა და მოვლენებს.


ბოლო დროს განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა ამერიკელი ჟურნალისტის უოლტერ დიურანტის ისტორიამ, რომელიც გასული საუკუნის 20-30-იან წლებში „ნიუ-იორკ თაიმსის“ მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელობდა და იმ პერიოდში ამერიკელი მკითხველი დიდწილად სწორედ მის მიერ მომზადებული მასალებიდან ეცნობოდა საბჭოთა კავშირში მიმდინარე პროცესებს.


საგულისხმოა, რომ 1932 წელს დიურანტიმ ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო - პულიცერის პრემიაც მიიღო საბჭოთა კავშირის შესახებ მომზადებული სტატიების ციკლისთვის („რუსეთს მართავს სტალინიზმი და არა კომუნიზმი“, „სტალინი როგორც ივანე მრისხანეს ექო“ და სხვ.), სადაც ის სტალინის მმართველობის საწყის პერიოდს აღწერდა.


იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც დღეს გვაქვს და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე დასავლეთში საბჭოთა კავშირის აღქმა და შეფასება მნიშვნელოვნად განსხვავდება 1932 წლის აღქმების და შეფასებებისგან, სტალინის ეპოქის დიურანტისეული გაშუქება ფასდება, როგორც არასაკმარისად კრიტიკული.


მიუხედავად ამისა, კამათი უოლტერ დიურანტის ფიგურის და მისი სტატიების შესახებ დღემდე გრძელდება, რადგან პრემიის ჩამორთმევის რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ის კვლავ რჩება პულიცერის ლაურეატად.


დიურანტის თემა განსაკუთრებით უკრაინის კონტექსტში აქტიურდება ხოლმე.


საქმე ისაა, რომ 30-იანი წლების საბჭოთა კავშირში მიმდინარე სხვა პროცესების მსგავსად (კოლექტივიზაცია, ინდუსტრიალიზაცია, პოლიტიკური რეპრესიები და ა.შ.) დიურანტი არასაკმარისად აკრიტიკებდა (დღევანდელი გადასახედიდან) ან ოფიციალური კიევისგან განსხვავებულად აღწერდა 1932-33 წლების მასობრივ შიმშილს საბჭოთა კავშირის რიგ რეგიონებში, რომელიც განსაკუთრებით მწვავედ უკრაინაზე აისახა და თანამედროვე უკრაინული ისტორიოგრაფია მას უკრაინელების წინააღმდეგ მიმართულ გენოციდის აქტად (ჰოლოდომორი) მიიჩნევს.


უოლტერ დიურანტი არ თვლიდა, რომ მასობრივი შიმშილი, რომელიც 30-იანი წლების დასაწყისში უკრაინას და რუსეთის სამხრეთ რეგიონებს შეეხო, ექსკლუზიურად უკრაინელების წინააღმდეგ, ეთნიკური ნიშნით განხორციელებული გენოციდის შემთხვევა იყო, რაც უკრაინის ამჟამინდელი სახელმწიფო იდეოლოგიისთვის პრინციპულ საკითხს წარმოადგენს.


სხვათა შორის, ამ კონკრეტულ საკითხში დიურანტის დღესაც ბევრი თანამოაზრე ჰყავს, რადგან ექსკლუზიურად რომელიმე ეთნოსის წინააღმდეგ მიმართული გენოციდის იდეა თითქოს უარყოფს მასობრივ შიმშილს საბჭოთა კავშირის სხვა რეგიონებში (მათ შორის თავად რუსეთშიც), რაც დადასტურებული ფაქტია;


თუმცა დიურანტი ასევე ვერ ამჩნევდა (შესაძლოა შეგნებულადაც) შიმშილის რეალურ მასშტაბებს, რის გამოც, მისი ოპონენტები საბჭოთა ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებაში ადანაშაულებენ, ან ვარაუდობენ რომ ის შესაძლოა შანტაჟის მსხვერპლიც ყოფილიყო. ამ ვერსიების დამადასტურებელი მტკიცებულებები საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.


დიურანტის ფიგურა ბუნებრივია, განსაკუთრებით მიუღებელი იყო დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში მცხოვრები უკრაინული დიასპორის და აქტივისტებისთვის. 2003 წელს მათ მიაღწიეს იმას, რომ პულიცერის საბჭომ და „ნიუ-იორკ თაიმსმა“ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეისწავლეს აღნიშნული ისტორია და საზოგადოებას საკუთარი დასკვნები წარუდგინეს.


„ნიუ-იორკ თაიმსმა“ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დიურანტის მიერ რედაქციაში გაგზავნილი მასალები ძირითადად ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებს ეყრდნობოდა და გადიოდა საბჭოთა ცენზურას. შესაბამისად, გამოცემა შეეცადა, ამით აეხსნა ჟურნალისტის არასაკმარისი კრიტიკულობა.


რაც შეეხება პულიცერის საბჭოს, 2003 წელს, ხანგრძლივი მოკვლევის შემდეგ, ის მივიდა დასკვნამდე, რომ მართალია, დიურანტის სტატიები თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ მათში ასევე არ შეინიშნება მკითხველის მიზანმიმართული მოტყუების მცდელობა, რაც ამ შემთხვევაში მთავარი კრიტერიუმია პრემიის ჩამოსართმევად. გარდა ამისა, პულიცერის საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ პრემია გაიცემა კონკრეტულ ჟურნალისტურ ნამუშევარზე და არ გულისხმობს ჟურნალისტის მთელი კარიერის ან მისი პიროვნების შეფასებას.


ამით საბჭომ აშკარად მიანიშნა, რომ სტატიების დაწერის და ასევე, მათი შეფასების პროცესი (1931-1932) წინ უსწრებდა მასობრივი შიმშილის ყველაზე მწვავე პერიოდს (1932-1933). აქედან გამომდინარე, პრემიის გაცემის მომენტში საბჭოს შეუძლებელია სცოდნოდა, როგორ გააშუქებდა ჟურნალისტი მასობრივ შიმშილს ან რომელიმე სხვა მოვლენას მომავალში.


აქვე აღსანიშნავია, რომ დასავლური საზოგადოების და მათ შორის, მედიის დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის და კონკრეტულად, სტალინის მიმართ არ იყო ყოველთვის ერთგვაროვანი და ამ დამოკიდებულებაზე მუდმივად ახდენდა გავლენას პოლიტიკური კონიუნქტურა.


მაგალითად, 30-იან წლებში შეინიშნებოდა ურთიერთობების დათბობა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის და უოლტერ დიურანტის სტატიები შესაძლოა, გარკვეულწილად სწორედ ამ სულისკვეთებითაც იყოს განპირობებული;


ყოველ შემთხვევაში, არსებობს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, „ნიუ-იორკ თაიმსმა“ თავად გააფორმა ხელშეკრულება საბჭოთა ხელისუფლებასთან და ამ შეთანხმების მიხედვით, ჟურნალისტი საჭოთა კავშირში მუშაობისას, კრემლის მიერ მიწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციას უნდა დაყრდნობოდა.


მეორე მხრივ, ფაქტია ისიც, რომ დასავლურ მედიას და საზოგადოებას ჯერ კიდევ 30-იან წლებში ჰქონდა ალტერნატიული ინფორმაცია საბჭოთა კავშირში მიმდინარე პროცესების შესახებ, მათ შორის, უშუალოდ დასავლელი ჟურნალისტებისგანაც.


ამ ჟურნალისტების პოზიციას 30-იანი წლების ევროპასა და ამერიკაში განსაკუთრებული ყურადღება არ ეთმობოდა, თუმცა „ცივი ომის“ დაწყების შემდეგ, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ინტერპრეტაცია სულ უფრო აქტუალური ხდება იმდენად, რამდენად მწვავე დაპირისპირების ფაზაშიც შედის ურთიერთობა მოსკოვსა და დასავლეთს შორის.


ამგვარი, თავის დროზე იგნორირებული და შემდგომ „გადააზრებული“ ჟურნალისტის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ბრიტანელი გარეტ ჯონსი, რომელიც ჯერ კიდევ 30-იან წლებში შეეცადა დაემტკიცებინა, რომ საბჭოთა კავშირში მიმდინარე მოვლენების დიურანტისეული ინტერპრეტაცია არასწორია და სინამდვილეში, თუნდაც იგივე მასობრივი შიმშილის შემთხვევაში, საქმე გაცილებით მასშტაბურ მოვლენასთან გვქონდა.


დიურანტისა და ჯონსის დაპირისპირებაზე პოლონელმა რეჟისორმა, აგნეშკა ჰოლანდმა 2019 წელს გადაიღო ფილმი („მისტერ ჯონსი“) რომელიც ახლახანს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზეც უჩვენეს. ფილმს გამოეხმაურა მედიაკრიტიკაც, თუმცა საზოგადოებაში არსებული კითხვების ამოწურვა ბუნებრივია, შეუძლებელია ერთი სტატიის ან ფილმის ფარგლებში.


მაგალითად, - რატომ თანხმდებოდა „ნიუ-იორკ თაიმსი“ იმას, რომ დიურანტი საბჭოთა ხელისუფლების მიერ მიწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობოდა და შესაბამისად, მისი სტატიები ძირითადად კრემლის პოზიციას ასახავდა?


არადა, დიურანტი 1931 წლის შემდეგ, კიდევ 10 წლის განმავლობაში მუშაობდა მოსკოვში და წარმოადგენდა ინფორმაციისა და ინტერპრეტაციის ძირითად წყაროს „ნიუ-იორკ თაიმსის“ მკითხველისთვის. 30-იან წლებში გამოცემას ალბათ ჰქონდა გარკვეული არგუმენტები ამგვარი სტრატეგიის ასახსნელად. მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ მითუმეტეს, რამდენად სწორია პასუხისმგებლობის მხოლოდ ჟურნალისტზე დაკისრება „საბჭოთა პროპაგანდის გავრცელებისთვის“?


ასევე, სამართლიანი იყო თუ არა (თუნდაც 30-იანი წლების სტანდარტებით) დიურანტისთვის პულიცერის მინიჭება?


თუ სამართლიანი იყო, - მაშინ რატომ არ წყდება აქტიურობა პრემიის ჩამორთმევის მოთხოვნით?


თუ არ იყო სამართლიანი, - მაშინ რატომ ამბობს ჯიუტად უარს პულიცერის საბჭო ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე?


ასევე საინტერესოა, რამდენად სწორია პროპაგანდის გავრცელებაზე საუბარი თანამედროვე პოლიტიკური კონტექსტიდან, როცა საუბარი ეხება თითქმის საუკუნის წინ დაწერილ სტატიებს?


ბოლოსდაბოლოს, დღევანდელი გადასახედიდან, თავად გარეტ ჯონსის მიერ გერმანიაში მუშაობის პერიოდში დაწერილ სტატიებშიც შეიძლება შევამჩნიოთ არასაკმარისი კრიტიკულობა ჰიტლერის მიმართ და თავად ჯონსშიც შევიტანოთ ეჭვი...


მითუმეტეს, რომ ჯონსმა მიაღწია ინტერვიუს ჰიტლერთან, ანუ რაღაც მომენტში ის ისევე „ახლოს აღმოჩნდა“ ნაცისტური გერმანიის „ფიურერთან“, როგორც დიურანტი - სტალინთან.


და მაინც - ვინ იყო უოლტერ დიურანტი? - პრაგმატული კარიერისტი, რომელიც პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილებამ „განტევების ვაცად“ აქცია, თუ ორმაგი ბიოგრაფიის მქონე ფიგურა, რომელიც საბჭოთა უშიშროების შანტაჟის ქვეშ, ან საკუთარი სურვილით თანამშრომლობდა მასთან?


ან იქნებ, მას მართლა გულწრფელად ჰქონდა სიმპათიები სტალინის მიმართ და ბევრი მისი თანამედროვე დასავლელი ინტელექტუალის მსგავსად, სრულიად უანგაროდ თანაუგრძნობდა სოციალიზმის იდეას?


ადრე თუ გვიან, მსოფლიო საზოგადოება ალბათ იპოვის პასუხებს ამ შეკითხვებზე.


სავარაუდოდ, ეს მოხდება მაშინ, როცა დაპირისპირების თემა დაკარგავს პოლიტიკურ აქტუალობას, საკითხის შესწავლას შეუდგებიან წინასწარგანწყობებისგან დაცლილი პროფესიონალები და მათზე გავლენას ვერ მოახდენს ვერც წარსული და ვერც დღევანდელი პოლიტიკური კონიუნქტურა.


ფოტო dailymail.co.uk

ზვიად ლიპარტელიანი
  • 4
  • 2918
0 Comments