წითელი ვერსია
  • 0
  • 3871

"მისტერ ჯონსი" და პულიცერის შეცდომა

11 დეკემბერი 2022

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. ერთი კვირის განმავლობაში თბილისი წლის მთავარ კინომოვლენასთან ერთად ცხოვრობდა - ქართული თუ უცხოური ფილმების პრემიერებით, სპეციალური სტუმრებით, შეხვედრებით და მსჯელობით აქტუალურ თემებზე.


წლევანდელი ფესტივალის მთავარი ლაიტმოტივი უკრაინის თემა იყო და კინოფორუმი გაიხსნა ფილმით, რომლის სიუჟეტი უკრაინის ირგვლივ ვითარდება.


ჩვენი ბლოგისთვის საინტერესო აღმოჩნდა ფილმში მოთხრობილი ამბავი ამერიკელ და ბრიტანელ ჟურნალისტებზე, რომლებიც 1930-იანი წლების საბჭოთა კავშირში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ.


ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტის, პოლონელი რეჟისორის აგნეშკა ჰოლანდის 2019 წელს გადაღებული ფილმი „მისტერ ჯონსი“ ბრიტანელი ჟურნალისტის ისტორიას გვიამბობს.


უფრო სწორად, ესაა დიპლომატის თავგადასავალი, რომელიც ჟურნალისტური გზებით ცდილობს პოლიტიკური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას.


ინტერვიუ - ეს ხომ უნიკალური საშუალებაა, მიიღო პასუხები საინტერესო კითხვებზე.


ამიტომ მისტერ ჯონსი სწორედ ჟურნალისტის სახელით ხვდება ჯერ ადოლფ ჰიტლერს, შემდეგ კი ინტერვიუს გეგმავს სტალინთან, მიემგზავრება მოსკოვში, სადაც მას ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, „ნიუ-იორკ თაიმსის“ მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი უოლტერ დიურანტი მასპინძლობს.


აღსანიშნავია, რომ ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. დიურანტი 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მოსკოვის ბიუროს, წერდა საბჭოთა კავშირის წარმატებების, ინდუსტრიალიზაციის, ბოლშევიკების „მიღწევების“ შესახებ და „თაიმსის“ რედაქციას პროპაგანდისტულ მასალებს აწვდიდა.


1932 წელს დიურანტიმ პულიცერის პრემია მიიღო საბჭოთა კავშირის შესახებ მომზადებული სტატიების ციკლისთვის.


ბრიტანელი ჯონსი და ამერიკელი დიურანტი ორი ჟურნალისტია, რომლებიც სრულიად განსხვავებულად ხედავენ და აღწერენ ერთსა და იმავე რეალობას.


ბრიტანელი ჟურნალისტი ცდილობს გაექცეს საბჭოთა ცენზურას, გამუდმებულ თვალთვალს და ნახოს უფრო მეტი - რეალობა, რომელსაც დიურანტის წითელი ფანქარი ისე ცვლის, როგორც კრემლს აწყობს.


დიურანტის წითელი ფანქრითაა გადახაზული „ჰოლოდომორი“, უკრაინის მიწებზე შიმშილით გარდაცვლილი ადამიანები, ცხედრები სოფლების გზებზე, პურის გამო ჭყლეტვაში დაღუპული ქალები და ბავშვები.


პროპაგანდა თუ სინამდვილე? პულიცერის პრემიის ლაურეატი თუ თვითმარქვია ჟურნალისტი?


ბრიტანელი ჟურნალისტისთვის სიმართლის დამტკიცება არ არის იოლი, მის სტატიებს არ ბეჭდავენ, - პოლიტიკურ დღის წესრიგს არ აწყობს კრემლის მხილება და უკრაინაში შიმშილობის აღიარება.


ამასთანავე, უცნაურია, რომ „ნიუ-იორკ თაიმსი“ არ ინტერესდება საკუთარი კორესპონდენტის მიერ გადაცემული მასალების სანდოობით, ინფორმაციის გადამოწმებით და სრულ თავისუფლებას აძლევს დიურანტის, წეროს ის, რაც მართებულად მიაჩნია.


ფილმში ჩნდება მესამე პერსონაჟიც - ჯორჯ ორუელი, რომელიც „ბიბისის“ ლიტერატურული რედაქტორი იყო, როცა „1984“-ს წერდა. ფილმში ვხვდებით მის ალეგორიულ ფრაზებს „ცხოველების ფერმიდან“.


ორუელი გადამწყვეტ სიტყვას ამბობს მაშინ, როცა ჯონსის მიერ დაწერილ სტატიებს არავინ იჯერებს.


„მხოლოდ ერთი სინამდვილე არსებობს - ფაქტები“ - ამბობს მწერალი.


საბოლოოდ ასეც ხდება - ფაქტები იმარჯვებს. გარეტ ჯონსის მიერ უკრაინაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს ერთ-ერთი გამოცემა და მსოფლიო ამ დანაშაულზე ლაპარაკს იწყებს.


ჩემთვის ყველაზე საინტერესო ამბავი ფილმის ბოლოს ეკრანზე გამოტანილი წარწერით შევიტყვე - უოლტერ დიურანტისთვის მინიჭებული პულიცერის პრემიის ანულირება არ მომხდარა.


აღსანიშნავია, რომ 2003 წელს საზოგადოებრივმა ჯგუფებმა პულიცერის კომიტეტს დიურანტისთვის პრემიის ჩამორთმევის შუამდგომლობით მიმართეს, თუმცა ექვსთვიანი განხილვის შემდეგ კომიტეტმა უარი თქვა.


როგორც ჩანს, შეცდომის აღიარება არავისთვისაა ადვილი.


მარიკა ბაკურაძე
  • 0
  • 3871
0 Comments