წითელი ვერსია
  • 15
  • 8059

ტრამპი და სოციალური მედია

24 იანვარი 2025

20 იანვარს, შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას თითქმის მთელი მსოფლიო ინტერესით ადევნებდა თვალს.


მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ინაუგურაციის ცერემონიაზე, ტექნოლოგიური კორპორაციების ხელმძღვანელთა და სოციალური მედიის მაგნატების უპრეცედენტო კონცენტრაციამ, რომელთაც განსაკუთრებით საპატიო ადგილები ერგოთ.


უშუალოდ პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის უკან ისხდნენ არა მომავალი ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები, არამედ სოციალური ქსელებისა და ტექნოლოგიური კორპორაციების წამყვანი ფიგურები:


Х-ის მფლობელი ილონ მასკი, Apple-ის აღმასრულებელი ტიმ კუკი, OpenAI-ის ხელმღვანელი სემ ალტმანი, „ტიკტოკის“ აღმასრულებელი შოუ ჟი ჩუ, Google-ის აღმასრულებელი სუნდარ პიჩაი, Google-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი სერგეი ბრინი, Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი, Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და მათი ოჯახის წევრები.


მსოფლიო მედიის ობიექტივში მოხვედრილი ეს კადრები ზუსტად ასახავს, რამხელა გავლენა აქვს სოციალურ მედიას და რამდენად კოლოსალური ძალაუფლებაა თავმოყრილი იმ ადამიანების ხელში, რომლებიც სოციალურ ქსელებსა და ტექნოლოგიურ გიგანტებს მართავენ.


აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ტექნოლოგიური კორპორაციების ხელმძღვანელები ყოველთვის არ ყოფილან ტრამპის მიმართ კეთილგანწყობილი; პირიქით, ზოგიერთი მათგანი ღია კონფრონტაციაშიც კი იყო მასთან.


მაგალითად, მარკ ცუკერბერგს წარსულში არაერთხელ გაუკრიტიკებია ტრამპი, 2021 წელს კი „ფეისბუკზე“ ტრამპის ყველა ანგარიში დაბლოკეს.


თუ გავითვალისწინებთ რომ ცუკერბერგი „ფეისბუკის“ გარდა, აკონტროლებს Whatsapp-ს, Intagram-ს, Threads-ს და კიდევ რამდენიმე პლატფორმას, ადვილი წარმოსადგენია, რამხელა გავლენა აქვს „მეტას“ კორპორაციას საზოგადოებრივ აზრზე.


ყოველთვის ტრამპის მეგობარი არ ყოფილა ილონ მასკიც, რომელიც პლანეტის უმდიდრესი ადამიანია და Х-ის (ყოფილი „ტვიტერის“) გარდა, ფლობს SpaceX-ს, Tesla-ს და სხვა უმნიშვნელოვანეს აქტივებს.


2016 წელს მასკი აცხადებდა, რომ ტრამპი არ იყო შესაფერისი კანდიდატი აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად, 2024 წელს კი, იგივე მასკი ტრამპის მთავარ საარჩევნო მოკავშირედ მოგვევლინა.


რადიკალური ტრანსფორმაცია განიცადა დონალდ ტრამპის და მარკ ცუკერბერგის ურთიერთდამოკიდებულებამაც:


მიუხედავად ტრამპთან წარსული დაპირისპირებისა, 2024 წლის არჩევნების წინ, ცუკერბერგმა ბაიდენის ადმინისტრაცია ზეწოლასა და ცენზურაში დაადანაშაულა, ხოლო მოგვიანებით ტრამპის საინაუგურაციო ფონდში თანხაც შეიტანა, რაც „ტრამპის ბანაკში“ გადასვლის აშკარა ნიშანი იყო.


გარდა ამისა, არჩევნების შემდეგ ცუკერბერგმა რადიკალურად შეცვალა „ფეისბუკის“ მოდერაციის სისტემა, უარი თქვა „დამოუკიდებელი ფაქტ-ჩეკერების“ სისტემაზე და დაუშვა დისკუსია იმიგრაციის, გენდერისა და სხვა აქტუალურ თემებზე, რაც შეიძლება შევაფასოთ, როგორც „ფეისბუკის“ გათავისუფლება ლიბერალური (დემოკრატიული პარტიის) იდეოლოგიური გავლენისგან.


2024 წლის არჩევნების წინ, ტრამპისკენ გადაიხარა Amazon-ის და Washington Post-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსიც. „პოსტმა“ უარი თქვა კამალა ჰარისის მხარდაჭერაზე და პირველად 36 წლის მანძილზე, მხარი არ დაუჭირა არცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს, ანუ ერთგვარი საარჩევნო ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, ხოლო თავად ბეზოსმა არჩევნების შემდეგ, ასევე შეიტანა თანხა ტრამპის საინაუგურაციო ფონდში.


და ბოლოს, არჩევნების წინ დონალდ ტრამპმა მოიპოვა „ტიკტოკის“ ხელმძღვანელობის კეთილგანწყობაც:


როგორც ცნობილია, 2024 წლის აპრილში პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას აშშ-ის ტერიტორიაზე „ტიკტოკის“ აკრძალვის შესახებ, რომელიც 2025 წლის 19 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო;


თუმცა დასახურად განწირულ სოციალურ ქსელს მოკავშირედ პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი მოევლინა და შედეგად, „ტიკტოკი“ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი დღით გაითიშა.


ასე გახდა დონალდ ტრამპი „ჰაი ტექის“ მეგობარი და თავის მოკავშირეებად აქცია მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სოციალური მედია-პლატფორმების ხელმძღვანელები.


ახლა საინტერესოა, როგორ აისახება „ტრამპის ეფექტი“ სოციალური ქსელების სარედაქციო პოლიტიკაზე.


ამ კითხვაზე პასუხი ნაწილობრივ უკვე გაცემულია „ფეისბუკის“ ტრანსფორმაციით, რაც საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ტრამპის ეპოქაში, სოციალურ ქსელებში იქნება ნაკლები ცენზურა და მეტი სიტყვის თავისუფლება.


ზვიად ლიპარტელიანი
  • 15
  • 8059
0 Comments