წითელი ვერსია
  • 1
  • 4830

ორი შეცდომა ერთ სიტყვაში

11 იანვარი 2022

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!

(ნაწილი XXIII)


დღეს ვისაუბრებთ უცხო სიტყვაზე, რომლის წერისას და წარმოთქმისას ორი შეცდომა მოგვდის.


წავიკითხოთ ეს მსჯელობა:


„სად არის იმ პროევროპული ადამიანის ადგილი, რომელსაც საფრთხის გათვალისწინება უნდა და არ არის ეს მისი პრორუსული ორიენტაციის რაღაც კომუფლიაჟი?!“ (imedinews.ge, 18.12.2021).


ფრანგული სიტყვა camouflage, რაც შენიღბვას ნიშნავს, იკითხება, როგორც კამუფლაჟ-ი და ქართულშიც ასევე უნდა გადმოვიდეს. ამას გვეუბნება როგორც ქართული ენის განმარტებითი, ასევე უცხო სიტყვათა და ორთოგრაფიული ლექსიკონები. და მაინც მის ნაცვლად ხშირად წაიკითხავთ და გაიგონებთ კომუფლიაჟს:


„ფაქტია, რომ რუსეთს სურდა [...] ანტიტერორისტული ცენტრის სპეციალისტების ‘კომუფლიაჟით’ მზვერავები ჩამოეყვანა საქართველოში“ (kvirispalitra.ge, 10.08.2021);


„ვერავითარი მშვიდობისმოყვარე განცხადებები, ვერავითარი ‘კომუფლიაჟი’ ნატოს ამ აგრესიული მიმართულებისა, ვერ დაფარავს ამ ბლოკის ჭეშმარიტ დანიშნულებას“ (interpressnews.ge, 24.10.2021);


„ავტომობილის საბარგულში კი ყოველთვის ეწყო: სამედიცინო ჩანთა, სამხედრო კომუფლიაჟის ერთი კომპლექტი, სპორტული ტანსაცმელი, კალათბურთის ბურთი და... ფიდელის საყვარელი და განუყრელი ავტომატი ‘აკ-47’“ (allnews.ge, 19.04.2021);


„დამნაშავემ შეიძლება ყველაფერი მოირგოს, დამნაშავე მოირგებს სამხედრო ფორმასაც, იარაღსაც, ეს მისთვის იქნება კომუფლიაჟი, ქვეყნის ერთგული ჯარისკაცისთვის კი სამხედრო ფორმა არ არის კომუფლიაჟი“ (for.ge, 26.10.2020);


ამ ორშეცდომიან დაწერილობაში – კომუფლიაჟ-ი – ერთი (-ა-ს ნაცვლად -ია-) რუსულის გავლენის შედეგია, ვინაიდან რუსულად ეს სიტყვა ასეა: камуфяж (შდრ. პლაჟი და პლიაჟი), მეორე კი (სიტყვის თავში -ა-ს ნაცვლად -ო-) პირიქით – რუსულის გავლენის შიშით არის გამოწვეული!


ასევე ხდება „არანჟირება/ორანჟირების“ შემთხვევაშიც, რაზედაც საუბარი გვქონდა 2020 წლის 19 დეკემბრის ბლოგში („ოხ, ეს უცხო სიტყვები!..“), და მაშინ ამ შეცდომის არსის წარმოსაჩენად გავიხსენეთ ანდაზა – „ფაფით პირდამწვარი დოსაც სულს უბერავდაო“.


წესი ასეთია: რუსული უმახვილო „о“, რომელიც თითქმის ისევე გამოითქმის, როგორც „а“, ქართულში „ო“-დ უნდა გადმოვიდეს (მაგ., ობივატელ-ი და არა აბივატელ-ი, როგორც რუსულად წარმოთქმისას ისმის).


ეს ეხება ქართულში რუსულის მეშვეობით შემოსულ უცხო სიტყვებსაც. მაგალითად, იწერება ბოკალ-ი (ფრანგული წარმომავლობის სიტყვაა) – და არა ბაკალ-ი, როგორც რუსულად წარმოითქმის). სწორედ „ბაკალის“ მსგავსი შეცდომის შიში მოქმედებს „კამუფლიაჟის“ შემთხვევაში: ემანდ, რუსული უმახვილო „ო“ შეცდომით „ა“-დ არ გადმოვიტანოთო! არადა, აქ რუსულშიც „а“ არის!


ბარემ აქვე ვთქვათ: ამ „შიშის“ შედეგია ისიც, რომ ნაცისტი ლიდერების გებელსისა (Goebbels) და გერინგის (Göring) გვარებს ზოგჯერ ასე წერენ: ჰებელსი და ჰერინგი. ეს იმიტომ, რომ რუსულში „ჰ“ ბგერა არ არის და ჰიტლერიც, ჰიმლერიც და ჰესიც „გ“-თი იწერება, ხოლო მათი ასევე გადმოტანა ქართულად (ანუ ჰიტლერის, ჰიმლერის და ჰესის ნაცვლად გიტლერი, გიმლერი და გესი) უხეშ შეცდომად ითვლება. ვნახოთ თითო მაგალითი საილუსტრაციოდ:


„მედიასაშუალებები ჰებელსის პრინციპით ხელმძღვანელობენ“ (sputnik-georgia.com, 28.05.2021);


„მოლაპარაკება დილის 10 საათზე დაიწყო და მასში ჰიტლერი, ჰერინგი, რობაქიძე, სტალინი და ბერია მონაწილეობდნენ“ (old.tbiliselebi.ge, 21.04.2014).


PS.

იმ ვითარების განსამარტავად, რომელიც ამ ბლოგში განვიხილეთ, ფაფისა და დოს მჭამელზე ზემოთ დამოწმებული ანდაზის გარდა სხვა ანდაზებიც გვქონია:


ზაფხულში გველის შეშინებულს ზამთარში საბლის ეშინოდაო“,

მგლისგან შეშინებული ძაღლი ჩრდილს (სხვა ვერსიაში – ჯირკს) უყეფდაო“.


ესენიც აქ იყოს, როგორც ამჟამად ჩვენთვის საინტერესო და, ეტყობა, ერთობ ხშირი ფსიქოლოგიური მოვლენის (მისი ამსახველი ანდაზების სიმრავლე ამის მომასწავებელი ჩანს!) ხატოვანი დახასიათებანი.


ლევან ბრეგაძე
  • 1
  • 4830
0 Comments