წითელი ვერსია
  • 6
  • 21774

ოხ, ეს უცხო სიტყვები!..

19 დეკემბერი 2020

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!

(ნაწილი VII)


1. პერმანენტული


ერთ-ერთ ადრინდელ ბლოგში ვთქვით, რომ უნდა ვერიდოთ ე. წ. მოდურ სიტყვებს, ანუ სიტყვებს, რომლებიც მომაბეზრებელი სიხშირით იხმარება. ისიც აღვნიშნეთ, რომ მოდური სიტყვის როლში უმეტესად უცხო ენიდან ნასესხები სიტყვა გვევლინება. თუ ამას მოდური ნასესხები სიტყვის დამახინჯებული ფორმით გამოყენებაც ემატება, ეს უკვე ნამდვილი უბედურებაა!


ერთი ასეთი მოდური სიტყვა ამჟამად გახლავთ „პერმანენტული“, ქართულად – „განუწყვეტელი“, „მუდმივი“, რომელსაც პერმანენტულად (განუწყვეტლივ, გამუდმებით) წარმოთქვამენ და წერენ დამახინჯებულად: პერმაენტული (იხილეთ ვიდეოკოლაჟი):


„მოძრაობა „გაბედესა“ და „შეცვალეს“ წევრები გეგმავენ, რომ პერმამენტული აქციებით მმართველი გუნდის ლიდერებს დისკომფორტი შეუქმნან“ („ფორმულა“, 12.02.2020).


„ჩვენი აქციები არ იქნება ერთჯერადი – ეს იქნება პერმამენტული სახის აქციები და მკაფიოდ ვაცხადებ, დავიცავთ ყველა წესს და გავუფრთხილდებით ადამიანების სიცოცხლეს“ („პრაიმტაიმი“, 04.11.2020).


„ერთი და იმავე ხალხის პერმამენტული ტრიალი პოლიტიკურ არენაზე არაფერს კარგს არ მოუტანს ქვეყანას“ (Everyday Georgia, 20.02.2020).


„პირველი სამი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში დავგეგმეთ პერმამენტული აქციები“ („ინტერპრესნიუსი“, 28.09.2020).


პერმანენტულის ნაცვლად პერმამენტულის თქმა და წერა მეტისმეტი გაუნათლებლობის ნიშანია, უფრო მკაფიო ნიშანი, ვიდრე „ომბუდსმენის“ „ომდუსმენად“ გადაკეთება (ასეთ კურიოზსაც იცნობს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება!) – ეს იმიტომ რომ პერმანენტულს ქართულ ენაში არსებობის ბევრად ხანგრძლივი „სტაჟი“ აქვს, ვიდრე არც ისე დიდი ხნის წინ შემოსულ „ომბუდსმენს“.


„პერმანენტული რევოლუცია“ – ასე ჰქვია უახლესი ისტორიის ერთ პოლიტიკურ იდეას, რომელიც ლევ ტროცკის ეკუთვნის.


ხომ წარმოგიდგენიათ, რა წარმოდგენა შეექმნება ჟურნალისტსა თუ პოლიტიკოსზე მკითხველსა თუ მსმენელს, როცა მიხვდება, რომ მათ წარმოდგენა არ ჰქონიათ გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პოლიტიკურ მოვლენაზე! (ზოგჯერ ფრაზას როგორ უხდება ტავტოლოგია!).


2. სკრუპულოზური


ლათინური წარმომავლობის ეს სიტყვაც (ქართულად: 1. ზედმიწევნით ზუსტი; დაწვრილებითი) ერთობ პოპულარულია დღესდღეობით, ოღონდ ხშირად მცდარი ფორმით იწერება და წარმოითქმის – სკურპულოზური:


„ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხორციელება ძალიან სკურპულოზური საჯარო განხილვების შედეგად ხდება“ („ექსპრესნიუსი“, 22.05.2020).


„საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს წინ აქვს სკურპულოზური სამუშაო“ („ლაივპრესი“, 09.03.2020).


„თამარის გამოსახულების გაწმენდის ხანგრძლივი, სკურპულოზური პროცესი წარმატებით დასრულდა“ (Regions.ge, 13.06.2020).


სიტყვის წარმოთქმისას ბგერათა თანმიმდევრობა ზედმიწევნითი სიზუსტით, ანუ სკრუპულოზურად უნდა დავიცვათ!


3. „ფაფით პირდამწვარი დოსაც სულს უბერავდაო“


რუსული უმახვილო „о“ „а“-ს მსგავსად რომ გამოითქმის და ამ ხმოვნის შემცველი სიტყვების, მათ შორის რუსულის მეშვეობით შემოსული საერთაშორისო სიტყვების, ქართულად წერა-წარმოთქმა რომ პრობლემას ქმნის, ეს ცნობილია.


წესი ასეთია: რუსული უმახვილო „о“ ქართულში „ო“-დ უნდა გადმოვიდეს.


ამგვარი სიტყვების სამი ჯგუფი შეიძლება გამოვყოთ:


ა) სიტყვები, რომელთა ქართულად გადმოტანისას საორჭოფო არაფერია. ასეთია, მაგალითად, სიტყვა „დოკუმენტი“ – „დაკუმენტს“ არც არავინ წერს და არც არავინ ამბობს;


ბ) სიტყვები, რომლებსაც სწორად ვწერთ, მაგრამ უმართებულოდ გამოვთქვამთ. ასეთია, მაგალითად, „ბოკალი“, რომელსაც თითქმის ყოველთვის სწორად ვწერთ, მაგრამ თითქმის ყოველთვის არასწორად წარმოვთქვამთ ასეთნაირად: „ბაკალი“; ანდა „კორიდორი“, რომელსაც ასევე თითქმის ყოველთვის სწორად ვწერთ, მაგრამ ხშირად არასწორად წარმოვთქვამთ ამგვარად: „კარიდორი/კალიდორი“.


გ) სიტყვები, რომელთა რუსულ ყაიდაზე წარმოთქმა იმდენად დამკვიდრდა, რომ სწორ ორთოგრაფიად მიიჩნევა „კანტორა“ და არა „კონტორა“, „პამიდორი“ და არა „პომიდორი“, „კატლეტი“ და არა „კოტლეტი“.


აქედან გერმანული წარმომავლობის „კანტორა“ (Kontor) დღეს აქტიურად აღარ იხმარება – ის ჯერ ფრანგულმა „ბიურომ“ (bureau) ჩაანაცვლა, ბოლო დროს კი – ინგლისურმა „ოფისმა“ (office).


პომიდორსა“ და „პამიდორს“ პარალელურ ფორმებად მიიჩნევს ჯერ კიდევ 1968 წელს გამოცემული ორთოგრაფიული ლექსიკონი, ამჟამად კი ზეპირმეტყველებაშიც და პრესაშიც პირველი ჭარბობს და, ისეთი პირი უჩანს, მართებული ფორმა ალბათ მთლიანად ჩაანაცვლებს უმართებულოს.


ალბათ ასეთივე ბედი ელის „კატლეტსაც“ (ფრანგ. côtelette) – უკვე გამოჩნდა მის პარალელურად მართებული „კოტლეტი“ (1968 წლის ორთოგრაფიულ ლექსიკონში მხოლოდ „კატლეტია“).


ამ შესავლის შემდეგ მთავარ სათქმელზე გადავიდეთ.


რუსულის მეშვეობით არის ჩვენში შემოსული ფრანგული სახელოვნებო ტერმინი არანჟირება (аранжировать > arranger), ანუ ამ სიტყვის თავში „а“ ხმოვანი გვაქვს, ამიტომ, წესით, არავითარ პრობლემას არ უნდა ქმნიდეს მისი ქართულად გადმოტანა: უნდა ვთქვათ და ვწეროთ არანჟირება (რაც მუსიკალური ნაწარმოების სხვადასხვა მიზნით გადამუშავება-გადაკეთებას ნიშნავს). მაგრამ ამის ნაცვლად წამდაუწუმ გვესმის და ვკითხულობთ მას ასეთი ფორმით – ორანჟირება: „ქორეოგრაფი – გიორგი ქობალია, მხატვარი – ილია საჯაია, ორანჟირება – ლაშა თოდუა“ („კვირა“, 01.06.2020).


„დამდგმელი რეჟისორი – კახაბერ, გოგოლაშვილი, მხატვარი – თეო კუხიანიძე, მუსიკალური ხელმძღვანელი და ორანჟირების ავტორი – ერეკლე დიდია“ (მესხიშვილის თეატრის ფეისბუკგვერდი, 16.02.2020) და ა. შ. და ა. შ.


იმ შესავლიდან, ბლოგის ამ ნაწილს რომ წავუმძღვარეთ, ადვილი მისახვედრია, რა იწვევს ამ შეცდომას: აქ მოქმედებს პრინციპი, რომელსაც ანდაზა ხატოვნად ასე გამოთქვამს: „ფაფით პირდამწვარი დოსაც სულს უბერავდაო“, თუმცა ვერც „ორანჟერეის“ (оранжерея > orangerie) გავლენას გამოვრიცხავთ.


ლევან ბრეგაძე
  • 6
  • 21774
0 Comments