ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!
(ნაწილი XX)
ორთოგრაფიულ უზუსტობას ზოგჯერ ისეთი მიზეზი იწვევს, რომ ძნელია გაამტყუნო არასწორად წარმოთქმული თუ დაწერილი სიტყვის „მომხმარებელი“. მოდით, ამგვარ მოვლენებს ორთოგრაფიული კაზუსები დავარქვათ და ჩავწვდეთ მათ არსს კონკრეტული მაგალითების გაანალიზებით. ერთ-ერთ ამგვარ ორთოგრაფიულ კაზუსზე ადრეც გვქონდა საუბარი ბლოგში: „ნერვი, მაგრამ... ნევროზი“.
ამჯერად კი ამ ორ ფრაზას დავაკვირდეთ:
1. „ორდინალური რიცხვის განსაზღვრებიდან გამომდინარეობს, რომ ორდინალური რიცხვები სიმრავლეებს წარმოადგენენ“ (ალექსი კირთაძე. მათემატიკური ანალიზის ზოგიერთი დამატებითი საკითხი. ნაწილი I. 2012, გვ. 56. ელექტრონული ვერსია);
2. „არ არის ეს ორდინალური შემთხვევა“ (news.ge, 07.11.2021).
ორივე ეს ფრაზა შეიცავს სიტყვას „ორდინალური“. პირველში ის სწორად წერია, მეორეში – არა. მეორე ფრაზაში „ორდინალურის“ ნაცვლად უნდა იყოს „ორდინარული“.
დიახ! რაც უნდა უცნაური ჩანდეს, ეს ასეა: არსებობს „ორდინალურიც“ და „ორდინარულიც“. ორივე მათგანი არის წარმოდგენილი „უცხო სიტყვათა ლექსიკონში“, რომლის ავტორი მიხეილ ჭაბაშვილია. იქ ისინი ასეა განმარტებული:
„ორდინალურ-ი [ლათ. ordinalis რიგითი, რიგობრივი]: ორდინალური რიცხვი – (მათემ.). რიგობრივი რიცხვი“;
„ორდინარულ-ი [ლათ. ordinarius] – რაც არაფრით არ გამოირჩევა: ჩვეულებრივი“.
სხვა ლექსიკონში „ორდინარულის“ საპირისპირო ცნება „არაორდინარულიც“ შეგიძლიათ იხილოთ, სადაც მისი მნიშვნელობა ამ სიტყვებით არის ნათელყოფილი: „გამორჩეული, არაჩვეულებრივი“ (ქეგლ, ტ. I, 2008).
აქედან პირველი, რაკი ის მათემატიკური ტერმინია, იშვიათად გვხვდება პრესასა თუ საუბარში. მეორე კი მოდურ უცხო სიტყვად შეიძლება ჩაითვალოს, მეტადრე მისი უარყოფითი ფორმა – არაორდინარული –, იმდენად ხშირად გამოიყენება ის მასმედიაში და ზეპირმეტყველების დროსაც, – მაშინაც კი, როცა მისი ჩანაცვლება გამორჩეულით, არაჩვეულებრივით, უჩვეულოთი, ზოგჯერ არნახულით და გაუგონარითაც კი, თავისუფლად შეიძლება.
იმ ფრაზებში, ქვემოთ რომ წაიკითხავთ, არაორდინალურის მაგივრად ყველგან არაორდინარული უნდა იყოს:
„გვაქვს არაორდინალური სიტუაცია და არაორდინალური სიტუაცია ითხოვს არაორდინალურ გადაწყვეტას“ (ipn.ge, 14.05.2021);
„ფეხსაცმლის ეს ახალი მოდელი ნამდვილად გამოირჩევა არაორდინალური დიზაინით“ (info9.ge, 21.05.2021);
„კლასიკა ყველასთვის – ყველაზე არაორდინალური და ექსტრავაგანტული კომპოზიტორი – ერიკ სატი“ (1tv.ge, 19.10.2021);
„’გირჩი’ გამოირჩევა არაორდინალური ქმედებებით“ (imedinews.ge, 24.05.2021);
„არაორდინალური ატრაქცია: შესაძლოა, ქუთაისი და სათაფლია ერთმანეთს საბაგირო გზით დაუკავშირდეს“ (fortuna.ge, 15.02.2021).
ამრიგად, სათაურში დასმულ კითხვას – ორდინარული თუ ორდინალური? – ასეთი „შემრიგებლური“ პასუხი უნდა გაეცეს: ორივე, ოღონდ თავ-თავიანთ ადგილას. ისე კი, ვეცადოთ პირველი მათგანის ქართული შესატყვისები („ჩვეულებრივი“, „არაფრით გამორჩეული“) უფრო ხშირად გამოვიყენოთ, ხოლო თუკი მისგან წარმოებულ ანტონიმს – „არაორდინარულს“ – ქართულ გამორჩეულს, უჩვეულოს, ხოლო ხანდახან არნახულსა და გაუგონარსაც ვანაცვალებდით, მკითხველისა თუ მსმენელის გულის მოგებას ბევრად უფრო იოლად შევძლებდით.
ორდინარული თუ ორდინალური?
23 დეკემბერი 2021ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!