წითელი ვერსია
  • 9
  • 17369

ნერვი, მაგრამ... ნევროზი!

14 მაისი 2021

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!

(ნაწილი X)


ერთ ინტერნეტგამოცემაში ვკითხულობთ:

„როგორ შევინარჩუნოთ ფსიქო-სოციალური განწყობა ეპიდემიის დროს, რატომ არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში და რატომ ჩნდება ნერვოზის დროს ცრუ სიპტომები. [...] სოციალურ ქსელში ბევრი წერს, რომ აღენიშნებათ კორონა ვირუსის მსგავსი სიმპტომები, თუმცა ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მათ ეს ვირუსი არ სჭირთ, ეს ნერვოზის რა ფონია და როგორ უნდა ვმართოთ?“ (24.04.2020).


ჩვენ მიერ ხაზგასმული „ნერვოზის“ ნაცვლად უნდა ეწეროს „ნევროზი“, რომელიც ასეა განმარტებული მიხეილ ჭაბაშვილის „უცხო სიტყვათა ლექსიკონში“: „ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც თან სდევს შინაგანი ორგანოების ფუნქციის მოშლა, ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევა და სხვ.“


„ნევროზისგან“ იწარმოება ზედსართავი სახელი „ნევროზული“, რომელსაც ასევე ხშირად ენაცვლება არასწორი ფორმა „ნერვოზული“:


„ალბათ ხშირად გსმენიათ, როგორ შესჩივიან ხოლმე ადამიანები ერთმანეთს, ნერვები აღარაფრისთვის მყოფნისო. რა თქმა უნდა, ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან მეტად რთულ და ნერვოზულ გარემოში გვიწევს ცხოვრება“ (17.01.2019).


ზოგჯერ ერთსა და იმავე ტექსტში მართებული „ნევროზიც“ შეგხვდებათ და უმართებულო „ნერვოზიც“ (დაყოფით ავკრიფეთ მართებული ფორმა, ხოლო მუქი შრიფტით – უმართებულო):


„ტერმინი ნ ე ვ რ ო ზ ი ყურს ცუდად ხვდება, ხშირად დამცინავ ფრაზად იყენებენ. ახალი კლასიფიკაციებით, ნ ე ვ რ ო ზ ი ს ესა თუ ის სიმპტომი ცალკეულ ავადმყოფობებად არის წარმოდგენილი. [...] ერთი თავისებურება რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ქართველი ვერ აღიარებს ნერვოზს და ადამიანს არც რძალი უნდა ნერვოზიანი და არც საკუთარი თავი. კიდევ ერთი დამახასიათებელი რამ არის – კარგი, მაქვს ნერვოზი, მაგრამ რატომ უნდა მივიდე ექიმთან?“ (18.01.2018).


მოკლედ, მეტყველებაშიც და ნაწერშიც ხშირად შეხვდებით „ნევროზის“ ნაცვლად „ნერვოზს“. ეს შეიძლებოდა „ვ“ ბგერის მეტათეზისით აგვეხსნა (შეგახსენებთ: მეტათეზისი სიტყვაში ბგერის ადგილმონაცვლეობას ეწოდება. ქართულში ხშირია „ვ“-ს მეტათეზისი – კლვა > კვლა; (ა)თრვამეტი > თვრამეტი და მისთანანი), მაგრამ ვითარება უფრო რთულია და მის ასახსნელად მეტათეზისი არ იკმარებს.


მოდით, ეს ფრაზა წავიკითხოთ – „ნევროზი ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებაა“ და პირველ ორ სიტყვას დავაკვირდეთ: ნევროზი, ნერვული. თითქოსდა „წესით“ ან „ნევროზი ნევრული...“ უნდა იყოს, ან „ნერვოზი ნერვული...“. გასაკვირი არ არის, რომ ეს ვითარება იწვევს სავსებით მართებულ გაუგებრობას, ვინაიდან ერთგვარ ლინგვისტურ კაზუსთან გვაქვს საქმე.


ნერვი ლათინურად არის nervus (იკითხება „ნერვუს“), ხოლო ბერძნულად – νεῦρον (იკითხება „ნევრონ“ ან „ნეირონ“). თუ ლათინურის მიხედვით ვიტყვით, „ნერვი“ იქნება სწორი, თუ ბერძნულის მიხედვით – მაშინ „ნევრი“. ჩვენშიც და სხვაგანაც ეს სიტყვა ლათინურის მიხედვით დამკვიდრდა. სამაგიეროდ ბერძნულის მიხედვით ითქმის – ნევროზი (და არა ნერვოზი), ნევროლოგია (და არა ნერვოლოგია).


ასეა დამკვიდრებული (ჩვენშიც და სხვაგანაც) და აქ უნიფიცირება ალბათ ვეღარ მოხერხდება. რას ვიზამთ, ერთ ადრინდელ ბლოგშიც ვილაპარაკეთ იმის თაობაზე, რომ ენა შორს არის მათემატიკური ლოგიკურობისგან, ენობრივი ფორმა ნორმატიული მოვლენაა. ანუ, რაც ნორმად დამკვიდრდება (მიზეზთა და მიზეზთა გამო), სწორ ფორმადაც ის ითვლება.


ამრიგად, მარტო იმის ცოდნა, რომ „ნევროზია“ სწორი და არა „ნერვოზი“ არ კმარა, ვინაიდან მართებული „ნერვი“ – „ვ“-ს მეტათეზისთან ტანდემში – მუდამ შეეცდება უმართებულო ფორმა შემოგვაჩეჩოს! თუ სპეციალისტები (ექიმები, ფსიქოლოგები...) არა ვართ, ამ სიტყვის გამოყენებისას წამით დაფიქრება მოგვიწევს და ამ გარემოებამ ნერვები არ უნდა აგვიშალოს, მით უფრო – ნევროზი არ უნდა დაგვმართოს: ასეთი სახათაბალო შემთხვევა ენაში არც ისე ბევრია!


ლევან ბრეგაძე
  • 9
  • 17369
0 Comments