წითელი ვერსია
  • 7
  • 2546

ლ ო კ ა ც ი ა

01 მაისი 2023

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი! (ნაწილი XXXI)



ძალიან ძნელია მეორე ისეთი ყოვლად ზედმეტი, არასაჭირო ენობრივი ნასესხობა დავასახელოთ, როგორიც არის ამ ბოლო დროს მოდურ სიტყვად ქცეული „ლოკაცია“.


ამით ანაცვლებენ სამ ქართულ სიტყვას: „ადგილს“, „ადგილსამყოფელს“ და „ადგილმდებარეობას“.


ვერ ვიპოვით კონტექსტს, სადაც „ლოკაციის“ ნაცვლად რომელიმე ამ ქართულ სიტყვას თუ ჩავწერთ, ამით რაიმე ნიუანსი დააკლდეს სათქმელს.


აი, მაგალითად:


„სამტრედიის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი. მათ შორის, ამ ეტაპზე 24 ლოკაციაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები ხორციელდება“.


აქ „ლოკაცია“ ცვლის ისეთ ძირძველ და უბერებელ ქართულ სიტყვას, როგორიცაა „ადგილი“.


ციტირებული ფრაზის სრული შესატყვისია მისი ეს ვერსია:


„სამტრედიის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი. მათ შორის, ამ ეტაპზე 24 ადგილას საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები ხორციელდება“.


ასევე ფრაზაში:


„მელიამ ხვალისთვის სხვადასხვა ლოკაციაზე აქციები დააანონსა“ –


იგივე ქართული სიტყვა სრულიად უმტკივნეულოდ ენაცვლება უცხოურს:


„მელიამ ხვალისთვის სხვადასხვა ადგილას აქციები დააანონსა“.


ახლა ასეთი წინადადება წავიკითხოთ:


„150-მდე საარჩევნო უბნის ლოკაცია შეიცვალა“.


აქ უკვე უცხო სიტყვამ მშობლიური კომპოზიტი „ადგილმდებარეობა“ ჩაანაცვლა:


„150-მდე საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობა შეიცვალა“.


არავითარი აზრისმიერი ან რაიმე სხვა ნიუანსობრივი განსხვავება ერთი და იმავე შინაარსის გამომხატველ ამ ორ წინადადებას შორის არ არის, გარდა იმისა, რომ ერთგან უცხო სიტყვა გვაქვს, მეორეგან კი მისი ქართული შესატყვისი.


ანდა ამ ორ ფრაზას შორის თუ იპოვით აზრობრივ განსხვავებას:


„გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფი 25 ივლისს ერთ-ერთ სასტუმროში განთავსდა, ორი დღის შემდეგ კი ლოკაცია შეიცვალა“


და


„გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფი 25 ივლისს ერთ-ერთ სასტუმროში განთავსდა, ორი დღის შემდეგ კი ადგილსამყოფელი შეიცვალა“.


არა მგონია, ვინმემ აქ „ლოკაციის“ ქართული „ადგილსამყოფლით“ ჩანაცვლების გამო რაიმე აზრობრივი ან სტილისტიკური ნიუანსი მოისაკლისოს!


მოკლედ, ლათინურად წაკითხული ეს ინგლისური სიტყვა location (ინგლისურად იგი დაახლოებით ასე გამოითქმის: „ლოქეიშენ“) ბატონობს დღეს ქართულ მასმედიასა და პოლიტიკოსების მეტყველებაში და სრული გაძევებით ემუქრება ზემოთ დასახელებულ თავის ქართულ შესატყვისებს.


ვნახოთ კიდევ რამდენიმე მაგალითი:


„…ქუთაისური კლუბი ახალი სეზონიდან ლოკაციას შეიცვლის და დროებით სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებს“;


ქართულად ეს ასე იქნება: „..ადგილსამყოფელს შეიცვლის...“


„ოპოზიციის აქციების ლოკაცია ხვალისთვის შეიცვალა“;


ქართულად: „...აქციების ადგილი...“


„რიონის ხეობის მცველებისთვის“ საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებული 13 ლოკაციიდან არც ერთი არ არის მისაღები“;


ქართულად: „...მთავრობის მიერ შეთავაზებული 13 ადგილიდან არც ერთი არ არის მისაღები“.


„ჯერჯერობით უცნობია, თუ სად დასრულდება მსვლელობა, თუმცა აქციის ორგანიზატორების თქმით, ბოლოს სამივე კოლონა შეერთდება და ერთი კონკრეტული ლოკაციისკენ გაემართებიან“;


ქართულად: „...ერთი კონკრეტული ადგილისკენ გაემართებიან“.


* * *


რით უნდა აიხსნას ამ უცხო სიტყვის ასეთი უეცარი პოპულარობა?


ზუსტი პასუხი ამ შეკითხვაზე ძნელი გასაცემია (თანაც მიზეზი შესაძლოა არაერთი იყოს), ვარაუდი კი შეიძლება გამოითქვას.


ერთ ადრინდელ ბლოგში იმის თაობაზე ვწერდით, რომ „ადგილსამყოფლის“ ნაცვლად ხშირად „ადგილმდებარეობას“ წერენ და ამბობენ, რაც სერიოზული შეცდომაა, ვინაიდან კომპოზიტი „ადგილმდებარეობა“ ყოველთვის უსულო ობიექტის მიმართ გამოიყენება, განსხვავებით „ადგილსამყოფლისგან“, რომელიც, ჩვეულებრივ, სულიერ არსებაზე ითქმის, მაგრამ შესაძლოა ინსტიტუციების მიმართაც ვიხმაროთ (მაგალითად: „სკოლამ შარშან შეიცვალა ადგილმდებარეობა / ადგილსამყოფელი“).


ამ გავრცელებული შეცდომის საილუსტრაციოდ ასეთი მაგალითები მქონდა დამოწმებული:


„დამნაშავეების ადგილმდებარეობა უცნობია“. აქ „ადგილმდებარეობა“ კი არა, „ადგილსამყოფელი“ უნდა. მაგრამ „ლოკაცია“ ორივე მათგანს ცვლის!


და აღარ გჭირდება თავის მტვრევა იმაზე, „ადგილმდებარეობა“ თქვა და დაწერო თუ „ადგილსამყოფელი“!


ოღონდ ამ „გამოსავლის“ მოძებნით მიღებული სარგებელი იმდენად მცირეა, რომ მშობლიური ენის თუნდაც რამდენადმე გაღარიბებით გამოწვეულ ზარალს ვერაფრით აანაზღაურებს.


თანაც... „ლოკაციის“ აკვიატების გამო, სხვა თუ არაფერი, სატირიკოსების დაცინვის ობიექტიც გავხდებით, რომელთაც შეუმჩნეველი არ რჩებათ ხოლმე სიტყვების (მით უფრო უცხო სიტყვის) მომაბეზრებელი სიხშირით ხმარება მასმედიასა თუ პოლიტიკოსების მეტყველებაში.


თუმცა... რაღა გავხდებით, უკვე გავხდით! – თანამედროვე ქართულში ამ უცხო სიტყვის დახვავებისკენ მიდრეკილება უკვე უქცევიათ პაროდიის საგნად. ინტერნეტში წავაწყდი ლექსს სათაურით „ლოკაცია“ (ავტორი ალეკო ჩინჩალაძე). პირველ სტროფს აქვე გთავაზობთ. მთელ ტექსტს კი შეგიძლიათ ამ ლინკზე გაეცნოთ:


„ამას არ სჭირდება დამტკიცება,

ახსნა-განმარტება, ნოტაცია.

ჩემი სიყვარულის ლოკაცია

მაგ შენ ტუჩებზე და ლოყაზეა“.


ამიტომ დავუბრუნოთ „ადგილს“ თავისი კუთვნილი ადგილი!


ლევან ბრეგაძე
  • 7
  • 2546
0 Comments