წითელი ვერსია
  • 10
  • 9252

ეკო-ლოგოსური დიქოტომია

04 იანვარი 2023

„ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორი“ – ეს ცნობილი ფრაზა ჯორჯ ორუელის საკულტო რომანიდან „ცხოველების ფერმა“ საბჭოთა ტოტალიტარიზმის, „თავისუფლების დიქტატურის“, „ექსკლუზიური თანასწორობის“ ალეგორიული ექოა, რომელმაც არა მხოლოდ მთელი XX საუკუნე, არამედ, სავარაუდოდ, კაცობრიობის ხანგრძლივი მომავალი განმსჭვალა.


იცვლება ეპოქები, ფორმაციები, თუმცა არაფერი იცვლება იმ ვნებათა იმპერიაში, სადაც ჰუმანიზმის იდეით/სახელით ამოქმედებული ნებისმიერი იდეოლოგია ბოლოს ტოტალიტარულ მონსტრად გვევლინება, ახალი აქტორებით და კონფიგურაციებით.


ახალი წლის დღეებს ამგვარი „შემაჯამებელი“ რეფლექსია უხდება კიდეც, თუმცა ეს ფიქრებიც ზოგჯერ ჩიხში ექცევა, მით უფრო მაშინ, როცა ამ მარადიული და გლობალური გამოუვალი წრის ერთ მკაფიო სურათს სინამდვილე თვალწინ აგიფრიალებს.


21-ე საუკუნეში სამყარომ ახალი - ვირტუალური შრე გაიაქტიურა და ფაქტობრივად, პარალელურ რეალობებში გვიწევს ცხოვრება.


ინტერნეტის და ტექნოლოგიური შესაძლებლობების ეიფორიაში ჩაკარგული ადამიანი კი სულ უფრო მეტად ემსგავსება უდაბნოში უგზო-უკვლოდ მოხეტიალე მგზავრს, რომლისთვისაც მირაჟი და ილუზია ისეთივე მყარი მოცემულობაა, როგორც რეალური სამყარო. შესაძლოა, უფრო მყარიც.


ჩვენი ვირტუალური მედია ამ „გლობალური ბაბილონის“ ნაწილია, თავისი „ტრენდებით“, დიქტატურით, აბსურდული დისკურსებით.


„საშუალო სტატისტიკური რიგითი მოქალაქისთვის“ ზოგჯერ (და უფრო ხშირადაც), ეს მედია-სამყარო თვითპრეზენტაციის ერთადერთი და განუმეორებელი საშუალებაა.


ამ მრუმე ოკეანეში იმდენი იდეოლოგიური ნაკადი იღვრება, რომ თუ ოდნავ მაინც მყარად არ ხარ, რომელიმე აუცილებლად მიგიკუთვნებს, თავის ტალღაზე აგატრიალებს, თავისი გადმოსახედიდან მოგისაზღვრავს ხედებს და სივრცეებს, თავის ენას და ტაქტიკას შემოგთავაზებს... მოკლედ, „ბაბლში“ გაგაწევრიანებს.


ეს „ბაბლები“ კი ძალიან ხშირად ემსგავსება სექტებს. სექტაში - სიცოცხლის საზრისები კვდება და ფსევდო-სიცოცხლე იფურჩქნება.


სამწუხაროდ, ჩვენ ამგვარი ფსევდო-სამყაროს ყვავილობას ვუყურებთ, უკვე რამდენი ხანია. ვუყურებთ რა, - ვართ მასში.


ამ სამყაროში არსებობა გადარჩენის ენერგიას ითხოვს.


ახალ დროში სიტყვა „გადარჩენამაც“ ბევრად დიდი შინაარსი შეიძინა. ასეთ საკითხებს ხელოვნება უტრიალებს, ხელოვნება რეფლექსირებს; შეიძლება ითქვას, რომ ამ კრიზისულ ეპოქაში, ხელოვნება და გადარჩენა სინონიმებადაც უნდა განვიხილოთ.


ყოველ შემთხვევაში, ამაზე ღირს ფიქრი და საუბარი.


მაგრამ ტოტალიტარულ ვირტუალურ სამყაროში სხვა „ტრენდებია“. მაგალითად, ბევრად მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა კითხვებს სვამ, არამედ ის, თუ ვისთან სვამ ამ კითხვებს, ვინაა შენი ინტერვიუერი, რა სიტყვათა წყობით მეტყველებ, ვის ახსენებ და ვის არა.


ამ კატეგორიებს კონკრეტული ჯგუფები ადგენენ. უმეტესად ისინი, ვინც „თავისუფლების ექსკლუზივებს“ ფლობენ, რუსული ოკუპაციის მიმართ პროტესტი აქვთ დაპატენტებული, სამოქალაქო აქტივობად მხოლოდ იმას გითვლიან, რაც თვითონ მიაჩნიათ სწორად;


უფრო მოკლედაც შეიძლება - ეს ჯგუფები ადამიანებს ორ კატეგორიად ყოფენ - „ბნელ“ და „ნათელ“ კატეგორიებად. მათი წესების მიხედვით, „ბნელის“ „მოქცევა“ შეუძლებელია, შანსი არ აქვს, ისევე როგორც „ნათელს“, რომელსაც, თუ ღმერთი გაუწყრა და რაღაც ეშმაკის მანქანებით „დაბნელდა“, ისიც საუკუნოდ შეჩვენდება, კაცობრიული პროგრესის სახელით...


რამდენიმე დღის წინ, გადაცემაში „მუსაიფი“, ბაჩო ოდიშარიასთან სტუმრად მყოფმა პოეტმა და მუსიკოსმა ერეკლე დეისაძემ ამ ყველაფერზე ნათლად და გასაგებად ისაუბრა. ხელოვანის პოზიციიდან შეაფასა ჩვენი ფსევდო-რეალობა, კონსერვატიულ და ლიბერალურ იდეოლოგიათა ორთაბრძოლაში გაჩენილი კრიზისის სურათიც მკაფიოდ დახატა. თქვა, რომ თანამედროვე ხელოვნება ძირითადად კომენტატორია, რეფლექსირებს იმაზე, რაც ტრენდულია, იმ აზრთან ჰარმონიაშია, რასაც მეინსტრიმ-მედია აწვდის.


პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული ამ საუბარში, იმ აზრის მოსმენა იყო, რომ თანამედროვე ხელოვნებას ემპათია არ აქვს, ნუგეში არ შეუძლია. ის მხოლოდ ნაკლზეა კონცენტრირებული, მთავარ საქმედ ამ ნაკლის ხაზგასმა (ოღონდ არა ემპათიით და სიყვარულით, არამედ ღვარძლით, ნიშნისმოგებით, ირონიით) მიაჩნია.


მოკლედ რომ ვთქვათ, ეს საუბარი კულტუროლოგიურ ჭრილში უფროა განსახილველი, ბევრ მტკივნეულ და უაღრესად საინტერესო ფიქრს აღძრავს.


მაგრამ, თანამედროვე მეინსტრიმ-მედიისთვის ფიქრი და მსჯელობა მეორეხარისხოვანი აქტებია. ერეკლე დეისაძეს, ამ ინტერვიუს შემდეგ, კრიტიკის ცეცხლი დაატყდა თავს, იმის გამო, რომ იმ წამყვანთან „ჩამოჯდა“ სასაუბროდ, ვინც მათთვისაა მიუღებელი.


ბაჩო ოდიშარია კინომცოდნე და ჟურნალისტია, საკუთარი გადაცემა აქვს და არაერთი საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან. მას თავისი სააზროვნო/ფასეულობითი პლატფორმა აქვს (ამ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანია ის, ვის მოსწონს და ვის - არა), მისი არსებობაც ისეთივე ბუნებრივია ამ მედია-სივრცეში, როგორც ნებისმიერი სხვა აქტორისა, მათი პოლიტიკური თუ კულტურული შეხედულებების მიუხედავად.


მთელი ამ ისტერიის ერთ დეტალში კი, ნამდვილად შეიპარა ეშმაკი - მათ უმრავლესობას, ვინც ერეკლე დეისაძეს ლანძღავდა, გადაცემა ნანახიც არ ჰქონდა. მხოლოდ დასაწყისს, ე.წ. „ქუდს“ უყურეს (ან შეიძლება, არც ამას). მთავარი იყო - ვინ ვისთან იჯდა!


ადამიანები, ვინც თანასწორობას და ჰუმანისტურ იდეებს ქადაგებენ, მზად არიან დღესვე მოკვეთონ საზოგადოებისგან ისინი, ვინც მათ გემოვნებაში/ფასეულობებში არ ჯდება.


ზოგადად, ასეთი „ამოფრქვევები“ ჩვენს ფეისბუკ-მედიას არცთუ ისე იშვიათად ემართება. ლამის ტრადიციად იქცა, რომ კვირაში ერთხელ მაინც, თითო აქტორი უნდა აიყვანონ ვირტუალურ ეშაფოტზე.


ასე მოხდა ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძესთან დაკავშირებითაც. მან ჟურნალისტური შეცდომა დაუშვა, თუმცა ჩანაფიქრი სწორედ იმ ისტერიის ანატომიის გააზრება იყო, რომელზეც ახლა ვსაუბრობ.


ჩვენს სინამდვილეში კი, შეცდომას კი არა, მადლს არ გაპატიებს არავინ. ისეთი უმოწყალო, აგრესიული, ისტერიკული კრიტიკა, რაც მარიკას მიერ მომზადებულ სიუჟეტს მოჰყვა, აშკარად დარჩება მედიის ისტორიაში, როგორც ჟურნალისტის გამანადგურებელი ყველაზე მწვავე რეაქცია, „სიტყვის თავისუფლების სახელით“...


სიტყვა/ლოგოსი - თავისთავად გულისხმობს თავისუფლებას. იდეოლოგიების, ფსევდოჯგუფების, ფარისევლების ხელში კი ის მანიპულაციის საუკეთესო იარაღია.


ამ იარაღს ისევ სიტყვის ეკოლოგია გაანეიტრალებს - სუფთა, ჯანსაღი, ცოცხალი სიტყვა.


არა ვინმესთვის მოსაწონი, ნაკარნახევი, შეკვეთილი, ირიბი სარგებელით, არამედ - მტკივნეული და უპირობო.


სიტყვა, რომელიც მართლა ათანასწორებს და ათავისუფლებს. ანუგეშებს და ქმნის.


ნინია სადღობელაშვილი
  • 10
  • 9252
0 Comments