წითელი ვერსია
  • 171
  • 17492

ჟურნალისტური შეცდომა „იმედის“ ეთერში და მრისხანება სოცქსელებში

29 ნოემბერი 2022

დოკუმენტური ფილმი „სირცხვილის 15 წუთი“ 2021 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მისი ავტორები შეეცადნენ, თანამედროვე კულტურის ერთ-ერთი უმძიმესი მოვლენა - კოლექტიური შერცხვენის ეპიდემია გამოეკვლიათ.


ფილმის იდეის ავტორი და აღმასრულებელი დირექტორი მონიკა ლევინსკია - ქალი, რომელიც საუკუნის დასაწყისში თავად გახდა საზოგადოებრივი გაკიცხვის, სამარცხვინო ბოძზე გაკვრის და სიძულვილის ობიექტი.


“ერთმანეთის გაკიცხვის სურვილი ადამიანებისთვის ახალი არ არის, მაგრამ ამ ყველაფერმა გლობალური ეპიდემიის ხასიათი ინტერნეტის ეპოქაში შეიძინა.


ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეგო, რა ხდება! “ - ამბობს ლევინსკი.


ფილმის ავტორები ფსიქოლოგების, ისტორიკოსების, კიბერსივრცის სპეციალისტების, ინფლუენსერების, უფლებადამცველების და სოცქსელებში „კუდიანებად გამოცხადებული“ ადამიანების დახმარებით ცდილობენ გაარკვიონ, რამ მისცა ბიძგი მორალური განადგურების და დასჯის კულტურის წახალისებას.


***


28 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ჟურნალისტებმა ასევე გადაწყვიტეს გაერკვიათ, რა ფენომენია „სხვისი შეურაცხყოფა სოციალურ ქსელში და როგორ გვაქცევს ციფრული სამყარო პოტენციურ მჩაგვრელებად“.


გადაცემის სტუმარი იყო ფსიქოლოგი რუსუდან გორგილაძე, რომელმაც საკითხის ფსიქოლოგიურ და სოციალურ-ისტორიულ კონტექსტზე ისაუბრა.


გადაცემაში ექსპერიმენტის სახით შემოგვთავაზეს ერთ-ერთი წამყვანის, მარიკა ბაკურაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი. მისი მიზანი იყო ეჩვენებინა, როგორ ცვლის ადამიანის ქცევას სოციალური მედია. ანუ, შეუძლია თუ არა ადამიანს პირისპირ უთხრას ვინმეს ის, რასაც სოციალურ ქსელში წერს.


სიუჟეტის ავტორმა რესპონდენტებად ის ადამიანები შეარჩია, რომლებიც „იმედის დღის“ ფეისბუკ-გვერდზე მარიკა ბაკურაძის მისამართით სხვადასხვა ირონიულ ეპითეტებს წერენ და მის მიერ მომზადებულ მასალას აკრიტიკებენ.


ჟურნალისტი ტელეფონით დაუკავშირდა რამდენიმე მათგანს და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე იმის შესახებ, რომ მათთან საუბარი იწერებოდა, პირდაპირ დაუსვა შეკითხვა: - შეეძლოთ თუ არა მისთვის იმის თქმა, რასაც სოციალურ ქსელებში მის შესახებ წერდნენ.


გასაკვირი არ არის, რომ ადამიანებმა ჟურნალისტის ასეთი ფორმით დასმული შეკითხვები პირად თავდასხმად აღიქვეს.


მეტიც, ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე საკუთარი საკვლევი თემის მთავარ გმირად იქცა, რამაც ექსპერიმენტულ სიუჟეტს დამაჯერებლობის ნაცვლად „საქმის გარჩევის“ შინაარსი შესძინა.


გადაცემის დასრულებისთანავე კი, სოციალურ ქსელში სწორედ ის ვიხილეთ, რასაც მონიკა ლევინსკის და მაქს ჯოზეფის ფილმში „სამარცხვინო ბოძზე“ გაკვრას უწოდებენ შუა საუკუნეების ისტორიის მკვლევრები.


მარიკა ბაკურაძეს ბრალი დასდეს პირადი ინფორმაციის (ტელეფონის ნომრების) უკანონო მოპოვებასა და არაეთიკურ ჟურნალისტიკაში.


სოციალურ ქსელებში აღშფოთებამ ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ ჟურნალისტის საქმიანობის კანონიერების შესწავლა პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურმა გადაწყვიტა და ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.


თუმცა, განცხადებამ ვნებათაღელვის ჩაცხრობის ნაცვლად, კიდევ უფრო გააბრაზა სოცქსელების საზოგადოება: - პერსონალურ მონაცემთა სამსახურის აქტიურობა ბევრმა მედიის საქმიანობაში ჩარევის საფრთხედ აღიქვა.


ამავდროულად სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა თავად მარიკა ბაკურაძის ფეისბუკ-პოსტი, სადაც ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ მის მიერ მომზადებული სიუჟეტი არასწორად იქნა აღქმული. ამასთან, ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ეთიკის სტანდარტი არ დაურღვევია, რადგან სიუჟეტში რესპონდენტთა ანონიმურობა დაცული იყო და მათი იდენტიფიცირება - შეუძლებელი. „რაც შეეხება პირადი კონტაქტების მოპოვებას - ეს არის ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილი“ - წერს მარიკა ბაკურაძე. ამ საკითხში მას არაერთი ჟურნალისტი დაეთანხმა.


თუმცა, მოქალაქის პირადი ტელეფონის ნომრის მოპოვება და გამოყენება გამართლებულია იმ შემთხვევაში, როცა არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. საზოგადოებრივ ინტერესს კი წარმოადგენს საკითხები, რომელიც ეხება საზოგადოების დიდ ნაწილს ან კონკრეტულ ჯგუფს, და უკავშირდება საყოველთაო სიკეთეს, კეთილდღეობას და უსაფრთხოებას.


რაც შეეხება ჟურნალისტის უფლებებს - ჟურნალისტს ნამდვილად აქვს უფლება, კითხვები დასვას და მას ისევე იცავს კანონი ცილისწამების, მუქარის, მორალური და ფსიქოლოგიური, ასევე რეპუტაციული ზიანის და შეურაცხყოფისაგან, როგორც ნებისმიერ საჯარო ან არასაჯარო პირს.


მაგრამ ჟურნალისტის მხრიდან კითხვებზე პასუხის მოთხოვნა არ უნდა დაემსგავსოს პირად ანგარიშსწორებას, რაც ერთ-ერთი უმძიმესი პროფესიული ცოდვაა.


სიფრთხილეს ითხოვს სიუჟეტის ფაბულად პირადი ისტორიის გამოყენებაც. ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტი უნდა დარჩეს ფაქტების მიმართ ნეიტრალური, რაც მარიკა ბაკურაძეს აშკარად ვერ გამოუვიდა: - მან საკუთარი პერსონა სიუჟეტის მთავარ გმირად აქცია და სატელეფონო საუბრების დროს ვერც ემოციები დაფარა.


და რაც მთავარია, - ჟურნალისტმა არცერთი რესპონდენტი არ ჩააყენა საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ მათთან საუბარი ეთერში გაშვების მიზნით იწერებოდა. ასეთი დათქმის და პირის თანხმობის არარსებობა უპირატეს მდგომარეობაში აყენებს ჟურნალისტს, რაც პროფესიულად დაუშვებელია.


თემა - „სხვისი შეურაცხყოფა სოციალურ ქსელში“ - ნამდვილად აქტუალური და მწვავეა.


მეტიც, „იმედის“ და მარიკა ბაკურაძის გარშემო სოცქსელებში ატეხილმა ქარიშხალმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ „შერცხვენის და სიძულვილის ეპიდემია“ ქართული ფეისბუკ-სივრცისთვისაც ისეთივე პრობლემურია, როგორც სხვა ქვეყნებისთვის. დემოკრატიული ქვეყნების ნაწილი „ქსელის კოშმარიდან“ თავის დასაღწევ გზებს დიდი ხანია ეძებს.


შესაბამისად, თემაზე დისკუსია აუცილებლად გასაგრძელებელია და იმედია, „იმედის დღის“ ექსპერიმენტით გამოწვეული მრისხანება ხელს არ შეუშლის და არ დააფრთხობს ჟურნალისტებს და სოცქსელების მომხმარებლებს, ეთიკური სტანდარტების დაცვით შეძლონ პრობლემის იდენტიფიცირება და ეძებონ მისი გადაჭრის გზები.




ლელა კურდღელაშვილი
  • 171
  • 17492
0 Comments