წითელი ვერსია
  • 0
  • 2548

აუდიენცია და იუბილე

18 ივლისი 2021

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!

(ნაწილი XIII)


სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ხშირია ჩვენს მედიაში სიტყვების (მეტადრე უცხო სიტყვების) არასწორი მნიშვნელობით გამოყენების შემთხვევები, რაც ერთობ უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს მსმენელსა თუ წამკითხველზე. ენობრივი სიზუსტე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რაც ჟურნალისტურ ტექსტს შეიძლება წავუყენოთ.


ამგვარი დაუდევრობები (რასაც ლექსიკონებთან ურთიერთობის კულტურის დეფიციტი იწვევს) არა მარტო სიტყვათა მცდარი მნიშვნელობით დამკვიდრებას უწყობს ხელს, არამედ ჟურნალისტის მიმართ უნდობლობასაც ბადებს მათში, ვისთვისაც ამ სიტყვების სემანტიკა ცნობილია.


დღეს ორ ასეთ სიტყვაზე გვექნება საუბარი.


1. აუდიენცია


ერთ-ერთ ადრინდელ ბლოგში იმაზე ვისაუბრეთ, რომ „სამიტი“, რაც უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოღვაწეების სამუშაო შეხვედრის აღმნიშვნელი ტერმინია, ლამის ყოველგვარი შეხვედრის მნიშვნელობით გამოიყენება ჩვენი მასმედიის ენაში და პოლიტიკოსთა მეტყველებაში, რაც გაუმართლებელია.


ამის მსგავსი რამ ემართება „აუდიენციასაც“. ეს ლათინური სიტყვა ქართულად „მოსმენად“ გადმოითარგმნება. ქართულ ენციკლოპედიაში ის ასეა განმარტებული: „ოფიციალური მიღება სახელმწიფოს მეთაურის ან სხვა მაღალი თანამდებობის პირის მიერ“.


ეს ფორმულირება სავსებით შეესატყვისება ამ ტერმინის საერთაშორისოდ მიღებულ განმარტებას, რომელიც უცხოენოვან ლექსიკონებსა თუ ცნობარებშია წარმოდგენილი.


აქედან ცხადია, რომ „აუდიენცია“ არ შეიძლება გამოვიყენოთ ყოველგვარი შეხვედრის, ნებისმიერი თავყრილობის აღსანიშნავად. არადა, სწორედ ეს ტენდენცია შეინიშნება მასმედიაში.


ვნახოთ რამდენიმე მაგალითი:


„‘ქართულ ოცნებასა’ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ხვალ, 7 დეკემბერს გაიმართება. ფასილიტატორების ჩართულობით პოლიტიკურ მხარეებს შორის აუდიენცია 11:00 საათზე დაიწყება“ (07.12.2020).


შეხვედრის ფორმას, რომელზეც ამ ფრაგმენტშია საუბარი, აუდიენცია ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაერქმევა, რასაც სხვათა შორის ისიც მოწმობს, რომ მასში ფასილიტატორების ჩართულობაც არის ნახსენები: აუდიენციები ფასილიტატორების მონაწილებით არ მიმდინარეობს.


ან კიდევ:


„‘ფორმულანიუსის’ ინფორმაციით, სავარაუდოდ დღეს გაიმართება შეხვედრა ოპოზიციასა და დიპლომატებს შორის. ამ ეტაპზე უცნობია ვინ დაესწრება ოპოზიციის მხრიდან ამ აუდიენციას...“ (12.11.2020).


აშკარაა, რომ არც აქ ზის „აუდიენცია“ თავის ადგილზე. ოპოზიციის წარმომადგენლებსა და დიპლომატებს შორის შეხვედრა სწორედაც რომ შეხვედრაა და არა აუდიენცია.


„აუდიენციის“ შედარებით ვრცელ განმარტებებში ამ ტერმინის კიდევ ერთი თავისებურებაა აღნიშნული: ის, ვინც აუდიენციას თანხმდება, რანგით (თანამდებობრივად) უთუოდ ბევრად უფრო მაღლა მდგომი პირია, ვიდრე ის, ვინც მასთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს. ამიტომ გაუმართლებელია ამ ტერმინის გამოჩენა ამ ინფორმაციაში:


„საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანშია. ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ილჰამ ალიევთან უკვე დასრულებულია. აუდიენციის ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალა აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა“ (05.05.2021).


რაკი აქ დასახელებული პირნი თავ-თავიანთ სახელმწიფოში უმაღლეს ხელისუფალთ წარმოადგენენ, ამიტომ ვერც მათ შეხვედრას დაერქმევა აუდიენცია.


ანალოგიური უზუსტობა გვაქვს აქაც:


„ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე რამდენიმე საათი რჩება. (...) წინასწარი ინფორმაციით, აუდიენცია დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდება“ (16.06.2021).


და ბოლოს ერთი ისეთი ინფორმაციაც ვნახოთ, სადაც ეს სიტყვა ორჯერ გვხვდება, მაგრამ ამჯერად სავსებით მართებულად:


„პრემიერთან აუდიენციის დასრულების შემდეგ დანიელსონი უკვე ათონელის რეზიდენციაში გადაინაცვლებს, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართავს აუდიენციას“ (29.03.2021).


2. იუბილე


ქართულ „ვიქსიკონში“ იუბილე ასეა განმარტებული:


„ამა თუ იმ პიროვნების ცხოვრებისა და მოღვაწეობის, დაწესებულების, ორგანიზაციის არსებობის, რაიმე მნიშვნელოვანი ამბის ან მოვლენის წლისთავი, რომელსაც საზეიმოდ აღნიშნავენ 25, 50, 60, 75 ან 100 წლისთავზე“.


ზოგიერთ ცნობარში რიცხვების ამ ჩამონათვალს წინ უძღვის სიტყვა „ჩვეულებრივ“, რაც იმას ნიშნავს, რომ საიუბილეოდ ნულსა და ხუთზე დაბოლოებული სხვა თარიღებიც გამოდგება – მრგვალ თარიღებად წოდებულნი (მაგალითად, 80, 85...). მაგრამ დღესდღეობით ჩვენს მასმედიაში ლამის ყოველი „რიგითი“ დაბადების დღე რომ იუბილედ მოიხსენიება, ეს ყოვლად მიუღებელი რამ არის!


მაგალითები:


„მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს 102 წლის იუბილე მიულოცეს“ (25.02.2020);


„თბილისის მერი იუბილარია, ის 43 წლის გახდა“ (27.02.2021);


„10 ივნისს ედინბურგის ჰერცოგი – პრინცი ფილიპი იუბილარია! სამეფო ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რანგის მქონე პიროვნებას 99 წელი შეუსრულდა“ (10.06.2020);


„რუსთაველ ბებოს 101 წლის იუბილე მიულოცეს“ (20.04.2021);


„რამდენიმე დღის წინ ბერლინის ზოოპარკში ერთ-ერთ პანდას 9 წელი შეუსრულდა. მას იუბილე ზოოპარკის თანამშრომლებმა ტორტით მიულოცეს“ (17.07.2019);


„‘გორგია’ 22 წლისაა! რას სთავაზობს საიუბილეოდ მომხმარებელს საქართველოში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი“ (17.07.2020);


ბარემ ისიც დავაზუსტოთ, რომ „იუბილე“ ებრაული წარმომავლობის სიტყვაა (Yovel) და „ზეიმს“ ნიშნავს. ამიტომაც იუბილედ იწოდება არა თვით მრგვალი თარიღი, არამედ მრგვალი თარიღის აღსანიშნავად გამართული ზეიმი. ასეთი ზეიმის გარეშე მრგვალი თარიღი იუბილეობას ვერ გასწევს და მხოლოდ და მხოლოდ საიუბილეო თარიღად დარჩება.


ვიფიქრე, რა საბუთი მოვიტანო იმისათვის, რომ საზეიმო ღონისძიების გარეშე საიუბილეო თარიღის შესრულებას იუბილედ ვერ მოვიხსენიებთ-მეთქი, და ვაჟა ფშაველას ეს ლექსი გამახსენდა:


„იუბილეი“ გახშირდა,

როგორც მაისში რწყილები.

ბედნიერი ხარ, სამშობლოვ,

ბედნიერი გყავს შვილები!

იუბილიარს დაგითვლი, –

რამდენიც დღეა წელშია,

არტისტი, გინდა პოეტი,

უთვალავია ჩვენშია.


აქედან სრულიად აშკარაა, რომ „იუბილეში“ სწორედ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი ზეიმი იგულისხმება და არა თვით საიუბილეო თარიღი, რომელიც ისე დგება, რომ არავის არაფერს ეკითხება; ამიტომ მის „გახშირებაზე“ წუხილსაც არანაირი აზრი არ ექნებოდა.


ლევან ბრეგაძე
  • 0
  • 2548
0 Comments