წითელი ვერსია
  • 0
  • 3071

სამიტი – ტერმინი-მეტაფორა

24 მარტი 2020

სამიტი (summit) ინგლისურად [მთის] მწვერვალია, ხოლო პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში მეტაფორულად სახელმწიფოს, მთავრობის მეთაურთა შეხვედრას, მოლაპარაკებას ნიშნავს. ამ სიტყვამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩაანაცვლა გამოთქმა „შეხვედრა უმაღლეს დონეზე“.


მაგალითად:

„ლიბიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად ბერლინში გამართული სამიტის მონაწილეები შეთახმდნენ, რომ დაიცავენ ლიბიისთვის შეიარაღების მიწოდების აკრძალვას“ (რადიო „თავისუფლება“, ახალი ამბები. 20.01.2020).


როცა ამ შეხვედრის მონაწილეთა შემადგენლობას გავეცნობით, რომელთა შორის არიან მერკელი, ჯონსონი, მაკრონი, ერდოღანი, პუტინი და მათი კოლეგები სხვა ქვეყნებიდან, დავრწმუნდებით, რომ შეხვედრა მართლაც იმსახურებს სახელს „სამიტი“.


მაგრამ ზოგჯერ „სამიტს“ ლამის ყოველგვარი თავყრილობის აღსანიშნავად იყენებენ, რაც სწორი არ არის.


მაგალითები:


„ადამიანის უფლებათა დაცვის ახალგაზრდული სამიტი 300-მდე ახალგაზრდას გააერთიანებს“.


ანდა:

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის მეწარმეობის სამიტი ჰენლის მეწარმეობის ცენტრთან პარტნიორობით 11 მარტს სასტუმრო Rooms Hotels Tbilisi-ში გაიმართება. ღონისძიების მონაწილეები იქნებიან დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, ისრაელის საელჩო საქართველოში, ევროპის და აშშ-ს მხრიდან წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურები, ქართული და უცხოური სტარტაპები და სხვა პარტნიორები“ ("ინტერპრესნიუსი". 13.02.2020).


ან კიდევ:

„საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ადამიანური რესურსების მართვის სკოლის ორგანიზებით 2019 წლის 26-27 ივნისს გაიმართება კარიერული სამიტი აბიტურიენტებისთვის“.


ერთიც:

„საქართველოში პირველად გაიმართება ახალგაზრდული ინოვაციების სამიტი, რომლის მიზანია ახალგაზრდებს დაეხმარონ ინოვაციური ბიზნესიდეების ფორმირებაში, ხოლო სტარტაპ კომპანიებს განვითარებაში“.


არც ერთ ამ ფრაგმენტში ტერმინ „სამიტის“ გამოყენება მართებული არ არის – სამიტი სახელმწიფოს პირველ პირთა შეხვედრაა და იგი „უმაღლეს დონეზე (ან: უმაღლესი დონის) შეხვედრის“ სინონიმია. სხვა შემთხვევებში კი შეგვიძლია გამოვიყენოთ „(თავ)ყრილობა“ ან მისი სინონიმები: „(შე)კრება“, სხდომა, კონფერენცია და მისთანანი.


ლევან ბრეგაძე
  • 0
  • 3071
0 Comments