წითელი ვერსია
  • 8
  • 1565

„დროს იყვანს“ თუ „დრო გაჰყავს“?

22 ოქტომბერი 2021

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!

(ნაწილი XVII)


ერთი ადრინდელი ბლოგი მივუძღვენით გამოთქმას „გოლს იტანს, რომელსაც წამდაუწუმ იყენებენ სპორტული კომენტატორები ნაცვლად მართებული შესიტყვებისა „გოლი გააქვს.


ამავე ყაიდისაა ესეც: „დროს იყვანს/იყვანდა“ ნაცვლად მართებული სიტყვათშეთანხამებისა „დრო გაჰყავს/გაჰყავდა“, რომელსაც ასევე ხშირად ვხვდებით სპორტის კომენტატორთა მეტყველებასა თუ სპორტული შეჯიბრებებისადმი მიძღვნილ კორესპონდენციებში.


(ცნობისთვის, „დროს გაყვანა“ ტაქტიკური ხერხია, რომელიც გულისხმობს პასიურ თამაშს, აქტიური ქმედებებისთვის თავის არიდებას იმ მხარის მიერ, რომელსაც სურს მისთვის ხელსაყრელი ანგარიში შეინარჩუნოს).


ვნახოთ მაგალითები:


„ამერიკა დე კალის“ ფეხბურთელები ერთმანეთს პასებს უკეთებდნენ და დროს იყვანდნენ (crystalsport.ge, 14.05.2021);


„...ჩვენი მეკარე დროს იყვანდა (უკვე მერამდენე თამაშია ასე იქცევა!!!), ეგონა ალბათ ფრე გვაწყობდა?!“ (sportall.ge, 02.09.2017);


„გაღიზიანებული ვიყავი იმის გამო რომ მეტოქე გუნდი დროს იყვანდა და ამის გამო თავი ვერ შევიკავე“ (akhalitaoba.ge, 30.11.2017);


„დროს იყვანს(ნაცვლად გამოთქმისა „დრო გაჰყავს) ისეთივე უხეში შეცდომაა, როგორიც იქნებოდა, მაგალითად, „ძაღლს ეზოში იყვანს, ნაცვლად ფრაზისა „ძაღლი ეზოში გაჰყავს.


თავისთავად „იყვანს/იყვანდა“ მცდარი ფორმა არ არის, ოღონდ ის „აყვანა“ სახელზმნის პირიანი ფორმაა (მაგ., „ბავშვს ხელში იყვანს, სინონიმი: „[ბავშვი ხელში] აჰყავს), მაშინ, როცა „გაჰყავს/გაჰყავდა“-ს შესატყვისი სახელზმნა არის „გაყვანა“ (მაგალითად, ძაღლისა შინიდან გარეთ).


რაც შეეხება გამოთქმას „დრო გაჰყავს/გაჰყავდა“, ეს იდიომია და აქ „გაყვანა“ სახელზმნის პირიანი ფორმები „აყვანა“ სახელზმნის პირიანი ფორმებით ვერ ჩანაცვლდება.


* * *


საგულისხმოა, რომ „იყვანს/იყვანდა“ გუნდური სპორტული თამაშების კომენტირებისას სხვა მნიშვნელობითაც იხმარება და მოთამაშის მიერ მეტოქე გუნდის რომელიმე წევრზე საგანგებო კონტროლის დამყარებას ნიშნავს (შდრ. „კონტროლზე აყვანა“) მისთვის აქტიურ ქმედებებში ხელის შეშლის მიზნით.


მაგალითად:


„...თვითონ კრიშტიანოს კი მოწინააღმდეგე იყვანს, მაგრამ ბოლოს ის ხდება, რაც რონალდომ ჩაიფიქრა [...]. ხშირად გაექცევა ხოლმე ფეხბურთელს, რომელიც მას იყვანს (sportall.ge, 23.06.2021);


„როცა 'აიაქსი' კუთხურს აწვდიდა, რონალდო იმ ფეხბურთელს ბლოკავდა, რომელიც ამსტერდამული გუნდის რომელიმე თავდამსხმელს იყვანდა (crystalsport.ge, 31.01.2019);


აქ ვერ ვიტყვით, რომ „იყვანს/იყვანდა“ მცდარია და მის ნაცვლად აუცილებლად „აჰყავს/აჰყავდა“ უნდა ითქვას – ორივე შეიძლება, ისევე როგორც ამ ორი ვარიანტიდან – „ბავშვს ხელში იყვანს“ ან „ბავშვი ხელში აჰყავს“ – ორივე მართებულია.


ლევან ბრეგაძე
  • 8
  • 1565
0 Comments