წითელი ვერსია
  • 4
  • 3188

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი! (ნაწილი II)

30 აგვისტო 2020

1. გოლს იტანს თუ გოლი გააქვს?


ჟურნალისტებს (და არა მხოლოდ მათ) ხშირად პრობლემებს უქმნის ფუძემონაცვლე ზმნები. ფუძემონაცვლეს ვუწოდებთ ისეთ ზმნას, რომლის ფუძეც სხვადასხვა დროში სხვადასხვა ფორმას იღებს. მაგალითად: აწმყოში ვამბობთ „გააქვს“ (მასპინძელს სკამი მეორე ოთახში გააქვს), მაგრამ წარსულ დროში სხვა ფუძეს ვიყენებთ: „გაიტანა“ (მასპინძელმა სკამი მეორე ოთახში გაიტანა).


ამ ფუძემონაცვლე ზმნასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ფრიად გავრცელებული შეცდომა სპორტულ ჟურნალისტიკას უკავშირდება: ფეხბურთის მატჩების რეპორტაჟებში გამუდმებით გვესმის „გოლს იტანს“ ან „გოლებს იტანდა“, ნაცვლად მართებული ფორმისა: „გოლი გააქვს“ ან „გოლები გაჰქონდა“. ამასვე ვკითხულობთ სპორტული პრესის ფურცლებზე და ელექტრონულ მედიაში.


აი რამდენიმე მაგალითი: „ბერგამოელები საშუალოდ მატჩში 2,85 გოლს იტანენ, რომაელები - 2,3 გოლს“.


„ტურინის "იუვენტუსის" დიდებული კაპიტანი ჯარიმებს კარიერის დასაწყისიდან იტანდა.“


„სერია ა-ს ფორვარდი, რომელიც წუთობრივად რონალდუსა და იმობილეზე მეტ გოლს იტანს“.


ყველგან, სადაც ციტირებულ ფრაზებში გამოყენებულია ფორმა „იტანს“/„იტანენ“, უნდა იყოს „გააქვს“/„გააქვთ“, ხოლო „იტანდა“-ს უნდა ჩაენაცვლოს „გაჰქონდა“, რადგან „მეკარე გოლს იტანს“ ისეთივე უმართებულოა, როგორიც ეს ფრაზა: „მასპინძელი სკამს მეორე ოთახში იტანს“.


2. რა ეცემა დავიწყებას?


კიდევ ერთი ფუძემონაცვლე ზმნა უქმნის პრობლემებს ჟურნალისტებს.


„დავიწყებას მიეცა“ – ვამბობთ წარსულ დროში, აწმყოში კი ითქმის: „დავიწყებას ეძლევა“. მიუხედავად ამისა, ხშირად გვესმის და ვკითხულობთ ყოვლად უმართებულო შესიტყვებას – „დავიწყებას ეცემა“.


„სახელმწიფოსა და სამშობლოს ცნება მთავრდება მაშინ, როცა დავიწყებას ეცემა ჩვენი გმირების სახელები“ (26 მაისი, 2020);


ამ უმართებულო ფორმას დამატებით კომიკურ ელფერს სძენს „ეცემა“ ზმნის პოლისემია: ეცემა ძაღლი მსხვერპლს, ეცემა ბავშვი მინდორში, ეცემა – გაულახავს ან გაელახვინა, მაშინ, როდესაც მართებული „დავიწყებას ეძლევა“ ამგვარ არასასურველ ასოციაციებს მაქსიმალურად არის განრიდებული.



3. „ჯერ ერთი“ – ჰო, მაგრამ „მეორეც ერთი“?!


ახლა კიდევ ერთ ძალიან გავრცელებულ („ძვალსა და რბილში“ რომ გვაქვს გამჯდარი, ისეთ!) სტილისტიკურ სიმახინჯეზე ვთქვათ ორიოდ სიტყვა.


ეს გახლავთ „მეორეც ერთი“, რომელსაც მოაყოლებენ ხოლმე შესიტყვებას – „ჯერ ერთი“.


მაგალითები:


ჯერ ერთი, მის სახელს ამ სიის სხვა კატეგორიებშიც შეხვდებით და, მეორეც ერთი, წინა რეკორდიც მისი იყო“.


პოლონური ოპოზიციური მედია ამბობს, რომ ჯერ ერთი, სამოქალაქო საზოგადოებასა და მასმედიას მმართველი პარტია კიდევ უფრო გულიანად შეუტევსო. მეორეც ერთი, ბრიუსელთან ორივე მხარის დამაზიანებელი ქვების სროლა ალბათ გაგრძელდება [...]. მესამე – თავად ოპოზიციას საერთო კანდიდატის მხარდაჭერა ნერვების ფასად დაუჯდა“.


ბოლო მაგალითი იმითიც არის საგულისხმო, რომ „მეორეც ერთსმესამეც მოსდევს, ოღონდ „ერთის“ გარეშე, რაც, ცხადია, სწორია და იმასაც მიგვანიშნებს, რომ მეორეც ერთი ისეთივე უგვანი შესიტყვებაა, როგორიც მესამეც ერთი იქნებოდა.


მოკლედ, „მეორე“-ს უაზროდ მიტმასნილი, ყოვლად ალოგიკური „ერთი“ უნდა მოვკვეთოთ და მარტო „მეორე(ც)“ დავტოვოთ, როგორც ილია ჭავჭავაძის ამ ფრაზებშია:


მე ვუქე შენი თავი იმ მხრით კი არა, რითაც უნდა იქოს ყოველი მასწავლებელი. ჯერ ერთი, ამას ვერ გაიგებდნენ და, მ ე ო რ ე, არც მე ვიცი, ამ მხრით შენ რა ხარ“ (10-ტომეული [1950], ტ. 2, გვ. 478);


აქ ხარჯი ჰმატულობს, მაგრამ ჯერ ერთი ესა, რომ, რაკი საურთიერთო ნდობით იქმნება აგებული ეს საქმე, ხარჯი, რაც შესაძლოა, ცოტა იქნება [...] და მეორე, ყველას, დიდსა თუ პატარას, იმედი ექმნება, რომ თუ უბედურება შეემთხვა, ზარალისა და დაქცევისაგან დახსნილ იქნება“ (20-ტომეული, ტ. IX, გვ. 375).


4. ვინ ვის შეხვდა?


მოდით, ამ წინადადებას დავაკვირდეთ:


„სერბეთისა და კოსოვის ლიდერები თეთრ სახლში შეხვდნენ


აშკარაა, რომ აქ აზრი დაუსრულებელია: არ ჩანს ერთმანეთს შეხვდნენ თუ ორივენი შეხვდნენ სხვას/სხვებს – მას/მათ. არადა, ასე ძალიან ხშირად ამბობენ და წერენ.


რეალურად, ჩვენს მაგალითში იგულისხმება, რომ დასახელებული ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ ამ აზრის გამოსახატავად სიტყვა ერთმანეთს აუცილებლად უნდა წარმოითქვას და დაიწეროს.


ერთმანეთის ამოგდება შესაძლოა რუსულის მცდარი გავლენა იყოს, რადგან რუსულში ორი სახის „შეხვდნენ“ არსებობს: встретили – შეხვდნენ ისინი მას/მათ და встретились – შეხვდნენ ერთმანეთს (მარტო შეხვდნენ არ იკმარებს!).


მაგალითად, ამ ფრაზაში: „ერთ თვეზე მეტი გავიდა, რაც პირადად შევხვდით“, – აღნიშნა პესკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში“ თარგმნის დროს ერთმანეთის დამატება აუცილებელია („შევხვდით ერთმანეთს“), რათა აზრმა, რომლის გამოთქმაც გვსურს, დასრულებული სახე მიიღოს.


ლევან ბრეგაძე
  • 4
  • 3188
0 Comments