წითელი ვერსია
  • 3
  • 2596

სტამბოლის ტერაქტი და მედიის შეზღუდვის სადავო პრაქტიკა

01 დეკემბერი 2022

13 ნოემბერს სტამბოლის ტურისტული ცენტრი, ისტიკლალის ქუჩა აფეთქებამ შეძრა. დაიღუპა 6 და დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი.


თურქეთის ხელისუფლებამ მომხდარი თავდასხმად შეაფასა და პასუხისმგებლობა მის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებებად გამოცხადებულ „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და სირიაში მოქმედ ქურთთა დაჯგუფებას - „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ დააკისრა. სამართალდამცველებმა აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი მეორე დღეს დააკავეს. მალევე ამას თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილთა დაკავებების მთელი სერია მოჰყვა.


აფეთქების დღეს თურქეთის ტელერადიომაუწყებლობის მარეგულირებელმა ორგანომ RTUK-მა მაუწყებლებს ტერაქტის ადგილზე გადაღებული ვიდეომასალის გავრცელება აუკრძალა. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ორგანოს მიერ მეორე დილამდე დაიბლოკა „ტვიტერი“, „ინსტაგრამი“ და „იუთუბი“.


ასეთი რამ თურქეთში პირველად არ მომხდარა - მედიის და სოციალური ქსელების შეზღუდვის პრაქტიკას ქვეყანამ არაერთხელ მიმართა ტერაქტების და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საგანგებო სიტუაციების დროს.



უფლებადამცველების კრიტიკა და თურქეთის ხელისუფლების პოზიცია


სამაუწყებლო და სოციალური მედიის შეზღუდვას უფლებადამცველების კრიტიკა მოჰყვა.


მითუმეტეს, რომ ამ შემოდგომაზე თურქეთში გამოხატვის თავისუფლების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო ე.წ. „დეზინფორმაციის შესახებ“ კანონის მიღების გამო. ახალი კანონი, რომელსაც ვენეციის კომისია და უფლებადამცველი ორგანიზაციები აკრიტიკებენ, მედიასა და სოცქსელებში თურქეთის უსაფრთხოების შესახებ ყალბი ამბების გავრცელების გამო სისხლის სამართლის დევნას ითვალისწინებს. თურქეთში მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნების წინ ამგვარი კანონის მიღებას კრიტიკოსები საგანგაშოდ მიიჩნევენ.


თურქეთის ხელისუფლება დაწესებულ შეზღუდვას უსაფრთხოების მიზნებით და გამოძიების ინტერესებით, ასევე საზოგადოებაში პანიკისა და დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების მიზეზით ხსნის.


თუმცა ვებ-პორტალ NetBlocks-ის დამფუძნებელი, ბრიტანელი უფლებადამცველი ალფ ტოკერი აცხადებს, რომ ინფორმაციაზე წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციების დროს და საინფორმაციო ვაკუუმმა შესაძლოა მეტი პანიკა და გაურკვევლობა გამოიწვიოს.


„კრიზისების დროს მნიშვნელოვანია, გვქონდეს წვდომა ზუსტ, სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციაზე. ინფორმაციის ნაკადის შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა იწვევს სპეკულაციების ზრდას და საზოგადოებაში ნდობის შემცირებას,“ - მიიჩნევს პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრის კოორდინატორი გურქან ოზთურანი, რომელიც ამავე დროს Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის „ინტერნეტის თავისუფლების“ ერთ-ერთი ავტორია.



ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის


2024 წლის ივნისში, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ფრონტის ხაზზე მომუშავე ჟურნალისტებს პასუხისმგებლობისა და თვითრეგულაციისკენ მოუწოდა. ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში მედიის მუშაობა გარკვეული რეგულაციებით შეზღუდეს.


კიევში აღნიშნავენ, რომ სურთ თავიდან აიცილონ პოტენციური სამიზნეების შესახებ საოკუპაციო ძალებისთვის ინფორმაციის მიწოდება.


თუმცა ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიიჩნევს, რომ ეს გაუმართლებელი დაბრკოლებებია სანდო და ობიექტური გაშუქებისთვის.


„დემოკრატიულ ქვეყანაში, ომი არ არის მიზეზი ჟურნალისტების მუშაობის შესაფერხებლად. ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ლეგიტიმურია, თუმცა პროპროციული უნდა იყოს“, - ამბობს ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი ჟან კაველიე.


რთულია იმის განსაზღვრა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ უნდა დაბალანსდეს ერთი მხრივ, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები, ხოლო მეორე მხრივ - მედიის და გამოხატვის თავისუფლება.


სწორედ ასეთი დილემის წინაშე აღმოჩნდა თავის დროზე გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსის“ მთავარი რედაქტორი დინ ბაკე.


ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღიარა, რომ ნანობს 2011 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, როცა სტატიის რედაქტირებისას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თხოვნა გაითვალისწინა.


მაშინ იემენში აშშ-მა ამერიკაში დაბადებული სასულიერო პირი ანვარ ალ-ავლაყი მოკლა.


„ამ ამბის რედაქტირებაში ვიყავით, როდესაც დაზვერვის სამსახურიდან დარეკეს და გვთხოვეს, - შეგიძლიათ, არ დაწეროთ, რომელი ბაზიდან გაუშვეს დრონი? იმწუთას ეს უმნიშვნელო დეტალი გვეგონა. სურათი ისე დახატეს, თითქოს, სხვაგვარად ამ ბაზას დაკარგავდნენ. დრო, პრაქტიკულად, აღარ გვრჩებოდა. ბაზის სახელწოდება სტატიიდან ამოვიღეთ. მეორე დღეს გავიღვიძე და მივხვდი, რომ სისულელე ჩავიდინე. არაფერი არ უნდა ამომეღო სტატიიდან. შევცდი. C.I.A -ს თავი გავაბრიყვებინე.


პრინციპში, სხვა დროს ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია. „ვიკილიქსის“ ამბების გაშუქებას „ნიუ-იორკ თაიმსში“ მე ვხელმძღვანელობდი. სახელმწიფო დეპარტამენტმა გვთხოვა, არ გამოგვექვეყნებინა მასალა. მაინც გამოვაქვეყნეთ“, - იხსენებს დინ ბაკე.


ფოტო aljazeera.com

ქეთი ჩოხელი
  • 3
  • 2596
0 Comments