წითელი ვერსია
  • 8
  • 9827

სხვა პატრიკ დაუნი

27 მარტი 2021

ზოგჯერ მედია, გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად მანიპულაციას მიმართავს, სიყალბის გამოაშკარავების შემდეგაც ჯიუტად იცავს თავის „პოზიციას“, რაც აუდიტორიისთვის კიდევ უფრო დამაბნეველი ხდება.


10 მარტს „მთავარი არხის“ გადაცემა „სხვა ნანუკაში“ რუსეთიდან ეთერში ჩართეს და მაყურებელს წარუდგინეს საქართველოში აწ უკვე სკანდალურად ცნობილი პატრიკ დაუნი, რომელმაც განაცხადა, რომ 2008 წელს, როდესაც ივანიშვილების ოჯახში ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა, ბერა და უტა ივანიშვილებმა ის საფაღარათო საშუალებით მოწამლეს (?!).


პატრიკ დაუნის მიერ გამოთქმულ ბრალდებას არ მოჰყოლია არავითარი ფაქტობრივი მტკიცებულება ან არგუმენტები. მეტიც, გაირკვა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის რესპონდენტი თავად არის მეტად საეჭვო წარსულისა და ბიოგრაფიის კაცი, რომელმაც 2012 წელს პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა რუსეთს, რადგან, მისივე მტკიცებით, დასავლეთში თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო დისკრიმინაციისა და დევნის მსხვერპლი გახდა.


ამ და სხვა ნაკლებად დამაჯერებელი განცხადებების გამო „მთავარი არხის“ ეთერში 10 მარტს გასულმა ინტერვიუმ იმთავითვე დაიმსახურა საზოგადოების დიდი ნაწილისა და მედიის ანალიტიკოსთა კრიტიკა; მათ შორის, გადაცემას გამოეხმაურა „მედიაკრიტიკაც“, თუმცა ამბავი ამით არ დასრულებულა.


სკანდალური ინტერვიუს ეთერში გასვლიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, 17 მარტს, ნანუკა ჟორჟოლიანმა თავის გადაცემაში კიდევ ერთხელ დაუთმო ეთერი პატრიკ დაუნის, რომელმაც სცადა, ეპასუხა ქართულ საზოგადოებასა და მედიაში მის მიმართ გამოთქმული კრიტიკული შეფასებებისთვის.


კერძოდ, დაუნიმ თქვა, რომ რუსეთში ბიზნესვიზით იმყოფება, არასოდეს მჯდარა ციხეში, არასოდეს ყოფილა დეპორტირებული ირლანდიიდან, არავითარი შეხება არ აქვს რუსეთის მთავრობასთან და ა. შ. რაც შეეხება ქართულ მედიაში მის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს, დაუნის განცხადებით, კრიტიკის ობიექტი სულ სხვა პატრიკ დაუნია, რომელთანაც მას არავითარი კავშირი არ აქვს.


წინა ინტერვიუს მსგავსად, რესპონდენტს არც ამჯერად წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი ან მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მართლაც არსებობს ვინმე „სხვა“ პატრიკ დაუნი. არადა, ცნობები პატრიკ დაუნის ბიოგრაფიის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ მოიპოვა რუსეთის მედიაში გავრცელებული, ფოტო- თუ ვიდეოილუსტრაციებით გაჯერებული მასალებიდან, სადაც საუბარი სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანის რესპონდენტზეა.


მაგალითად, გაზეთ „პრავდაში“ 2012 წელს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ვკითხულობთ, რომ პატრიკ დაუნი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს, იდევნება ამერიკის შეერთებულ შტატებში, დეპორტირებულია ირლანდიიდან და ა.შ. ამავე წერილის თანახად, წარსულში დაუნი მასწავლებლად მუშაობდა ივანიშვილების ოჯახში. შესაბამისად, იმ ფაქტის უარყოფა, რომ საუბარი ერთსა და იმავე პირზეა და არავითარი სხვა პატრიკ დაუნი ამ ამბავში არ მონაწილეობს, ცინიკურ ტყუილს ემსგავსება.


აქვე ერთი რამეც უნდა აღინიშნოს: თუ 10 მარტის გადაცემაში ნანუკა ჟორჟოლიანს მართლაც შეიძლება, არ ჰქონოდა სრული ინფორმაცია პატრიკ დაუნის ნამდვილ ბიოგრაფიაზე (რაც პროფესიული თვალსაზრისით, სულ ცოტა, უპასუხისმგებლობა მაინც არის, როცა საუბარი მოწამვლის ბრალდებას ეხება), 17 მარტისთვის მისთვის უკვე კარგად იყო ცნობილი საზოგადოებაში დაუნის მიმართ გამოთქმული პრეტენზიები.


მიუხედავად ამისა, ჟურნალისტს რესპონდენტისთვის არც ამჯერად დაუსვამს უხერხული კითხვები და, მაგალითად, არ შეუხსენებია, რომ ინფორმაცია მის მიერ რუსეთში პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნის შესახებ საქართველოს კია არა, რუსეთის მედიამ გაავრცელა. რუსეთის მედია ადასტურებს იმასაც, რომ ივანიშვილების ოჯახის ინგლისურის ყოფილი მასწავლებელი და ირლანდიიდან დეპორტირებული პატრიკ დაუნი ერთი და იგივე პიროვნებაა.


ეს კითხვები ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში არ დასმულა. სამაგიეროდ, თავისი მონოლოგის დასასრულს, წამყვანმა ტელეკომპანია „იმედისა“ და იქ მომუშავე ჟურნალისტებისადმი ერთგვარი „მიმართვა“ გააკეთა და განაცხადა, რომ მათი მხრიდან განსაკუთრებით უხერხულად (?!) გამოიყურება რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირზე საუბარი, რადგან... „რუსეთის უშიშროების სამსახურში მუშაობდა ნიკა ლალიაშვილი, რომელიც თქვენთან პოლიტიკურ მიმართულებას განსაზღვრავს და დღეს თქვენი მთავარი იდეოლოგია... რუსეთის იყო მაშინ ის უშიშროების სამსახური.“


ამ განცხადებამ, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კოლეგიალობის დეფიციტს ქართულ მედიაში, სადაც განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციაზე მყოფი მედიასაშუალებების თანამშრომლები ხშირად შეურაცხყოფისა და ბრალდებების ენით ელაპარაკებიან ერთმანეთს, გაუგებრობა შექმნა იმ მხრივაც, რომ „იმედის“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ლალიაშვილი, რომელიც 1973 წელს არის დაბადებული, თეორიულადაც კი ვერასოდეს „მოახერხებდა“ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში მუშაობას.


თავისთავად ჩნდება კითხვა, ვინ ან რა სამსახური შეიძლებოდა ეგულისხმა ნანუკა ჟორჟოლიანს თავის ემოციურ გამოსვლაში, და აქაც ხომ არ გვაქვს საქმე ვიღაც სულ სხვა პირთან ან, საერთოდ, პიროვნების იდენტიფიცირების პრობლემასთან?


  • 8
  • 9827
0 Comments