წითელი ვერსია
  • 0
  • 12186

დაუსაბუთებელი ბრალდება: ვინ „მოწამლა“ ივანიშვილების ინგლისურის მასწავლებელი?

11 მარტი 2021

10 მარტს საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წინააღმდეგ მიმართული მორიგი ბრალდებები მოისმინა, რომელიც ამჯერად მაყურებელს „მთავარმა არხმა“ შესთავაზა.


კერძოდ, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემაში „სხვა ნანუკა“ მოსკოვში მცხოვრები ამერიკის მოქალაქე პატრიკ დაუნი წარგვიდგინა, რომელმაც განაცხადა, რომ 2008 წელს, როცა ის ივანიშვილების ოჯახში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა, უტა და ბერა ივანიშვილებმა მოწამლეს.


„გუტალაქსის [კუჭში გამხსნელი, საფაღარათე საშუალება] 20-ჯერ მეტი დოზა მქონდა მიღებული... არ ვიცოდი, რომ მოწამლული ვიყავი, სანამ, ერთი საათის შემდეგ, ბერა უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ანზორ ჩუბინიძესთან ერთად არ მოვიდა და თავად არ მითხრა“ - აცხადებს დაუნი ვიდეოჩანაწერში, რომელიც გადაცემაში რამდენიმე ფრაგმენტის სახით იყო ნაჩვენები.


პატრიკ დაუნის ბრალდებების ადრესატი არა მხოლოდ ივანიშვილის ოჯახი, არამედ მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც აღმოჩნდა. დაუნის მტკიცებით, ინციდენტის შემდეგ მას დაუკავშირდა ღარიბაშვილი, რომელიც ამ დროს ივანიშვილის ოჯახში სამუშაო კონტრაქტთან დაკავშირებულ პროცედურებს კურირებდა და უთხრა, რომ მასთან „კონტრაქტს აღარ გააგრძელებენ“. დაუნის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილი მას ელექტრონული ფოსტით წერილებს მოგვიანებითაც უგზავნიდა, სადაც მას თანხის მოპარვასა და შანტაჟში ადანაშაულებდა.


„ეს ხალხი გიჟია, ნამდვილად გიჟია... ბიძინა ფიქრობს, რომ ის ღმერთია, რომ ის და მისი ოჯახი ღმერთები არიან. მან მითხრა, რომ დღე, როცა უტა დაიბადა, დაკავშირებულია ასტროლოგიურ მოვლენასთან. დღე, როცა მან პარტიის პრეზენტაცია გააკეთა, ემთხვეოდა კვირას, მთვარის დაბნელებას. ეს ოკულტიზმია“ - აცხადებს „მთავარი არხის“ რესპონდენტი.


აღსანიშნავია, რომ მძიმე ბრალდების მიუხედავად, არც ჟურნალისტს და არც მის სკანდალურ რესპონდენტს არ წარმოუდგენიათ არავითარი მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც მათ საუბარს მეტ დამაჯერებლობას შესძენდა.


მეტიც - პატრიკ დაუნი ვერაფრით ხსნის, თუ რატომ არ სცადა მან სასამართლოს გზით დაეკისრებინა პასუხისმგებლობა მათთვის, ვისაც იგი „უკანა რიცხვით“ ბრალდებას დღეს უყენებს. მისი განცხადება ამ მხრივ უკიდურესად ბუნდოვანი და არაკონკრეტულია, თუმცა ამავე დროს საშუალებას გვაძლევს ყურადღება მივაქციოთ ორ მნიშვნელოვან და საეჭვო გარემოებას:


„პირველი რაც გავაკეთე იყო ის, რომ წავედი ამერიკის საელჩოში. შევხვდი ორ თანამშრომელს. ერთი იყო რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერი, მეორეს სახელი იყო ჯეფრი, რომელიც, როგორც ვიცი CIA-სთვის (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) მუშაობდა. მათ მირჩიეს, რომ დამეტოვებინა საქართველო და ასეც მოვიქეცი“, - აცხადებს დაუნი, თუმცა, საუბრის ბოლოს ასევე ირკვევა, რომ მან პარალელურად თბილისში ადვოკატიც დაიქირავა, რომელმაც ჟურნალისტის მტკიცებით, ივანიშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრას თავი აარიდა.


საინტერესოა, რატომ არ დაიცვა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საკუთარი მოქალაქის უფლებები, თუ მისი ბრალდებები სამართლიანი იყო ან რატომ ურჩიეს მას, ქვეყანა დაეტოვებინა? ასევე უდავოდ საინტერესოა ისიც, თუ რატომ ვერ მოძებნა დაუნიმ სხვა ადვოკატი, რომელიც ამ საქმეს ხელს მოჰკიდებდა, თუმცა ეს კითხვები გადაცემაში არ დასმულა.


უფრო მეტიც, ადვოკატის ხსენებისას ნანუკა ჟორჟოლიანმა მაყურებელს მხოლოდ ის „განუმარტა“, რომ „დღეს ადვოკატი თეა გორგაძე პროკურორია, ხოლო მისი მეუღლე, პაატა სილაგაძე, რომელიც მაშინ მოსამართლე იყო, დღეს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეა და წარმოადგენს ჩინჩალაძის ათკაციან ცნობილ კლანს“.


მთლიანობაში, ჟურნალისტის საუბრიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ 2008-2009 წლებში საქართველოში მხოლოდ ერთი ადვოკატი მუშაობდა და ისიც ივანიშვილების ოჯახთან იყო დაკავშირებული, აშშ-ის საელჩოს პოზიციაზე კი ნანუკა ჟორჟოლიანს ყურადღება საერთოდ არ გაუმახვილებია, არადა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 2009 წელსაც ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო, რთულად დასაჯერებელია, რომ ამერიკის მოქალაქემ საქართველოში სამართალი ვერ იპოვა.


ინტერვიუში კითხვის ნიშნებს აჩენს ასევე ჟურნალისტის უპირობო ნდობაც რესპონდენტის მიმართ, რომელიც შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებულ დეზინფორმაციასაც ავრცელებდეს.


ცნობისთვის, 2012 წელს პატრიკ დაუნიმ რუსეთის ფედერაციას პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა და ამ დროიდან რუსეთში ცხოვრობს. 2012 წელს დაუნი აცხადებდა, რომ ამერიკის ხელისუფლება მას დევნის იმის გამო, რომ მან თითქოს მოიპოვა საიდუმლო მტკიცებულებები აშშ-ის მიერ 2008 წლის ომის დაფინანსების (?!) შესახებ.


დაბოლოს, პოლიტიკურად მოტივირებული ჩანდა გადაცემის წამყვანის განსაკუთრებული აგრესიაც კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ამ ისტორიაში ცენტრალურ ფიგურად თავად რესპონდენტიც კი არ მიიჩნევს:


„ის არ არის თქვენი პრემიერ-მინისტრი, ის ივანიშვილების პრემიერ-მინისტრია, ის ემსახურება მხოლოდ ივანიშვილების ოჯახს და მე ვფიქრობ, ყველაზე დიდი კატასტროფა ამ ყველაფერში არის ის, რომ დღემდე ის ინარჩუნებს პრემიერ-მინიტრის პოზიციას“ - მიმართა მაყურებელს ნანუკა ჟორჟოლიანმა, საიდანაც შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული ინტერვიუს რეალური მიზანი არა თუნდაც ბერა ივანიშვილის მიერ წლების წინ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის „გამოაშკარავება“ ან დაზარალებულის უფლებების დაცვა, არამედ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური დისკრედიტაცია იყო.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 12186
0 Comments