წითელი ვერსია
  • 1
  • 6232

მძიმე კოვიდპაციენტებით მანიპულირება „მთავარ არხზე“

03 სექტემბერი 2021

მძიმე ეპიდვითარების ფონზე ქართულ საზოგადოებას არც თუ იშვიათად უწევს მედიიდან კიდევ უფრო დამთრგუნველი და, რაც მთავარია, ობიექტურად დაუსაბუთებელი პროგნოზების მოსმენა, რისი მიზანიც, სავარაუდოდ, საზოგადოებაში მაქსიმალური უიმედობისა და დაუცველობის განცდის ჩამოყალიბებაა.


ამასთან, აღნიშნული ტენდენცია ცალკეულ ტელეარხებზე ფაქტობრივად ყოველდღიური მუშაობის სტანდარტად იქცა და უკვე საგანგაშო ფორმებიც შეიძინა იმ თვალსაზრისით, რომ ექიმის ან ჯანდაცვის სპეციალისტის სტატუსით წარმოდგენილი რესპონდენტების მიერ ეთერში გაჟღერებულმა უპასუხისმგებლო პროგნოზებმა, შესაძლოა, კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე მართლაც დააყენონ საფრთხის წინაშე.


ასე, მაგალითად, 30 აგვისტოს დაანონსებული „შავი სექტემბრის“ შემდეგ, სადაც „მთავარი არხის“ რესპონდენტმა გიორგი ჩალაძემ საქართველოში ადამიანების „ამოწყვეტა“ „იწინასწარმეტყველა“, ტელეკომპანიის ეთერში მორიგი შემაძრწუნებელი პროგნოზი გავრცელდა - ამჯერად ადამიანთა იმ ჯგუფთან დაკავშირებით, რომლებიც კორონავირუსული ინფექციის მძიმე ფორმებს ებრძვიან და კლინიკებში მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.


„ის ადამიანები, ვინც ახლა აპარატზეა, მათი დიდი უმრავლესობა ხვალ, სამწუხაროდ, იქნება გარდაცვლილთა სიაში“ - სწორედ ამგვარი პროგნოზი მოისმინეს მაყურებლებმა, კოვიდინფიცირებულებმა და მათმა ოჯახის წევრებმა 2 სექტემბერს „მთავარი არხის“ 15:00 და 21:00 საათის საინფორმაციო გამოშვებებში.


ეს „პროგნოზი“ საინფორმაციო გამოშვებაში პულმონოლოგის სტატუსით წარმოდგენილ ერთ-ერთ რესპონდენტს, ელენე ხურციძეს ეკუთვნის, თუმცა არხის საინფორმაციო სამსახურის მესვეურებმა საგანგაშო გზავნილის ტირაჟირება, ფაქტობრივად, ყველა პლატფორმაზე ისე განახორციელეს, რომ სავარაუდოდ, არც უფიქრიათ ადამიანებზე, რომლებიც სწორედ ამ წუთებში იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე ან მათზე, ვისაც მომავალში შეიძლება დასჭირდეთ ეს პროცედურა.


საგულისხმოა, რომ ეთიკური ასპექტის გარდა, აღნიშნულ „პროგნოზში“ არასწორია თავად პროგნოზის შინაარსიც, რადგან ის ცალსახად ეწინააღმდეგება სტატისტიკას და ობიექტურ მოცემულობას, რისი გადამოწმებაც ჟურნალისტს სიუჟეტის მომზადების პროცესში, ასევე არ უცდია.


ობიექტური მოცემულობის არცოდნას ან მიზანმიმართულ მანიპულაციას მოწმობს სიუჟეტის დასკვნით ნაწილში ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული კიდევ ერთი პროგნოზიც, რომლის თანახმადაც „ეპიდემიოლოგები ორი კვირის განმავლობაში არ ელოდებიან, როგორც გარდაცვალების, ასევე, ინფიცირებულთა რაოდენობის მცირედით კლებას“.


არადა რეალურად, ინფიცირების პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც მიმდინარე „ტალღის“ დროს 17 აგვისტოს დაფიქსირდა (6208 შემთხვევა), 3 სექტემბრის მდგომარეობით ინფიცირების სტატისტიკა, ფაქტობრივად, განახევრებული იყო (3034 შემთხვევა) და კვლავ განაგრძობს კლებას.


რაც შეეხება უშუალოდ მართვით სუნთქვაზე მყოფ პაციენტებს, მიუხედავად „მთავარ არხზე“ მოსმენილი უმძიმესი პროგნოზებისა, მათი გამოჯანმრთელების შანსები გაცილებით მაღალია და ამას მოწმობს იმ ექიმების კომენტარები, რომლებიც პანდემიის დაწყების დღიდან აქტიურად არიან ჩართულნი მძიმე ავადმყოფების მკურნალობის პროცესში.

„ჩვენდა საბედნიეროდ, კრიტიკული პაციენტების უმრავლესობა ჯანმრთელდება. როდესაც პაციენტი რეანიმაციაში იმყოფება, ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად გარდაიცვლება. არ ვიცი, ვის აწყობს ამის თქმა და რატომ ძაბავენ მოსახლეობას. იმის თქმა, რომ კოვიდ19-ის მძიმე პაციენტები მასიურად იღუპებიან, არის მცდარი, რადგან კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადარჩენის უამრავი მაგალითი არსებობს...“.

ასე გამოეხმაურა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტების მასობრივი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ „პროგნოზს“ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა, თუმცა საზოგადოება მედიკოსის გზავნილებს სულ სხვა მედიაწყაროებიდან გაეცნო.


რატიანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ „ის პროცესები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპზე არის, მალე დასრულდება. ამის საფუძველს გვაძლევს ძალიან ბევრი ფაქტი და ამის მაჩვენებელია ისიც, რომ დღეს ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან მკვეთრად შემცირდა... ვაქცინაციის სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში დადგება თარიღი, როდესაც მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს, როგორც ამას ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, ჩამოუყალიბდება იმუნიტეტი და კოვიდდაავადება უკან დაიხევს“.


ნიშანდობლივია, რომ ეს გზავნილები 3 სექტემბერს „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვებებში საერთოდ არ გაშუქებულა, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს იმ ვარაუდს, რომ ტელეკომპანია მიზანმიმართულად ცდილობს მაყურებელში აბსოლუტურად უიმედო სიტუაციის განცდის შექმნას და ეპიდემიით გამოწვეული სტრესის პოლიტიზებას.


ხათუნა კიღურაძე
  • 1
  • 6232
0 Comments