წითელი ვერსია
  • 0
  • 4489

„მთავარ არხზე“ დაანონსებული „შავი სექტემბერი“

31 აგვისტო 2021

ეპიდვითარების გამწვავების ფონზე ცალკეულ მედიასაშუალებებში შეინიშნება საკითხის უკიდურესი პოლიტიზების ტენდენცია, რაც გულისხმობს არა მხოლოდ არაკომპეტენტურ მართვაში დადანაშაულებას, არამედ „მიზანმიმართული გენოციდის“ ბრალდების გაჟღერებასაც ჯანდაცვის სამინისტროსა და საკოორდინაციო საბჭოს მისამართით.


ამასთან, ამ ტიპის ბრალდებების „გასამყარებლად“ მედია ზოგჯერ რეალურად არსებული მძიმე სიტუაციის პოლიტიზებითაც არ შემოიფარგლება და პროგნოზირებს ისეთ უმძიმეს სცენარს, რომელსაც ამ წუთისთვის არავითარი ობიექტური წინაპირობა არ გააჩნია და სავარაუდოდ, საზოგადოებაში პანიკისა და სრული უიმედობის განცდის ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული.


სწორედ ასეთი შთაბეჭდილება შექმნა 30 აგვისტოს „მთავარი არხის“ 12:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში გასულმა სიუჟეტმა, სადაც მაყურებელს აუწყეს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი შემოდგომაზე კიდევ უფრო გაიზრდება.


პირდაპირი ჩართვისას ჟურნალისტმა გვაცნობა, რომ ამ პროგნოზს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები აკეთებენ და მაყურებელს ექსპერტის სტატუსით სამი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი წარუდგინა, რაც მათი პროფესიის და კომპეტენციის მიუხედავად, ცხადია, უკვე აჩენს კითხვებს პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.


აღსანიშნავია, რომ სამი კომენტარიდან განსაკუთრებით მძიმე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის მიერ გამოთქმული პროგნოზი აღმოჩნდა:


„ერთ კვირაში, 10 დღეში, მოგვენატრება ას კაცამდე გარდაცვლილი, იმიტომ რომ სექტემბერი იქნება ძალიან მძიმე. პირდაპირი გაგებით, შავი სექტემბერი გველოდება. საქართველოში ადამიანები ამოწყდებიან. ამოწყდებიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, რომელიც მიღებულია ‘ქართული ოცნების’ მიერ“.


ამ უკიდურესად დამთრგუნველი განცხადების შემდეგ გიორგი ჩალაძემ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გეგმაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია „გაწყვიტოს რაც შეიძლება ბევრი ადამიანი“. (?!)


საგულისხმოა, რომ არც ჟურნალისტის და არც რესპონდენტის მხრიდან მაყურებელს არ მოუსმენია არავითარი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა იძლევა ამგვარი პროგნოზისა და ბრალდებების გაჟღერების საფუძველს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მიმდინარე თვის ბოლოს უკვე გამოიკვეთა ინფიცირებულთა რაოდენობის სტაბილიზაციისა და მცირე კლების ტენდენციაც.


„მთავარი არხის“ ჟურნალისტისა და რესპონდენტის მიერ გამოთქმული პროგნოზი კიდევ უფრო გაუგებარი გახდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ბრიფინგის შემდეგ, რომელიც სიუჟეტის გასვლიდან რამდენიმე საათში გაიმართა. ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას აუწყა, რომ „პიკი გარკვეულწილად, გადავიარეთ“.

„ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი... რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ვიცით, რომ გარდაცვალების შემთხვევების კლებას სჭირდება გარკვეული პერიოდი. დაახლოებით, ორი კვირა არის ის პერიოდი, როცა შემთხვევების სტაბილიზაციას მოჰყვება გარდაცვალების სტაბილიზაცია...“

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ეს განცხადება გამოქვეყნდა „მთავარი არხის“ ვებგვერდზეც 14:23 საათზე, 15:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში კი მაყურებელმა, რომელსაც ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების შესახებ ისევ უამბეს, ჯანდაცვის ექსპერტების მიერ გაკეთებულ კომენტარებს შორის გიორგი ჩალაძის უმძიმესი პროგნოზი ვეღარ მოისმინა.


დამთრგუნველი გზავნილები ასევე არ მოხვდა 18:00 საათის გამოშვებაშიც, ხოლო 21:00 საათის შემაჯამებელ გამოშვებაში „მთავარმა“ გიორგი ჩალაძე კვლავ „დააბრუნა“, თუმცა ამჯერად მაყურებელმა მისი კომენტარიდან სულ სხვა ფრაგმენტები მოისმინა, სადაც რესპონდენტი „შავ სექტემბერსა“ და „ადამიანების ამოწყვეტას“ აღარ პროგნოზირებდა.



ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 4489
0 Comments