წითელი ვერსია
  • 7
  • 2274

ჟურნალისტიკა ფაქტების გარეშე

05 მაისი 2023

„ნამდვილად ძალიან საგანგაშოა სტატისტიკა, კრიმინალური შემთხვევები გაიზარდა და თქვენ რას უკავშირებთ ამას, რამდენად უსაფრთხო გახდა ქვეყანაში ცხოვრება?“


- ამ შეკითხვით მიმართა „ტვ პირველის“ რეპორტიორმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ბრიფინგზე, რომელიც 5 მაისს, „პოლიციის ქალაქის“ პროექტის პრეზენტაციისას გაიმართა და რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.


ჟურნალისტის კითხვამ მინისტრის გაოცება გამოიწვია:


„შარშან მაგალითად, ყველაზე დაბალი - 74 მკვლელობა დაფიქსირდა საქართველოში, რომელიც ნამდვილად უპრეცედენტოა. სტატისტიკა დაკლებულია. საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ ამას, რომ კრიმინალი გაიზარდა, ეს უბედურებაა, არ შეიძლება ხალხი მოატყუოთ. ციფრებია, რომელიც დევს ჩვენს საიტზე, ღიად. ნახეთ პირდაპირ, შეხედეთ! საიდან მოიტანეთ, რომ გაიზარდა კრიმინალი?“ - მიმართა მინისტრმა კითხვის ავტორ ჟურნალისტს.


ბრიფინგიდან ერთ საათში „ტვ პირველის“ საინფორმაციო გამოშვებაში სპეციალური ბლოკი შემოგვთავაზეს სახელწოდებით „გომელაური: კრიმინალი შემცირდა“, და წინა დღით გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის კადრებით.


რეპორტაჟში არ ყოფილა წარმოდგენილი ის სტატისტიკა, რომელზე დაყრდნობითაც ჟურნალისტმა კითხვა დასვა. რეპორტაჟის ავტორმა კი ბრიფინგზე მომხდარი ამბავი მაყურებელს არაზუსტად და სუბიექტური ინტერპრეტაციით მიაწოდა.


ჟურნალისტის მონათხრობით თუ ვიმსჯელებთ, 74 მკვლელობა, რომლის შესახებაც მინისტრმა ისაუბრა, 74 კრიმინალს ნიშნავს.


„გომელაური ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ უპრეცედენტოდ მცირდება კრიმინალის რაოდენობა საქართველოში და მან მოიყვანა 2022 წლის სტატისტიკა. შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ 2022 წელს დაფიქსირდა უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელი კრიმინალისა - 74 შემთხვევა, როდესაც 2012 წლამდე 300-330 შემთხვევა ფიქსირდებოდა ხოლმე. შესაბამისად, გომელაური არ აღიარებს, რომ საქართველოში კრიმინალი ყოველდღიურად იზრდება“ - გვითხრა ჟურნალისტმა.


სინამდვილეში, მინისტრმა ბრიფინგზე მკვლელობების სტატისტიკაზე ისაუბრა. რაც შეეხება კრიმინალურ დანაშაულს, რომელიც მკვლელობის გარდა, ძარცვას, ნარკოტიკებით ვაჭრობას, ჯანმრთელობის დაზიანებას, მუქარას და ა.შ. მოიცავს - 2022 წელს რეგისტრირებულია 54 435 კრიმინალური შემთხვევა, ნაცვლად 74-ისა, როგორც ეს ჟურნალისტს ჰგონია.


ნიშნავს თუ არა ეს სტატისტიკა იმას, რომ კრიმინალი გაიზარდა, ან შემცირდა?


იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლის ნახვისკენაც მინისტრმა ჟურნალისტს მოუწოდა, ირკვევა, რომ გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, კრიმინალი 3.39 პროცენტით არის შემცირებული, მათ შორის შემცირებულია განზრახ მკვლელობის შემთხვევებიც.



თუმცა, ჟურნალისტი მაინც გვიმტკიცებს, რომ კრიმინალი ქვეყანაში „ყოველდღიურად იზრდება!“


რატომ არ გადაამოწმა რეპორტაჟის ავტორმა საკუთარი მოსაზრება?


ამაზე სიუჟეტიდან მხოლოდ ის შევიტყვეთ, რაც თავად გვითხრა: „ყოველდღიურად მოსახლეობას ესმის ამბები სისხლიან გარჩევებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ხდება.“


გამოდის, ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის და მისი მსჯელობის საფუძველი ის გახმაურებული კრიმინალური შემთხვევებია, რომლებიც ტელევიზიებით გადაიცემა და არა ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც, მართლია, ძალიან მოსაწყენი და რთული მონაცემების ერთობლიობაა, მაგრამ სწორედ მათი შესწავლის შედეგად ყალიბდება კვალიფიციური და კრიტიკული შეკითხვა.


ლელა კურდღელაშვილი
  • 7
  • 2274
0 Comments