წითელი ვერსია
  • 5
  • 4036

ვის ეკუთვნის სტრასბურგის ვერდიქტი?!

22 იანვარი 2021

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სტრასბურგში საქართველომ რუსეთის ფედერაციას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით 12 -წლიანი სახელმწიფოთაშორისი დავა მოუგო, ქართული მედიისთვის დღის ყველაზე აქტუალური თემა იყო.


ვერდიქტი, რომლის თანახმადაც რუსეთი სამართლებრივად იქნა აღიარებული, როგორც ოკუპანტი ქვეყანა და სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა სწორედ მას დაეკისრა, მედიასაშუალებების მხრიდან უმეტესწილად შეფასდა, როგორც ქვეყნისთვის ისტორიული მოვლენა და ქართველი ერის საერთო გამარჯვება, თუმცა, იყო გამონაკლისიც.


საკითხის გაშუქებისას განსაკუთრებული ტენდენციურობა და პარტიული მიკერძოება გამოამჟღავნა „მთავარმა არხმა“, რომელმაც ევროსასამართლოს ვერდიქტი, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებად წარმოაჩინა და ამავე დროს შეეცადა, ხსენებული თემა მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ დაუსაბუთებელი, მძიმე ბრალდებების გასაჟღერებლად კიდევ ერთელ გამოეყენებინა.


21 იანვრის შემაჯამებელ გამოშვებაში გასულ სიუჟეტში სახელწოდებით „ვერდიქტი აგვისტოს ომზე“ არხმა შემოგვთავაზა კომენტარები, სადაც რესპონდენტები გვიმტკიცებენ, თითქოს „ქართული ოცნების“ სურვილი და მოლოდინი ის იყო, რომ სტრასბურგს საქართველოს ყოფილი ხელისუფლება გაემტყუნებინა.


სიუჟეტში განსაკუთრებით ნეგატიურ კონტექსტში იყვნენ გაშუქებული საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ამჟამად პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, რომლის უწყებაც, ბოლო 8 წლის განმავლობაში, კურირებდა აღნიშნულ საქმეს სტრასბურგში.


ერთი შეხედვით, პრეზიდენტი სიუჟეტში იმის გამო მოხვდა, რომ მან ევროსასამართლოს გადაწყვეტილებისთვის მადლობა თეა წულუკიანს გადაუხადა. თუმცა, აშკარაა, რომ ჟურნალისტმა ამ შემთხვევით კიდევ ერთხელ ისარგებლა და მაყურებელს სალომე ზურაბიშვილის „ძველი ცოდვები“ შეახსენა:


„თეა წულუკიანს დღეს სტრასბურგის ვერდიქტი სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა - საქართველოს მეხუთე მთავარსარდალმა, რომელმაც წლების წინ, ქართველი სამხედროები (?!) ომის დაწყებაში დაადანაშაულა და საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებებმა ჰააგის სასამართლოში აგვისტოს ომის გამოძიებისა და ქართველი სამხედროების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესზე ძალიან უარყოფითი გავლენა მოახდინა (?!)“.


აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილს რეალურად არასდროს არაფერში არ დაუდანაშაულებია ქართველი სამხედროები და სიუჟეტში არც ის დაკონკრეტებულა, თუ რა უარყოფითი გავლენა მოახდინა პრეზიდენტის რომელიმე განცხადებამ ჰააგაში მიმდინარე პროცესზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, „მთავარმა არხმა“ ამ თემას, ტრადიციულად, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო და მაყურებელს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ასევე დაუსაბუთებელი ბრალდებებიც შესთავაზა:


„ეს მოღალატეობრივი რეჟიმი, რომელიც ყველაფერს ჩალიჩობდა, რომ ჩვენ ეს საქმეც წაგვეგო, საერთაშორისო სასამართლოში საქმე წაგვეგო, ჰააგის სისხლის საერთაშორისო სასამართლოში წულუკიანმა მოახდინა პროვოცირება საქმის განხილვის და პირდაპირ გულშემატკივრობს იმას, რომ საქართველო გაამტყუნონ და არც მალავას ამას უტიფრად და უნდა, რომ ქართველი სამხედროები დაიჭირონ“.


ხათუნა კიღურაძე
  • 5
  • 4036
0 Comments