წითელი ვერსია
  • 0
  • 3242

ვინ ვინ არის?

18 ოქტომბერი 2021

ახალი ამბების გავრცელებისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის მასალების წარდგენისას ტელემაუწყებლები დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ვიზუალურ მხარეს, რადგან ტელევიზიის შემთხვევაში აუდიტორია გამოსახულებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.


შეცდომით ნაჩვენებმა ფოტო თუ ვიდეო კადრებმა, შესაძლოა, არა მხოლოდ მაყურებელი შეიყვანოს შეცდომაში, არამედ ზიანი მიაყენოს კონკრეტული პიროვნების რეპუტაციასაც.


16 ოქტომბერს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მაყურებელმა იხილა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსი, რომელიც გადაცემისთვის მომზადებული სიუჟეტების მოკლე ანოტაციას გვთავაზობდა.


აღნიშნულ ანონსში ერთ-ერთი სიუჟეტის წარდგენისას, რომელიც ბათუმში 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი, სავარაუდო მიზეზების ჟურნალისტურ მოკვლევას ეძღვნება, მაყურებელს აუწყეს, რომ კორპუსის პირველ სართულს ადრე გია ჭყონია - „ხელისუფლების მეგობარი ბიზნესმენი თხრიდა და ანგრევდა“, თუმცა ჭყონიას ვიზუალიზაციისთვის არხმა მაყურებელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის ფოტო და ვიდეო მასალა აჩვენა, რომელსაც კადრში ბიზნესმენის სახელი და გვარი აწერია.


გია ჭყონია ანონსში რამდენჯერმე ახსენეს, თუმცა ყოველ ჯერზე მაყურებელი თემურ მღებრიშვილს ხედავდა, რომელიც ნამდვილად იმყოფებოდა ტრაგედიის ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.


ამ კადრების ფონზე კი ჟურნალისტი სვამს კითხვას: „რა კავშირი აქვს ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას კაცთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხეებს წინ და უკან დაატარებდა... ვინ არის გია ჭყონია - ბიზნესმენი, რომელიც ადგილზე ჩასულ გომელაურსა და ღარიბაშვილს გვერდიდან არ მოცილებია?“


საგულისხმოა, რომ ანონსისგან განსხვავებით, უშუალოდ სიუჟეტში თემურ მღებრიშვილის კადრები გამოყენებული არ ყოფილა და ამ შემთხვევაში მაყურებელს უკვე იმ ბიზნესმენის კადრები წარუდგინეს, ვისი სახელი და გვარიც ანონსში გაჟღერდა.


კადრებში ჩანს, რომ გია ჭყონია ასევე იმყოფებოდა ტრაგედიის ადგილზე, თუმცა გაურკვეველი დარჩა, რით იყო გამოწვეული გადაცემის ანონსში თემურ მღებრიშვილის კადრების გამოყენება, რომელსაც, ნებსით თუ უნებლიეთ, გადაცემის გუნდმა სრულიად უსაფუძვლოდ მიაყენა რეპუტაციული ზიანი, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სიუჟეტის მსვლელობისას ჟურნალისტებს ანონსში დაშვებული შეცდომა არც კი შეუმჩნევიათ.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 3242
0 Comments