4 ნოემბერს „მთავარი არხის“ გადაცემა „დღის ამბებში“ არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სულხან მოლაშვილის, ირაკლი ბათიაშვილისა და დავით მირცხულავას შეწყალება 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებად გამოაცხადა, რითაც შეცდომაში შეიყვანა მაყურებელი და არასწორი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას.
რეალურად, კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა და იმ დროისთვის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი 2008 წლის იანვარში არა მიხეილ სააკაშვილმა, არამედ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ შეიწყალა, თუმცა მთავარი არხის გენერალური დირექტორი, რომელსაც, სავარაუდოდ, კარგად უნდა ახსოვდეს ხსენებული აქტები, არ მოერიდა ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და არც მოგვიანებით დაუზუსტებია არასწორი ცნობა.
საყურადღებოა ისიც, რომ განცხადება გაკეთდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი აქტუალური თემის განხილვის პროცესში, რის გამოც დეზინფორმაციის მსხვერპლი შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი გახდეს;
უშუალოდ დეზინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა გვარამიას მიერ საქართველოს საპატრიარქოს კრიტიკა იმ მიზეზით, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის შეწყვეტა ითხოვეს და არა მისი შეწყალება, რაც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის შეფასებით, „ანტიჰუმანური“ და „ანტიქრისტიანულია“ მაშინ როცა, მისივე თქმით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის დროზე პატრიარქის თხოვნით ბევრი პატიმარი შეიწყალა:
„300 ადამიანი, რომ შეიწყალა პირადად პატრიარქის თხოვნით, შიდა საპატრიარქო კომისიების გარეშე და მეტსაც გეტყვით, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით... მაშინ რა იყო? თუ მძიმე დანაშაულში ბრალდებული არ იყო სულხან მოლაშვილი, რომელიც შეიწყალა პატრიარქის პირადი თხოვნით, თუ მძიმე დანაშაულში არ იყო ბრალდებული მირცხულავა, რომელიც შეიწყალა პატრიარქის პირდაპირი თხოვნით, თუ მძიმე დანაშაულში არ იყო ბრალდებული სამშობლოს ღალატის მუხლით მისჯილი ირაკლი ბათიაშვილი...“

- 1
- 14
- 6384
Irakli Kirkitadze
ტესტ კომენტ