წითელი ვერსია
  • 0
  • 648

ვინ „ატერორებს“ გოგი თოფაძეს?

07 აპრილი 2021

7 აპრილს, „მთავარი არხის“ 12:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა პარტია „ქართული ოცნების“ დაფინანსების თემა, სადაც მაყურებელს აუწყეს, რომ ბოლო სამ თვეში მმართველმა პარტიამ, კომპანიებისგან და ბიზნესმენებისგან შემოწირულობის სახით, 3 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.


ამის შემდგომ სიუჟეტში გაჟღერდა რამდენიმე მძიმე ბრალდება დაფინანსების მოპოვების მეთოდებთან დაკავშირებით, რომელთა დასამტკიცებლად სიუჟეტის ავტორს მაყურებლისთვის, ფაქტობრივად, არაფერი შეუთავაზებია. გარდა ამისა, გაჟღერებული ბრალდებები და კომენტარები ხშირად ლოგიკურადაც წინააღმდეგობაში მოდიოდა ერთმანეთთან.


ასე, მაგალითად, სიუჟეტის დასაწყისში „ოცნების“ პოლიტიკურ ოპონენტებზე დაყრდნობით ჟურნალისტმა გამოაცხადა, რომ „რეალურად ქვეყანაში ბიზნესი არის ტერორში და მხოლოდ და მხოლოდ ამით აიხსნება ის, რომ ადამიანები ‘ქართულ ოცნებას’ საკმაოდ სოლიდურ თანხებს სწირავენ“, თუმცა თავად ზემოხსენებულმა ოპონენტებმა, „მთავარ არხთან“ საუბრისას სულ სხვა ბრალდება გააჟღერეს და მმართველ გუნდს ბრალი დასდეს იმაში, რომ „ოცნების“ ცალკეული წარმომადგენლები კორუფციულ გარიგებებში არიან შესულები კონკრეტულ ბიზნესმენებთან.


მათი თქმით, კომპანიები, რომლებიც მმართველ პარტიას აფინანსებენ, ხშირად იგებენ ტენდერებს და ამ გზით ხელისუფლებას უკან უბრუნებენ გაცემულ თანხებს.


საგულისხმოა ინფორმაცია თავად შემომწირველების შესახებაც, რომელსაც სიუჟეტში ვეცნობით. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, „ოცნების“ შემომწირველებს შორის არიან ის პირები, რომლებიც „პირდაპირ ან ირიბ კავშირში არიან ბიძინა ივანიშვილთან... მათ შორის, ‘მრეწველი’ გოგი თოფაძე, ასევე ‘ქართუ ბანკის’ მენეჯერები და ღარიბაშვილის სიმამრიც“.


აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო აბსურდულად გამოიყურება და გაუგებარი ხდება ჟურნალისტის ბრალდებაც ბიზნესის დატერორების შესახებ, რადგან მისი საუბრიდან საბოლოო ჯამში იქმნება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილს თავისივე კომპანიები და უახლოესი გარემოცვა ჰყავს დატერორებული.


სიუჟეტის ბოლოს მაყურებელს საშუალება ჰქონდა მოესმინა „მრეწველების“ ლიდერის, გოგი თოფაძის სატელეფონო კომენტარიც, რომელიც ერთადერთი შემომწირველი აღმოჩნდა, რომელიც „მთავარმა არხმა“ თემასთან დაკავშირებით ჩაწერა. თოფაძე ღიად ამბობს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ჩამოყალიბებიდან დღემდე მის გვერდით დგას და შემოწირულობის ოდენობის გაზრდასაც არ გამორიცხავს.


საბოლოო ჯამში, მაყურებელმა სიუჟეტში ვერ იხილა კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ გაჟღერებული მძიმე ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ჟურნალისტს არ უცდია დაეზუსტებინა ოპონენტების ბრალდებები ბიზნესისა და ხელისუფლების გარიგების შესახებ: სიუჟეტში არ დასახელებულა არც ერთი კონკრეტული ტენდერი, რომელიც „გარიგების“ მაგალითს წარმოადგენს და მაყურებელმა, ასევე, ვერ მოისმინა ინფორმაცია ვერც ერთი კომპანიის ან ბიზნესმენის შესახებ, რომლებიც, შესაძლოა, ხელისუფლების მხრიდან ტერორს განიცდიდნენ.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 648
0 Comments