წითელი ვერსია
  • 2
  • 8232

ვინ არ შეიმჩნია ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი?

13 აგვისტო 2020

განათლების პოპულარიზაცია მასმედიის გარეშე შეუძლებელია. ის, თუ როგორ და რამდენად შუქდება მედიაში განათლებასთან დაკავშირებული ამბები, შეიძლება ერთგვარი საზომადაც კი ჩაითვალოს, რამდენად პრიორიტეტულია საზოგადოებისთვის განათლების სფერო. თუმცა, ეს დაკვირვება მართებულია იმ შემთხვევაში, როცა მედია ადეკვატურად ასახავს საზოგადოების მოთხოვნებს და საჭიროებებს.


სამწუხაროდ, ქართული მედია საკმაოდ იშვიათად აშუქებს სიახლეებს განათლების შესახებ, თუმცა ეს ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი სიახლეები არ არსებობს. ზოგჯერ ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან შეუმჩნეველი რჩება საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბებიც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ესა თუ ის ინფორმაცია, უბრალოდ, შეუსაბამოა კონკრეტული, პოლიტიზირებული მედიასაშუალების დღის წესრიგისთვის.


ასე მოხდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) შემთხვევაშიც, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტია და რომელიც უკვე მზადაა მიმდინარე წლის შემოდგომიდან სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღოს.


სავარაუდოდ, იმის გამო, რომ უნივერსიტეტის მშენებლობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებულია, 12 აგვისტოს, როცა სასწავლებელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს, ინფორმაცია იმის შესახებ რომ პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა, უნივერსიტეტი ფუნქციონირებას იწყებს და შემოდგომაზე სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად ემზადება, საერთოდ ვერ მოხვდა „მთავარი არხისა“ და ტვ „პირველის“ შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებებში.


პროექტის მასშტაბი და მნიშვნელობა რომ განვმარტოთ, კომპლექსი 153 ჰექტარზეა გათვლილი და მოიცავს აკადემიურ კორპუსებს, საერთო სამუშაო სივრცეებს, ბიბლიოთეკებს, საცხოვრებლებს სტუდენტებისა და აკადემიურ-ადმინისტრაციული პერსონალისთვის, კაფეტერიებს, სპორტულ ინფრასტრუქტურას, შიდა დამაკავშირებელ გზებს და ა.შ.


ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა, რომელშიც ივანიშვილის ოჯახმა მილიარდი ევროს ქველმოქმედება გასწია, ეტაპობრივად მიმდინარეობს. მომდევნო ეტაპზე, უნივერსიტეტის ბაზაზე, სიმსივნესთან პროტონული თერაპიის საშუალებით ბრძოლისა და ადრონული თერაპიის ცენტრი დაარსდება, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად, ჩატარდება თანამედროვე კვლევები სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან და კვლევით ცენტრებთან.


ამ მასშტაბის პროექტის იგნორირება ზემოხსენებული ორი არხის მხრიდან, მით უფრო საკვირველია იმ ფონზე, როცა აღნიშნული პროექტი დაანონსების შემდეგ არაერთხელ გამხდარა არაობიექტური კრიტიკისა თუ ცილისწამების სამიზნე და იგივე მედიასაშუალებები, როგორც წესი, საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ უნივერსიტეტი დიდი ალბათობით საერთოდ არ შენდება და ა.შ.


აღსანიშნავია, რომ იმ დღეს, როცა საზოგადოებამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მზადყოფნაში მოყვანილი ნაწილი იხილა, „მთავარი არხის“ შემაჯამებელ გამოშვებაში განათლების თემაზე სიუჟეტი ნამდვილად მომზადდა, თუმცა ამ სიუჟეტიდან მაყურებელმა გაიგო არა ქუთაისის უნივერსიტეტის შესახებ, არამედ მოისმინა კიდევ ერთი შემაშფოთებელი პროგნოზი, რომ „კოვიდეპიდემიის ახალი კერების გაჩენის გამო, სასწავლო პროცესის ტრადიციულ დროსა და რეჟიმში განახლება, შესაძლოა, ვეღარ მოხერხდეს“.


ცნობისათვის, მედიასთან არც პრემიერი და არც განათლების მინისტრი ამ ვარაუდს არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არ არის ისეთი მოცემულობა, რომ სწავლა 15 სექტემბერს არ დაიწყოს.


ხათუნა კიღურაძე
  • 2
  • 8232
0 Comments